როგორც კომპანია Wishlist-ში BMG-ის განუცხადეს, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, დეკემბრის პირველ ორ კვირაში გაყიდვების მკვეთრი კლება დაფიქსირდა.
კომპანიის დამფუძნებლის, სალომე ქუთათელაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში გაყიდვები შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ წლის ბოლომდე ვითარება მკვეთრად გამოსწორდეს.
„დეკემბრის პირველ ორ კვირაზე რომ ვისაუბროთ, იმ პერიოდში კომპანიებმა, ვინც სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ, გათიშეს ან არც გაუშვეს საახალწლოდ გამზადებული სპეციალური რგოლები, მათ შორის, არც ჩვენ გაგვიშვია. რეკლამის გათიშვამ, რა თქმა უნდა, გაყიდვებში დიდი დანაკლისი გამოიწვია. ფაქტობრივად, ორმაგი ზრდა გვქონდა ჩადებული, სეზონურ პროდუქციაზე, საახალწლო პროდუქციასა და სათამაშოებზე. თუმცა, ზრდის ნაცვლად, განსაკუთრებით სათამაშოების სეგმენტში, შარშანდელთან შედარებით გაყიდვებში მინუს 20% გვქონდა. ამიტომ პროცესში კრიზის მენეჯმენტი ჩავრთეთ და ამ შაბათ-კვირას დიდი ფასდაკლებები გავუშვით, რომ ეს ძალიან დიდი დანაკლისი დაგვებალანსებინა. ბოლო რამდენიმე დღის ჭრილში სიტუაცია ასე თუ ისე გამოსწორდა, თუმცა იმ ორკვირიან ჩავარდნას დანარჩენი პერიოდი სავარაუდოდ, მაინც ვერ დააბალანსებს, რადგან კვლავ კრიზისული სიტუაციაა ქვეყანაში“ , – განაცხადა სალომე ქუთათელაძემ.