რა გამოწვევებია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში – ჯანდაცვის კომიტეტის თემატური მოკვლევა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოიკვლია საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და ის გამოწვევები, რაც ამ სფეროში არსებობს. თემატური მოკვლევის მიზანი იყო მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და მისი თანმხლები გამოწვევების გააანალიზება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლა და ა.შ.
“მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმამ დადებითი ეფექტი იქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე: დაიწყო ალტერნატიული სერვისების შემუშავება, დინამიკაში გაიზარდა სერვისებზე წვდომის გეოგრაფიული არეალი და მათი დაფინანსება. დღემდე რჩება გამოწვევები სხვადასხვა კუთხით, რომლებიც ითხოვს რეაგირებას. მათ შორისაა: დაფინანსების მოდელი; საკადრო რესურსები; გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა; სერვისების თანმიმდევრულობა, უწყვეტობა და ხარისხი; რეფერირების სისტემისა და ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ერთიანი მართვის სისტემის დახვეწა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს შორის დასახელდა დაფინანსების ნაკლებობა. ანგარიშს მიხედვით არსებული დაფინანსების დიდი წილი იხარჯება მოზრდილთა და ბავშვთა სტაციონარულ მომსახურებაზე, რაც მეტწილად, სამკურნალო პროცესს გულისხმობს. რეაბილიტაციას მინიმალური რესურსი ეთმობა. არ არსებობს არანაირი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს მკურნალობის შემდგომ ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციას.
დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოწვევებს შორის აღსანიშნავია სადაზღვევო კომპანიების მიდგომა: უმრავლესობა ფსიქიატრიულ სერვისებს გამონაკლის კატეგორიას მიაკუთვნებს და არ აფინანსებს. კერძო სადაზღვევო კომპანიები ნაკლებად მონაწილეობენ ფსიქიკური სერვისების დაფინანსებაში.
პრობლემურია საწოლფონდის რაოდენობა. ანგარიშს მიხედვით, შეზღუდული რესურსების გამო პაციენტებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა სტაციონარულ სერვისებზე და უწევთ ლოდინი. ფსიქიატრიულ საწოლებს იკავებენ ის პაციენტები, რომელთა გაწერაც ვერ ხერხდება არა კლინიკური მდგომარეობის, არამედ ალტერნატიული საცხოვრებლის არქონის გამო. ხშირად, ოჯახის წევრები უარს აცხადებენ პაციენტთა მიღებაზე.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას სახელმწიფო კლინიკებში, ვიდრე კერძოებში. სტაციონარული ცენტრების ნაწილში ფიქსირდება არაჰიგიენური, ღირსების შემლახველი და ანტისანიტარიული პირობები. მულტიპროფილურ კლინიკებში კი, ჩვეულებრივ, არ არის ინტეგრირებული ფსიქიატრიული განყოფილებები.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას აფერხებს სახელმწიფო ტენდერის გამოცხადების წესი კლინიკებისთვის: ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროში იწელება, რაც უარყოფითად აისახება სამუშაო პროცესზე.
ქვეყანაში არ არის საკმარისი სამედიცინო პერსონალი ამ მიმართულებით. განსაკუთრებით მწვავედ დგას სფეროში ახალგაზრდების მოზიდვის საკითხი. დეფიციტის მთავარ ფაქტორებად განიხილება არასაკმარისი დაფინანსება და რთული სამუშაო პირობები