რა დაასტიმულირებს წიაღისეულისა და სამთო მოპოვებას გარემოსდაცვითი ფორმით – კვლევა

“საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდა. კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა – საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი. აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები. აქვეა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაც, რომელიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, მტკიცებით, ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იმგვარ მოწყობას, რომელიც თბილისისთვის, კვლევის ავტორის აზრით, ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი გახდება. კვლევაში ხაზგასმულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაც. დეტალურადაა გაწერილი ტურიზმის სექტორის პრიორიტეტებიც. დეტალიზებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურაში საჭირო პრიორიტეტები. კვლევის მიღმა არც ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის პრიორიტეტები დარჩენილა, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ნარჩენების მართვა. აქვე წარმოდგენილია პრიორიტეტები რეგიონული განვითარების საკითხებსა და აგრარულ პოლიტიკაში.
რამდენიმე პრიორიტეტი სახელდება გარემოსდაცვით ინფრასტრუქტურაშიც და ამავე კონტექსტში შემოდის სამთო მოპოვებისა და წიაღისეულის მოპოვების სექტორებში გარემოსდაცვითი ნორმების აუცილებლობაც, რაც, თავის მხრივ, ბიძგს მისცემს ამ სფეროს სწორად და ინტენსიურად განვითარებას.
კვლევის მიხედვით, წიაღისეულისა და სამთო მოპოვების პრიორიტეტებია:
პრიორიტეტი 1. წიაღისეულის მოპოვებისას რეკულტივაციის პროექტის წარმოდგენა
წიაღისეულის მოპოვებისას რეკულტივაციის პროექტის წარმოდგენა დაავალდებულებს ლიცენზიატს, ლიცენზიის მიღებისთანავე წარმოადგინოს საბადოს აღდგენის, დახურვისა და რეაბილიტაციის პროექტი, რათა გამოირიცხოს სალიცენზიო ფართობის აღდგენის გარეშე მიტოვების შემთხვევები. საბადოს აღდგენის მიზნით, დაინერგება ფინანსური გარანტიების მექანიზმი (ე. წ. Bonding სისტემა).
პრიორიტეტი 2. წიაღის მოპოვების როიალტის სისტემის დანერგვა
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საფასურის ანუ ყოველწლიური მოსაკრებლის გამოთვლის მოდელი შეიცვლება და გამოყენებული იქნება საბაზრო ფასზე დაფუძნებული როიალტის სისტემა. რომელიც დაეფუძვნება, არა წიაღის მოპოვების გეგმიდან გამომდინარე მოცულობას, არამედ ბუნებრივი რესურსის მოპოვების ფაქტობრივი შედეგებს. კომპანიები მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მიხედვით გადაიხდიან ყოველწლიურ მოსაკრებელს. ადგილობრივ ბიუჯეტზე დაკლდებული შემოსავალი, დაბალანსდება დონორების ფინანსური დახმარების საშუალებით. აღნიშნული მიდგომის გამოყენება, ერთის მხრივ, ბიძგს მისცემს გაცემული ლიცენზიების რაოდენობის ზრდას, მეორეს მხრივ, გაიზრდება, როგორც სამთომოპოვებით მრეწველობის სექტორში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე სამთოპოვებითი მრეწველობის პროდუქტების (ნედლი, დამუშავებული და ნახევრად დამუშავებული მინერალები) ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება.
პრიორიტეტი 3. სასარგებლო წიაღისეულის საბადოს შეთავაზება – ბიზნესს
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეირჩევა და აუქციონზე განთავსდება კომერციულად მიმზიდველი 500 საბადო. ბიზნესისთვის შეთავაზებული 500 საბადო უნდა შეირჩეს საექსპორტო ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალით, მათ შორის, სხვადასხვა სახის ლითონი, სამთო ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, პოლიმეტალები, მიწისქვეშა წყლები და ა.შ. ასეთი კუთხით ბიზნესისათვის შეთავაზების მიზანია საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებად.