რა გამოწვევებია დასაქმების ბაზარზე? – ელგუჯა მელაძის პასუხი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ელგუჯა მელაძე აცხადებს, რომ საქართველოში კადრების პრობლემა ყოველთვის იყო და ვერ ხერხდება ამ გამოწვევის შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფა. ამის შესახებ მან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით გამართულ შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ბაზარზე არჩევანი ძალიან დიდია და უამრავი სამუშაო ადგილი აქვთ.
„კადრების დეფიციტი ყოველთვის იყო. მეწარმეები ყოველთვის ამბობდნენ, რომ გვაჩვენეთ სად არის უმუშევარი, რომ ყველას მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ ეკონომიკურ ცხოვრებაში და თავიანთი პროფესიული უნარები გამოავლინონ ამათუ იმ კომპანიაში. ანუ არჩევანი ძალიან დიდია, უამრავი სამუშაო ადგილი გვაქვს. სამწუხაროდ, ვერ ხდება იმ კადრის მიწოდება, რომელიც საჭიროა ასეთი გამოწვევებისთვის. ეს პროცესი კიდევ უფრო მწვავდება.
ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და შესაბამის სამინისტროსთან, სააგენტოებთან სწორედ ისეთი კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც ასევე ზუსტად უპასუხებს ამ გამოწვევა. რა თქმა უნდა განათლებაც, ეს არ არის მოკლევადიანი რაღაც გარკვეული პროგრამა, ამას გრძელვადიანი პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ. მაგრამ გარკვეული მოკლევადიანი პროექტებიც არის განსახორციელებელი. ვინაიდან, ჩვენ გვყავს გარკვეული კატეგორიის ადამიანები, რომლებიც სამუშაო ადგილს ეძებენ და ჩვენი მოვალეობაა, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა ხელი შევუწყოთ სამუშაო ადგილის პოვნაში, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვისაც“, – ამბობს ელგუჯა მელაძე.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ვაკანსიები არ შემცირებულა, არამედ პირიქით, იზრდება. თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ქვეყანაში და არა მხოლოდ, მთელ მსოფლიოში პროფესიები უქმდება და ბაზარზე ახალი პროფესიები შემოდის. შესაბამისად, მელაძის თქმით ამ გამოწვევას ყველამ უნდა უპასუხოს.