რა გამოწვევებია სასტუმრო ბიზნესში? – მოსაზრება

სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაია წერეთელმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ სასტუმრო ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისსა და ზღვისპირეთში კარგი სეზონი შეინიშნებოდა, თუმცა ფასების კლების ფონზე, განსაკუთრებით, 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროების დატვირთვის პრობლემა არსებობდა.
„სეზონი გაიზარდა. ჩვენ აღარ ვართ სამ თვიანი სეზონის მიმართულება. განსაკუთრებით, ეს შავი ზღვისპირეთის მაგალითზე მინდა გითხრათ. ფაქტობრივად, სეზონი ადრეულ ივნისში დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. სექტემბრის დატვირთვა მხოლოდ 5%-ით ჩამორჩება აგვისტოს დატვირთვას, რაც საკმაოდ კარგია. ზოგადად, კარგი სეზონი იყო როგორც თბილისში, ასევე ზღვისპირეთში, თუმცა 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში დატვირთვის შემცირება შეინიშნებოდა, რადგან საფასო პოლიტიკის სწორად შერჩევა ვერ მოხდა.
საქმე ისაა, რომ სანომრე ფონდის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით შეიცვალა, განსაკუთრებით თბილისში. ამას ემატება Airbnb-ით გადაჭარბებული მიწოდება, ისეთი კატეგორიის ბინების, რომელიც არის ცენტრში და 3 ვარსკვლავიან სასტუმროებს საკმაოდ სერიოზულ კონკურენცია უწევენ. თავის გარკვეული როლი დიდმა სასტუმროებმაც ითამაშეს. მათ ბაზარზე მაღალი ფასის მიცემა ვერ გარისკეს და საკმაოდ დაბალ კატეგორიის ფასზე ჩამოვიდნენ, რომ რაოდენობა არ დაეკარგათ. შესაბამისად, მოთხოვნა მეტწილად დიდმა სასტუმროებმა ჩაყლაპა და პატარა სასტუმროები მნიშვნელოვანი დატვირთვის გარეშე დარჩნენ“,- განაცხადა წერეთელმა.
მან ასევე დასძინა, რომ ბიზნესის განვითარების კვალდაკვალ, ავიაკომპანიების რაოდენობა ქვეყანაში მზარდია, რაც მეტი ტურისტის ჩამოყვანას უზრუნველყოს.
„როდესაც ბიზნესი ვითარდება, ანუ რომელიმე ინდუსტრია გაცილებით სწრაფად მიდის წინ, ცხადია ამას უნდა მოჰყვეს ავიაკომპანიების და განსაკუთრებით ბიუჯეტური ავიაკომპანიების ზრდა ქვეყანაში, რაც ყოველთვის დიდი პრობლემა იყო. ამ შემთხვევაში, პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას იმდენი ავია კომპანია ემატება, რომ ისინი გაცილებით მეტ ტურისტს ჩამოიყვანენ.
რა თქმა უნდა დიდმა სასტუმროებმა უნდა იმუშაონ თავიანთ საფასო პოლიტიკაზე, რადგან პატარა სასტუმროებს თავიანთი ფასების გამო ჩრდილში აქცევენ. ცხადია, პატარა სასტუმროებს არ აქვთ გამოცდილება, რომ გლობალური დისტრიბუციის არხებზე გააკეთონ ისეთი ტიპის შეთავაზება, როგორიცაა წინასწარი შესყიდვის განსაკუთრებით დაბალი ფასი, რაც მათ გაყიდვებს გაზრდიდა. ასევე, ყველაფერი დამოკიდებულია საკადრო რესურსზე, რომელიც ან არ ჰყავთ, ან არ არის იმდენად განვითარებული, რომ პატარა სასტუმროებს ამ ტიპის პრობლემები მოუგვაროს. ყველა ჩართულმა მხარემ ერთად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში მოდიან, მათგან მაქსიმუმი მოგება მივიღოთ. თუ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა იქნება, მაშინ ყველას მოუნდება, რომ ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდეს“,- განაცხადა სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მაია წერეთლის ცნობით, საარჩევნო პერიოდში სასტუმროების დატვირთულობა მზარდია, ვინაიდან ამ პერიოდში ბევრი ღონისძიება იმართება და ს გამო, ბევრი ადამიანი ჩამოდის. მათი არჩევანი, ცხადია პატარა სეგმენტის სასტუმროში დარჩენა ნაკლებად არის. მისი თქმით, როდესაც დიდი სეგმენტის სასტუმროები შეივსება, ისინი შედარებით არაბრენდულ, მცირე სასტუმროებს მიაკითხავენ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კადრების მიმართულებით განვითარება, რადგან ამ კუთხით განსაკუთრებულად გვიჭირს. კადრების კვალიფიკაცია განაპირობებს სასტუმროს წარმატებას. თუ კი პატარა სასტუმროებს ექნებათ იმის ფუფუნება, რომ ბაზარზე არსებული უკვე კვალიფიციური კადრები მოიზიდონ, ეს ძალიან პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს“, – ამბობს მაია წერეთელი.