თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში ბავშვები ელექტრონულ მოწყობილობებს აქტიურად იყენებენ. ეს შესაძლოა, სწავლის პროცესში და გართობის მიზნით გამოსადეგი იყოს, მაგრამ როგორ აისახება ეკრანებთან გატარებული დრო მათ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე?
მეცნიერებმა ამის გასაგებად 23 წლის განმავლობაში განხორციელებული 33 კვლევა გააანალიზეს. ეს 12 წელზე ნაკლები ასაკის 30 000-მდე ბავშვის ტვინის გამოსახულებების შესწავლას მოიცავდა.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეკრანებთან ხანგრძლივი პერიოდის გატარება ტვინის პრეფრონტალურ ქერქში ცვლილებებს იწვევს. ეს ნაწილი ისეთ რთულ კოგნიტიურ ფუნქციებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ინდივიდუალობის გამოხატვა, გადაწყვეტილებების მიღება, სოციალური ქცევა და ა.შ.
გარკვეული გავლენა დაფიქსირდა საფეთქლის წილზეც, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს, მაგალითად, მახსოვრობაში, მეტყველებაში, ვიზუალურ აღქმაში და სხვა. ასევე, ცვლილებები შენიშნეს კეფისა და თხემის წილებშიც, რომელთაგანაც პირველი ვიზუალური, მეორე კი შეხებითი ინფორმაციის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი.
ახალი კვლევის თანახმად, ტექ მოწყობილობების ხანგრძლივად გამოყენება უარყოფითად ზემოქმედებს ყურადღებაზე, აღმასრულებელ, ამკრძალავ და კოგნიტიურ ფუნქციებზე, ასევე, ტვინის ფუნქციურ კავშირებზე. მეტყველებისა და კოგნიტიური კონტროლის ასეთი კავშირები მით უფრო მცირდება, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვები ეკრანებთან. ამან შესაძლოა, გონებრივი განვითარება შეაფერხოს.
აღმოჩნდა ისიც, რომ პლანშეტების მომხმარებელ ბავშვებს უჭირთ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც პრობლემის გადაჭრას გულისხმობს. 4 კვლევაში ტვინში უარყოფითი ცვლილებები გამოვლინდა ინტერნეტისა და ვიდეოთამაშების ჭარბი მოხმარების გავლენითაც.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს მხოლოდ საზიანო ეფექტები არ დაუფიქსირებიათ. ავტორებმა დაადგინეს, რომ ციფრულმა გამოცდილებებმა, მათ შორის ვიდეოთამაშებმა, შესაძლოა, ბავშვის ტვინის ფუნქციონირება პირიქით, გააუმჯობესოს კიდეც.
ისინი ამბობენ, რომ ეს მონაცემები აღმზრდელებმა და მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ. მათი თქმით, სასურველია, ეკრანებთან დიდი დროის გატარების აკრძალვის ნაცვლად უფრო ინოვაციური მიდგომები დაინერგოს, რომელთა დახმარებითაც ბავშვის ტვინის ჯანსაღ განვითარებას შევუწყობთ ხელს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Early Education and Development გამოქვეყნდა.