რა გავლენას მოახდენს ევროინტეგრაციის შეფერხება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე? – პატენტრწმუნებულთა მოსაზრება

იქცევა თუ არა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ევროინტეგრაციის შესაძლო შეფერხება გამოწვევად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში გიორგი თაქთაქიშვილი და ნიკოლოზ გოგილიძე საუბრობენ.
პატენტრწმუნებული გიორგი თაქთაქიშვილი განმარტავს, რომ “საქპატენტის” სტრუქტურის ბოლო დროის მთავარი პროექტი სწორედ დასავლური დაფინანსებით შეიქმნა, დასავლური ფონდების საქართველოდან გასვლა კი ინტელექტუალური საკუთრების სფეროსაც შეეხება.
“ვიცით, რომ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ყოველგვარი ტექნიკური დახმარება სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის და სტრუქტურებისთვის შეჩერებულია – ეს თანაბრად ეხება ინტელექტუალური საკუთრების სფეროსაც.
არადა, დასავლურ დახმარებაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ თუ ჩვენი სფეროთი შემოვიფარგლებით, ბოლო წლებში, საქპატენტში ყველაზე პროგრესული რაც მოხდა, ელექტრონული ფაილინგის სისტემის შექმნაა, ანუ ვებგვერდის, რომელზეც საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და სხვა ობიექტების ონლაინ ბაზაა განთავსებული – ეს ყველაფერი ამერიკული დაფინანსებითაა გაკეთებული.
ეს ყველაფერი, ალბათ, ხვალიდან აღარ იქნება. როდის მივა ეს ტალღა კერძო სექტორამდე, ან მივა თუ არა საერთოდ, ეს რთული სათქმელია. რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ აშშ-ს მხრიდან ტექნიკური დახმარება შეჩერებულია”, – ამბობს თაქთაქიშვილი.
ნიკოლოზ გოგილიძე აღნიშნავს, რომ უცხოური კომპანიების მიერ საქართველოში საკუთარი პატენტის დარეგისტრირებისას, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
“როდესაც ჩვენ სხვადასხვა ინტელექტუალური საკუთრების მქონე დიდ კომპანიებს ვესაუბრებით, მათ საქართველოში ჩამოსვლასა და აქ საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში, პირველ რიგში, აქ არსებული სწრაფი და ეფექტური სერვისებით ვარწმუნებთ – მათი არსებობა კი აბსოლუტურად აშშ-ის დამსახურებაა. მათი დაფინანსებითა და გამოცდილებით მოხდა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის პროცესში საქმის წარმოება სრულად ელექტრონულად გადაიტანა.
მეორე, რითაც კომპანიებს ვარწმუნებთ ისაა, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, რაც ინვესტორისთვის ქვეყანას საინტერესოს ხდის. ამას ემატებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რაც საერთაშორისო კომპანიებისთვის მთავარი იყო. თუ შენ გაქვს პერსპექტივა, რომ 5-10 წელიწადში $500 მილიონიანი ბაზრის წევრი გახდე, მათ უკვე უნდა დაიწყონ ინტერესის გამოხატვა.
ამიტომ, თუ ყველაფერი ნეგატიურ კონტექსტში წავა და ამერიკა და ევროკავშირი საქართველოში თავიანთ ინტერესს ვეღარ იპოვიან, ამას მოჰყვება მათგან პრიორიტეტების გადახედვა და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად კომპანიები აირჩევენ ქვეყანას, სადაც არის სწრაფი სერვისები, კანონის ეფექტური აღსრულება და ასევე, გაითვალისწინებენ, რამდენად ვართ იმ სამყაროს წევრი, სადაც მათ თავიანთი უფლებების დაცვა სურთ”, – განმარტავს ნიკოლოზ გოგილიძე.
“საქმიანი დილას” სტუმრები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სერვისები, მათ შორის, საქპატენტი, შემოსავლების სამსახური, სახელმწიფო საბაჟოს სერვისები, დასავლური დაფინანსებით განვითარდა და იმედოვნებენ, რომ პროგრესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.