სლოვენიელი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი Procejct Syndicate-ზე აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით: „პროტესტის ახალი სახე“. სტატიაში ჟიჟეკი სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომელიც რაც ქალაქ ნოვი სადში ახლად რეაბილიტირებულ სარკინიგზო სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. შემთხვევამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჟიჟეკი სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, ევროკავშირს, რომელმაც აქტიურად დაუჭირა მხარი საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, აკრიტიკებს და სთხოვს, სერბ სტუდენტებსაც გამოუცხადონ მხარდაჭერა. ის სერბეთში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს ასე აღწერს:
„რა აქცევს ამ დემონსტრაციებს უნიკალურად? დემონსტრანტები სულ იმეორებენ: „ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური მოთხოვნები და თავი შორს გვიჭირავს ოპოზიციური პარტიებისგან. უბრალოდ ვითხოვთ, რომ სერბეთის სახელმწიფო ინსტიტუტები მოქალაქეთა ინტერესებს ემსახურებოდეს“.
შესაბამისად, ისინი დაჟინებით ითხოვენ ვიწროდ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურის განახლების სამუშაოების გამჭვირვალობას; წვდომას ყველა დოკუმენტზე, რაც სადგურზე დატრიალებულ შემთხვევას ეხება; ნოემბრის ანტისამთავრობო პროტესტის პირველი ტალღის დაწყებისას დაკავებული ადამიანების მიმართ ბრალდებების მოხსნას; სისხლის სამართლის ბრალით გამოძიების დაწყებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც სტუდენტ დემონსტრანტებს დაესხნენ თავს ბელგრადში.
ამდენად, პროტესტის მონაწილეებს უნდათ ამოაყირაონ პროცესი, რომელმაც მმართველ პარტიას მისცა საშუალება, ქვეყანა მძევლად ჰყავდეს, რაკი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აკონტროლებს.
თავის მხრივ, ვუჩიჩის მთავრობის რეაქციები ძალადობრივია, თუმცა ის იყენებს ისეთ ტექნიკას, რომელსაც კრივში „ქლინჩს“ ეძახიან: როდესაც მოკრივე მკლავებს მოწინააღმდეგეს შემოხვევს და მოძრაობის, დარტყმის თავისუფლებას უზღუდავს. რაც უფრო მეტად ვარდება ვუჩიჩი პანიკაში, მით მეტად სასოწარკვეთით ცდილობს დემონსტრანტებთან რამე სახის გარიგების გაჩარხვას.
მაგრამ პროტესტის მონაწილეები დიალოგზე არ მიდიან. პროტესტმა ჩამოაყალიბა თავისი მოთხოვნები და უპირობოდ ითხოვს მათ შესრულებას.
ტრადიციულად, მასობრივი პროტესტი ეყრდნობა ძალადობის მუქარას, რომელიც კომბინირებულია მოლაპარაკებებისადმი ღიაობასთან.
თუმცა აქ ახლა საპირისპირო სურათი გვაქვს: სერბები [დემონსტრანტები] არ იმუქრებიან ძალადობით, მაგრამ ასევე უარს ამბობენ დიალოგზე. ასეთი სიმარტივე იწვევს დაბნეულობას. ასევე დამაბნეველია აშკარა ლიდერების ცხადი არარსებობა. გარკვეული გაგებით, ეს პროტესტი რაღაცით „ბაი ლანის“ ჯანყს (ჩინურიდან: „დაე, დალპეს!“ — პროტესტი ჩინეთში) ჰგავს.
რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, ორგანიზებულ პოლიტიკას მოუწევს თამაშში შემოვიდეს. მაგრამ ახლა დემონსტრანტების „აპოლიტიკურობა“ ქმნის პირობებს ახალი პოლიტიკისთვის და არა ძველი ნაცნობი თამაშის რაღაც სხვა ვერსიისთვის.
კანონიერებისა და წესრიგის მისაღწევად, მაგიდა უნდა მოსუფთავდეს.
ეს საკმარისი მიზეზია მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ პროტესტს უპირობოდ დაუჭიროს მხარი.
ისინი ამტკიცებენ, რომ ეს მარტივი, პირდაპირი მოწოდება კანონიერებისა და წესრიგისადმი შეიძლება უფრო ძირგამომთხრელი იყოს რეჟიმისთვის, ვიდრე ანარქიული ძალადობა. სერბებს კანონის უზენაესობა სურთ ყოველგვარი დაუწერელი წესების გარეშე, რომელიც ტოვებს სივრცეს კორუფციისა და ავტორიტარიზმისთვის.
სერბი დემონსტრანტების პოლიტიკურად მოტივირებული აპოლიტიკურობა ზოგს შეიძლება თვალთმაქცობა ეგონოს, მაგრამ უკეთესად თუ გავიაზრებთ, ეს მათი რადიკალურობის ნიშანია. ისინი უარს ამბობენ პოლიტიკის არსებული (უმეტესწილად დაუწერელი) წესებით თამაშზე. ისინი ესწრაფვიან ფუნდამენტურ ცვლილებებს ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში”, – წერს სლავოი ჟიჟეკი.
ამავე თემაზე




