ყოველ ახალ წელს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ახალი რეგულაციებით ხვდება. იცვლება წესები როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ცხადია, გამონაკლისი არც 2026 წელი ყოფილა.
„ბიზნესპრესნიუსი“ წერს ძირითად რეგულაციებზე, რომლებიც მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში წელს შედის ძალაში და რომელიც გარკვეულწილად საქართველოს მოქალაქეებზეც აისახება.
რომის, ფლორენციის, ვენეციის შემდეგ, ე.წ. key box-ები მილანშიც აიკრძალა
2026 წლის 1-ლი იანვრიდან მილანში თვითრეგისტრაციის გასაღებების ყუთები, ე.წ. key box-ები აიკრძალა. როგორც Travel Tomorrow წერს, ცვლილება იმ მოგზაურებსა და დამსვენებლებს ეხება, რომლებიც მილანში მოკლე ვადით საცხოვრებლის დაქირავებას გეგმავენ.
გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოებრივი სივრცეების მთლიანობისა და იერსახის შენარჩუნებაა. აკრძალვა კი ნიშნავს, რომ კერძო მეიჯარეებს, რომლებიც ბინებს ან სახლებს აქირავებენ ვიზიტორებისთვის, აღარ შეეძლებათ ქონების გარე მხარეს კოდირებული გასაღების ყუთების დამონტაჟება, რათა სტუმრებმა შეძლონ შესვლა ფინანსური ჯარიმის რისკის გარეშე.
ცვლილება ვრცელდება ნებისმიერ კერძო ნაგებობაზე, რომელიც გადაჰყურებს ან გადის საზოგადოებრივ სივრცეებზე.
მილანი ბოლოა იმ ქალაქებს შორის, რომლებმაც აკრძალეს მოკლევადიანი გაქირავების ისეთი ასპექტები, რომლებიც, მათი აზრით, ადგილობრივ ცხოვრებაზე არაპროპორციულ გავლენას ახდენს. იტალიის სხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში, ასევე აკრძალეს გასაღების ყუთები. საუბარია ბოლონიაზე, ფლორენციასა და ვენეციაზე.
სახლის მესაკუთრეები, რომლებიც აკრძალვის ძალაში შესვლამდე ასეთ მოწყობილობებს არ მოხსნიან, 100-დან 400 ევრომდე ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაც მოუწევთ.
აშშ სამუშაო ვიზის მიღების წესს ცვლის
2026 წლიდან აშშ H-1B-ის ვიზების ლატარიის წესებს ცვლის. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური ამ გადაწყვეტილების მიზეზად იმას ასახელებს, რომ „H-1B-ის ვიზებზე განაცხადების შემთხვევითი შერჩევის ამჟამინდელ მექანიზმს აშშ-ის დამსაქმებლები ბოროტად იყენებენ და, ძირითადად, უფრო დაბალ ხელფასზე მომუშავე უცხოელი მუშაკების მიზიდვას ცდილობენ, ვიდრე აშშ-ის მოქალაქეებს გადაუხდიდნენ.“
ტრადიციულად H-1B-ის ვიზები ლატარიის საშუალებით გაიცემა. აშშ ყოველწლიურად 65 000-მდე ახალ H-1B-ის ვიზას და დამატებით 20 000 ვიზას მაგისტრის ხარისხის ან უმაღლესი განათლების მქონე აპლიკანტებისთვის გასცემს.
უწყების ცნობით, ახალი სისტემა „შეწონილი შერჩევის მექანიზმს შემოიღებს, რაც იმის ალბათობას გაზრდის, რომ H-1B-ის ვიზებს უფრო კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი უცხოელი სპეციალისტები მიიღებენ.“ ის 2026 წლის 27 თებერვალს შევა ძალაში და რეგისტრაციის უახლოეს სეზონზე წლიური H-1B-ის კვოტის ფარგლებში იქნება გამოყენებული.
2025 წელს H-1B-ის ვიზების ყველაზე დიდი მიმღები კომპანია, Amazon იყო, რომელსაც 10 000-ზე მეტი ნებართვა დაუმტკიცდა. მას მოსდევს კომპანიები, Tata Consultancy Services, Microsoft, Apple და Google. H-1B-ის ვიზების მქონე მუშახელის ყველაზე დიდი კონცენტრაცია კალიფორნიის შტატში ფიქსირდება.
