რა აფერხებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებას? – BTL Georgia

რა აფერხებს საქართველოში MICE ტურიზმის განვითარებას? ტურიზმის პრობლემებზე „ქალების ნარატივში“ კომპანია BTL Georgia-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, მაია ბიბილაურმა ისაუბრა.
„ჩვენ ოთხივე სეზონის ქვეყანა ვართ, შეგვიძლია ნებისმიერ სეზონზე სტუმრის მიღება, რაც ასევე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ MICE ტურიზმი განვითარდეს, თუმცა ამისათვის უნდა გააქტიურდეს ქვეყნის მარკეტინგული კამპანიები. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მსოფლიო ძალიან დიდია. მარკეტინგული კამპანიები სერიოზულად, მასშტაბურად რომ ჩატარდეს, ყველა ტურისტულ კომპანიას საქმე, სულ რომ 1000 ვიყოთ ბაზარზე, მაინც გვეყოფა და კიდეც დარჩება“, – აღნიშნა მაია ბიბილაურმა.
მისივე თქმით, ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგული კამპანიების მხრივ აქტიურები არიან, თუმცა აკლიათ კომუნიკაცია კერძო სექტორთან.
„ჩვენ ვგრძნობთ ამ სფეროს რაც სჭირდება, რადგან ჩვენთვის ტურიზმი უფრო ხელშესახებია და ვიცით რა იმუშავებს და რა არა. ამ გადმოსახედიდან, საქმიან ტურიზმზე მოთხოვნა იმდენი არ არის, რამდენიც უნდა იყოს, რაც ჩვენი ქვეყნის ნაკლები ცნობადობით არის გამოწვეული. ასევე ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარებაც. თბილისში კიდევ შეგვიძლია ღონისძიებების გაკეთება, შეფერხებებით მაგრამ ვაკეთებთ, თუმცა რეგიონებში ინფრასტრუქტურის მხრივ მძიმე სიტუაციაა.“ – აღნიშნა მაია ბიბილაურმა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით 418,800 ათასი უცხოელი იმყოფებოდა, ეს მაშინ, როდესაც, პანდემიამდე, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 831,600 ათასს შეადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქმიანი ტურიზმი 34%-ით არის გაზრდილი.