გორში მდებარე კომპანია „ქართული ხიზილალა“ წელს რესტორნის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ალექსანდრე დადიანიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
კომპანიამ აკვაკულტურის მეურნეობა ჯერ კიდევ 2003 წელს გაიხსნა, თუმცა ხიზილალას წარმოება მოგვიანებით – 2011 წლიდან დაიწყო. „ქართული ხიზილალა“ ამ დრომდე სტაბილურად 70 ადამიანს ასაქმებს, თუმცა, სეზონიდან გამომდინარე, ზოგჯერ ეს რიცხვი იზრდება. „ქართულმა ხიზილალამ“ 2019 წელს რესტორანი „თევზის სახლიც“ გახსნა, სადაც სტუმრებს როგორც ხიზილალას, ასევე თევზის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
ალექსანდრე დადიანიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თევზის რესტორანს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის უცხოელი ვიზიტორები. შესაბამისად, ობიექტმა წელს რესტორნის გაფართოება და ადგილზე ახალი შენობის დამატება გადაწყვიტა.
“სარესტორნე სივრცეს ინფრასტრუქტურულად ვავითარებთ. გორში გვაქვს თევზის სახლი, რომელსაც ახალი შენობა უნდა დაემატოს. წლის განმავლობაში უცხოელები ჭარბობენ ტაილანდიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან, კერძოდ პოლოეთიდან, იტალიიდან და ა.შ. წელიწადში 100 000 ვიზიტორი მაინც გვყავს. შესაბამისად, ობიექტის გაფართოება გადავწყვიტეთ.
დაახლოებით, 2 თვეში სეზონი დაიწყება, რის შემდეგაც ჩვენი გაყიდვების გააქტიურებას ველოდებით“,- ამბობს დადიანიძე.
გარდა ამისა, წლის ბოლოს თბილისში თევზის მაღაზიის გახსნა იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. დადიანიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხარჯების კალკულაცია მიმდინარეობს, რის შემდეგაც ზუსტი ინვესტიცია ეცოდინებათ.
“თბილისში მაღაზიის გახსნას წლის ბოლოს ვგეგმავთ. დახლზე დაახლოებით 90% ჩვენი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენი, იმპორტირებული ესპანური და ბელგიური მაღალი ხარისხის ზღვის პროდუქტები იქნება განთავსებული. ასეთი მარკეტი გორში უკვე გვაქვს, თუმცა თბილისში ვაპირებთ ამ მაღაზიის საუკეთესო ვარიანტის გახსნას“, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