ცნობისთვის: 18 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა „მწვანე ბარათის“ ლატარიის (Diversity Visa Program) შეჩერების ბრძანება გამოსცა. ასევე, სექტემბერში მან კვალიფიციური უცხოელი მუშახელის H-1B-ის ვიზების განსახილველად 100 000 დოლარის ოდენობის საფასურის, ხოლო მდიდრებისთვის 1 მლნ დოლარის სანაცვლოდ „ოქროს ბარათების“ შემოღება გამოაცხადა.
რუსული ზეთის საექსპორტო გადასახადი 36.5%-ით გაიზარდა
რუსული მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 2026 წლის იანვარში 36.5%-ით გაიზარდა და ტონაზე 9.298.6 რუბლი (119 დოლარი) შეადგინა, მაშინ, როცა დეკემბერში 8.214.5 რუბლი იყო (105 დოლარი). ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მზესუმზირის შროტზე გადასახადი ისევ განულდება. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 29 ივლისიდან 31 აგვისტომდე მზესუმზირის ზეთისა და შროტის ექსპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი მოქმედებდა, რაც 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა.
რუსეთმა „მზესუმზირის დემპერის“ მექანიზმი 2021 წლის 1 სექტემბერს შემოიღო. თავდაპირველად გადასახადი დოლარებში იანგარიშებოდა, თუმცა 2022 წლის ივლისიდან ისინი რუბლებში გამოითვლება.
2024 წლის აგვისტოში მცურავი გადასახადები ჯერ ორი წლით, 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდა, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში მთავრობამ ისინი 2028 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული ზეთის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსულია. შესაბამისად, გაძვირებული საექსპორტო გადასახადი ჩვენზეც აისახება და გამორიცხული არაა, რომ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთიც გაძვირდეს.
რომში ტრევის შადრევანი ფასიანი ხდება – ტურისტები 2 ევროს გადაიხდიან
2026 წლის 1-ელი თებერვლიდან რომის ექვსი აქამდე უფასო ძეგლის, მათ შორის, ცნობილი ტრევის შადრევნის მონახულება ტურისტებისთვის ფასიანი ხდება. გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, რობერტო გუალტიერიმ გამოაცხადა, რასაც Ansa ავრცელებს. მაგალითად, ტურისტებს ტრევის შადრევვნის წინა აუზთან მოსახვედრად 2 ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო ღამით მისი მონახულება კვლავ უფასო იქნება.
ტრევის შადრევანი უკიდურესად პოპულარული ტურისტული ლოკაციაა: გასულ წელს მას 9 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც დღეში, საშუალოდ, 30 000 ვიზიტორია. შადრევნის შესანარჩუნებლად და ხალხმრავლობის შესამცირებლად ვიზიტორები ორ რიგად დაიყოფიან. კერძოდ, რომაელები შადრევანს უფასოდ მოინახულებენ, ხოლო უცხოელები ბილეთს შეიძენენ.
მოელიან, რომ მხოლოდ ტრევის შადრევნის ბილეთები ქალაქს წელიწადში, დაახლოებით, 6,5 მლნ ევროს მოუტანს, ხოლო მთლიანი დამატებითი შემოსავალი წელიწადში 10-20 მლნ ევროს მიაღწევს.
რომისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებისთვის ამ ადგილებზე შესვლა უფასო დარჩება.
მთელი შემოსავალი მუზეუმებისა და ძეგლების შეკეთება-შენახვისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფონდში გადაირიცხება.
საფრანგეთი მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბრუნო რეტაიომ წარადგინა ცირკულარი, რომელიც ქვეყნის მოქალაქეობის მიღების პირობებს ამკაცრებს. კერძოდ, ნატურალიზაციის პროცედურის გავლის მსურველთა კრიტერიუმები იგივე რჩება, თუმცა მათი შესრულება უფრო რთული იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას 34travel ავრცელებს.
საფრანგეთში სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი თავისი დეკრეტით არის პასუხისმგებელი იმ უცხოელი მოქალაქეების ნატურალიზაციაზე, რომლებიც საფრანგეთში რამდენიმე წელია, ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღება სურთ. მინისტრი, ასევე, პასუხისმგებელია მოქალაქეობის მინიჭებაზე ქორწინების შემთხვევაში ან საფრანგეთის მოქალაქესთან ნათესაური კავშირის საფუძველზე.
