“სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? – რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმაურება, სადაც საუბარი იყო წერტილოვან სანქციებზე.
“ფეიკებით”, კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომელმაც ჩემზე იმოქმედოს, ეს კი შეუძლებელია, მაგრამ დეზინფორმაციის მთელი სისტემა რომ მუშაობს, ხო ფაქტია?! ან ასეთი კანონების დაინიცირებისთვის, სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის… როგორც ჩანს, აქამდეც მივედით და ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე. ჩვენთვის მარტივად არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ყოველთვის გამარჯვებულები გამოვალთ, მთავარია მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე!