რა გავლენას მოახდენს ლარის კურსის ცვლილება ხორბლის ფასზე – ლევან სილაგავას პროგნოზი

„ლარის კურსის ფაქტორი, ხორბლის ფასზე შესაძლოა წნეხი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ვისაც ნედლეული შემოაქვს, ისინი ყიდულობენ ვალუტაში“ – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე განმარტა სქემაც თუ როგორ ხდება ფასწარმოქმნა. როგორც მან აღნიშნა ქვეყანაში შემოდის ვალუტაში ნაყიდი ხორბალი , იფქვება ფქვილი, შემდეგ ის ლარად იყიდება, ლარი ხურდავდება დოლარად და შემდეგ ისევ ხდება ხორბლის შეძენა.
„სქემას თუ განვიხილავთ, ეს რა თქმა უნდა, არის წნეხი. შესაბამისად, ეს არის ფაქტორი, რომელიც უფრო გაძვირების ტენდენციისკენ არის მიმართული. შესაძლოა, ფასის ზრდის ტენდენცია გვქონდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა იყოს განჭვრეტადი და ჩვენი ყურადღებაც სწორედ ამაზეა მიმართული.
როდესაც წისქვილები მუშაობენ, მარაგები ყოველთვის არის, იმიტომ რომ ისინი ქმნიან მარაგებს თავისი ბიზნეს პროცესიდან გამომდინარე, ახლაც არის მარაგი თვეზე და ცოტა მეტის. ახლა ყველგან მათ შორის საქართველოშიც მოდის ხორბალი, შესაბამისად ხორბლის ათვისების ტენდენცია წავა და აქედან გამომდინარე ეს ნიშნავს, რომ იმპორტირებულ ხორბალთან ერთად თამი შედის ადგილობრივი ხორბალი და თავისთავად ცხადია ამას ითვალისწინებს ბიზნესი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ერთ თვიან მარაგს, რომელიც დღეს არსებობს ემატება დაახლოებით ორთვიანი მარაგი, შესაბამისად ჩვენ პრობლემა არ გვაქვს.“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ.
რაც შეეხება ფასებს, სილაგავა განმარტავს, რომ ფასი ჩამოყალიბდება ბაზრიდან გამომდინარე, მათ შორის იმპორტთან სწორდება ანალოგიური ხარისხის ხორბლის ფასი.
„შარშანდელიდან მოყოლებული ქვეყანაში მოქმედებს ის ფორმულა, რომელიც სამი სექტორის დაბალანსებულ მუშაობაზეა აწყობილი. დღესდღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი არის 47-48 ლარი , სამიზნე ფასი, რომელმაც პურის გაძვირება შეიძლება გამოიწვიოს, 52-53 ლარია, რაც ჯერჯერობით საკმაოდ შორსაა.“- აღნიშნა ლევან სილაგავამ.