განახლებულ დოკუმენტში წერია, რომ ფრანგულ საზოგადოებაში მისაღებად განმცხადებელმა თავისი ინტეგრაცია უნდა აჩვენოს, კერძოდ, სრულად უნდა იცავდეს რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს, პატივს სცემდეს კანონებს, მათ შორის, ნორმებს, რომლებიც ქვეყანაში უცხოელთა შესვლასა და ყოფნას არეგულირებს. ასევე, გრძელვადიანი ფინანსური თვითკმარობის დემონსტრირება შეძლოს.
ბრუნო რეტაიომ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მსურველებს უნაკლო რეპუტაცია უნდა ჰქონდეთ. მან პრეფექტებს მოუწოდა, არ მიიღონ იმ უცხოელების განაცხადები, რომლებიც ადრე საფრანგეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ამასთან, მინისტრი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 21-27-ე მუხლების თანახმად, საფრანგეთის მოქალაქეობა არ შეიძლება, მიენიჭოს ტერორიზმისთვის მსჯავრდებულ პირებს და მათ, ვისაც თავისუფლების აღკვეთა ექვსთვიანი ან მეტი ვადით, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე აქვს მისჯილი.
ქვეყანა, ასევე, B1-იდან B2-მდე ზრდის ფრანგული ენის ცოდნის მინიმალურ დონეს, რომელიც მოქალაქეობის მისაღებად არის საჭირო.
კიდევ ერთი სიახლე სავალდებულო სამოქალაქო გამოცდის (examen civique) ჩაბარებაა. ის როგორც მოქალაქეობის, ასევე, მრავალწლიანი ბინადრობის ნებართვის ან რეზიდენტის ბარათის მიღებაზე პირველადი განაცხადის შეტანისას იქნება საჭირო. გამოცდა საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და პრინციპების ცოდნას შეაფასებს.
ხელისუფლება, ასევე, შეამოწმებს, აქვს თუ არა განმცხადებელს სოციალური შეღავათებისგან დამოუკიდებლად სტაბილური და საკმარისი შემოსავალი. განსაკუთრებული ყურადღება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კანდიდატის პროფესიულ აქტივობას დაეთმობა. იმ პირთა განაცხადები, რომლებსაც ძირითადი შემოსავალი საზღვარგარეთიდან შესდით, როგორც წესი, უარყოფილ იქნება.
განახლებული პირობები 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში.
ბულგარეთი ევროზე გადადის
ევროკომისიისა და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, ბულგარეთი 2026 წლიდან ევროზე გადავა, რაც მას ბლოკში ევროზონის 21-ე წევრ სახელმწიფოდ აქცევს.
კონვერგენციის ანგარიშში, რომელიც ევროზონის დანარჩენ ქვეყნებთან ბულგარეთის ეკონომიკის შესაბამისობას აღწერს, ევროკომისია წერს, რომ სოფიამ ერთიან ვალუტაზე გადასვლის პირობები დააკმაყოფილა, რომელსაც 20 ევროპულ ქვეყანაში 347 მლნ ადამიანი იყენებს.
ასევე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ცალკე ანგარიშში დაადასტურა, რომ ბულგარეთი ევროზონაში გაწევრიანების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
კერძოდ, ქვეყანა აკმაყოფილებს ოთხ ძირითად კრიტერიუმს, რომლებიც ცნობილია, როგორც „მაასტრიხტის“ კრიტერიუმები. ეს არის ინფლაცია, სახელმწიფო ფინანსები, საპროცენტო განაკვეთები და გაცვლითი კურსი.
ევროკავშირის ორი ინსტიტუტის დადებითი შეფასება ბულგარეთისთვის ევროს შემოღებისკენ გადადგმული ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2020 წლის ივლისში ევროპის გაცვლითი კურსის მექანიზმ II-ს (ERM II) შეუერთდა.
ცნობისთვის: ევროზონა ევროკავშირის ფულადი გაერთიანებაა, რომელიც ამჟამად ბლოკის 20 ქვეყანას აერთიანებს. მათი ოფიციალური ვალუტა ევროა. ევროპის სავალუტო კავშირმა ფუნქციონირება 1999 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო, როცა ერთიანი ევროპული ვალუტა, ევრო უნაღდო მიმოქცევაში შევიდა.
