7-წლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ზვიად დევდარიანის სარჩელი განხილვა. გადაწყვეტილება გუშინ, 19 მაისს, მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.
დევდარიანი 11 ქალს პატივისა და ღირსების შელახვას უჩიოდა. მათ შორის, მათ, ვინც მისი მხრიდან სექსუალურად შევიწროებაზე განაცხადეს.
11-დან 7 ქალის შემთხვევაში სასამართლომ მისი არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, 4 ქალის შემთხვევაში კი – მხოლოდ ნაწილი.
19 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ოთხს ქალს – ბაია პატარაიას, იდა ბახტურიძეს, თამარა ჩერგოლეიშვილსა და თამუნა ყურაშვილს დაევალათ, უარყონ დევდარიანის შესახებ საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული განცხადებები. ჩერგოლეიშვილისა და ბახტურიძის შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ზვიად დევდარიანი ქალებს სექსუალურად ავიწროებდა, პატარაიასა და ყურაშვილის შემთხვევაში კი იმაზე, რომ ის ქალებზე ძალადობდა.
ოთხივე ამ ქალისგან დევდარიანი სხვა განცხადებების უარყოფასაც ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ თითოეულს მხოლოდ თითო განცხადების უარყოფა დაავალა. მაგალითად, უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ფრაზა, რის გამოც უჩივლეს არის ის, რომ მან დევდარიანი მანიაკად მოიხსენია. სასამართლო ეს ცილისწამებად არ ჩათვალა და ბახტურიძეს მისი უარყოფა არ დაავალა, მაგრამ დაავალა უარყოს ფრაზა, რომ “ზვიად დევდარიანი ქალებს ავიწროებდა”. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანუ დევდარიანის მიერ ქალების შეურაცხყოფა სახალხო დამცველმა დაადასტურა.
“ჩემი ერთ-ერთი განცხადება იყო, რომ – ეს, მგონი, პოსტად მეწერა – ზვიად დევდარიანი მანიაკია. ეს არ დააკმაყოფილა [სასამართლომ] და დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ უარვყო ნათქვამი – “ზვიად დევდარიანი ქალებს ავიწროებდა”. ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ მსხვერპლებისგან ითხოვდა უარყოფას. რომ დაედასტურებინა სასამართლოს [დევდარიანის სასარჩელო მოთხოვნა], პრაქტიკულად, მოხდებოდა სახალხო დამცველის გადაწყვეტილების გადახედვა. ეს იქნებოდა ძალიან ცუდი პრეცედენტი და ყველაზე მეტად ამის გვეშინოდა”, – თქვა იდა ბახტურიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
11-დან რამდენიმე ქალის ინტერესებს იცავდა ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR), ნაწილის კი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია). საია-ს იურისტი, ტატა ჭანკვეტაძე ამბობს, რომ დევდარიანმა სარჩელი რამდენჯერმე ჩაასწორა და მოთხოვნები შეცვალა/შეამცირა.
ადვოკატი განმარტავს, რომ ცილისწამების დასადასტურებლად საჭიროა ორი ფაქტორის დამტკიცება:
· განზრახვა უნდა იყოს პატივისა და ღირსების შელახვა;
· ამ განზრახვის განსახორციელებლად უნდა გაავრცელო არასწორი ფაქტები.
ტატა ჭანკოტაძის თქმით, ზვიად დევდარიანი ვერ ასაბუთებდა ვერცერთ ამ ფაქტორს, ვერცერთი ქალის წინააღმდეგ.
“ჩვენი პოზიცია იყო ამგვარი, რომ ყველა, მსხვერპლების გარდა, დანარჩენი მოპასუხეების შეფასებები – რის უარყოფასაც მათგან ითხოვდა ზვიად დევდარიანი – იყო განპირობებული მსხვერპლი ქალებისგან მოსმენილი ისტორიებით. მათ შორის, სახალხო დამცველის დასკვნებით, რომლის შინარსი იყო, რომ დადგინდა კონკრეტული პირების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი. თავის მხრივ, ამ შეფასებების მიზანი იყო ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება. ანუ არავითარი მიზანი ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვის მათ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. ანუ, არა თუ ფაქტების არასწორ გავრცელებას არ ჰქონია ადგილი, არამედ არავითარი განზრახვა არ ყოფილა. მათ გააკეთეს შეფასებები, რომლებიც ფორმულირდა მას შემდეგ, რაც მოისმინეს მსხვერპლი ქალების ისტორიები”, – განმარტავს ტატა ჭანკოტაძე.
დასაბუთება მხარეებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ. ამიტომ, ჩვენ არ ვიცით რას დააფუძნა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ იდა ბახტურიძე და თამუნა ყურაშვილი დავის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ. სავარაუდოდ, დავას გააგრძელებენ ბაია პატარაია და თამარა ჩერგოლეიშვილიც.
ზვიად დევდარიანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელობდა, 2018 წლის გაზაფხულზე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს, “ნეტგაზეთმაც” ჩაწერა ინტერვიუ.
ამის პარალელურად, ზვიად დევდარიანმა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებისთვის უჩივლა 11 ქალს. მათ შორის ოთხი არის ის ქალი, რომლებმაც ის სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს. სასამართლო დევდარიანის სარჩელს 7 წლის განმავლობაში განიხილავდა. ამ პერიოდში, გავრცელებულ ინფორმაცია მოკვლევა ჩაატარა სახალხო დამცველმა და დაადგინა, რომ ზვიად დევდარიანი ნამდვილად ავიწროებდა ქალებს.
ამავე თემაზე:
· რაში ადანაშაულებენ ზვიად დევდარიანს – კონფიდენციალური ისტორიები
· სასამართლოში რეპუტაციის შელახვაზე ზვიად დევდარიანის საჩივრის განხილვა დაიწყო