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე რუსეთის მოქალაქეებს პოლონეთში შესვლა აეკრძალათ
2026 წლის 1-ელი იანვრიდან პოლონეთმა ბიომეტრიული ჩიპის არმქონე რუსეთის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების აღიარება შეწყვიტა. შესაბამისად, მათ ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში წერია.
ასევე, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან პოლონეთი რუსეთის იმ მოქალაქეების ხუთწლიანი პასპორტების აღიარებას შეწყვეტს, რომლებსაც ბიომეტრიული ჩიპი არ აქვთ. ასეთი პასპორტების მქონე რუსებს პოლონეთში შესვლა, ასევე, აეკრძალებათ.
ხუთწლიანი პასპორტების მქონე რუსებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა ევროპის რიგმა ქვეყნებმა წელსვე აკრძალეს. ესენია: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, დანია და ისლანდია. ამ ქვეყნებს 2026 წლის 1 იანვრიდან რუმინეთი და გერმანიაც შეუერთდება.
2025 წლის 6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრებისთვის ემზადებოდა, ხოლო 7 ნოემბერს ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეების უმეტესობისთვის შენგენის ზონის მრავალჯერადი ვიზების გაცემა აკრძალა.
ცნობისთვის: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებში რუსი დიპლომატების გადაადგილება შეზღუდა.
Turkish Airlines-ი ერევანში პირდაპირ ფრენებს იწყებს
თურქეთის ფლაგმანური ეროვნული ავიაკომპანია, Turkish Airlines 2026 წლის 11 მარტიდან სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.
ამის შესახებ თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხურ-თურქულ ურთიერთობებში, სერდარ ქილიჩმა განაცხადა, რასაც Vesti-Baku ავრცელებს.
თავდაპირველად Turkish Airlines ყოველდღიურ რეისებს კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. 14 მაისიდან სიხშირე კვირაში 10 რეისამდე, ხოლო 14 ივნისიდან კვირაში 14 რეისამდე გაიზრდება.
ქილიჩის შეფასებით, ავიარეისების დაწყება ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ამჟამად სტამბოლსა და ერევანს შორის რეისებს თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines ასრულებს. თუმცა Pegasus-ისგან განსხვავებით, რომელიც საბიჰა გიოქჩენის აეროპორტიდან დაფრინავს, Turkish Airlines რეისებს სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შეასრულებს. ცნობისათვის, Pegasus Airlines ერევანში რეგულარულ ფრენებს 2023 წლის იანვრიდან ახორციელებს.
რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, ავიაკომპანიის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, სტამბოლი-ერევნის მიმართულებიღთ ერთი გზის ღირებულება 176 დოლარია.
თურქეთმა სომხეთთან საზღვარი ნაწილობრივ გახსნა
2026 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთმა სომხეთთან საზღვარს ნაწილობრივ, მხოლოდ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის გახსნა. ამის შესახებ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებში თურქეთის სპეციალური წარმომადგენლის, სერდარ კილიჩის წინადადებებისა და განზრახვების პაკეტში წერია, რომელიც მან ერევანს წარუდგინა.
ინფორმაციას გაზეთი „ჰრაპარაკი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ხოლო საზღვარი 1993 წლიდან ანკარის ინიციატივით არის ჩაკეტილი. ქვეყნებს შორის გართულებული ურთიერთობა რიგმა გარემოებებმა განაპირობა, როგორიც არის ანკარის მიერ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციის მხარდაჭერა და თურქეთის მკაცრი რეაქცია 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესზე.
2022 წლის 1-ელ ივლისს, ვენაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერ რუბენ რუბინიანსა და აშშ-ში თურქეთის მაშნდელ ელჩ სერდარ კილიჩს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის რაც შეიძლება, მალე გახსნის შესახებ. თუმცა ეს შეთანხმება დღემდე არ ამოქმედებულა.
ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, მრავალი წლის შემდეგ პირველად სომხეთმა მარგარას საკონტროლო-გამშვები პუნქტით ჰუმანიტარული ტრანზიტისთვის თურქეთთან საზღვრის მონაკვეთი დროებით გახსნა, რომ სირიაში თურქული ტვირთი შესულიყო.
ასევე, ნოემბერში თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს ყარსი-გიუმრის რკინიგზის აღდგენის შესახებ, რომელიც 1989 წლის ნოემბერში ყარაბაღის კონფლიქტის გამო დაიხურა და გაუქმდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი




