რა არის Tomahawk-ები და რატომ ითხოვს უკრაინა აშშ-სგან მათ მიღებას

გასული კვირების განმავლობაში ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკული წარმოების Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ.
Tomahawk-ების გადაცემას ქვეყანაში ს მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან ითხოვს, თუმცა, როგორც ეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, ს ადმინისტრაციისგან ამ მოთხოვნაზე ყოველთვის მკაფიო უარს იღებდნენ.
Axios-ის ცნობით, ახლაც, -ს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტის, ს Tomahawk-ების მიწოდების თხოვნას უარით უპასუხა. ინფორმირებული წყაროები გამოცემას უყვებიან, რომ ტრამპის აზრით, უკრაინისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებით ომის დიპლომატიური დასრულების შანსები დაზარალდება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 13 ოქტომბერს, ტრამპი Tomahawk-ების გაგზავნის შესაძლო გადაწყვეტილებას სწორედ ამ მიზეზით ხსნიდა – “თუ ეს ომი არ მოგვარდება, მათ [უკრაინას] Tomahawk-ებს გავუგზავნი”. 6 ოქტომბერს კი ის ამბობდა, რომ უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების გაგზავნის გადაწყვეტილება თითქმის მიღებული ჰქონდა. შესაბამისად, უკრაინის მიმართ ტრამპის დამოკიდებულება საკმაოდ ცვალებადია.
უკრაინის სასარგებლოდ წინა ასეთი ცვლილება ალასკაში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ მოხდა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა კრემლის ლიდერისგან ომის დასრულების ვერანაირი გარანტია ვერ მიიღო. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო ტრამპმა პუტინის მიმართ იმედგაცრუების გამოხატვა და მისი კრიტიკა.
ამიტომ, ტრამპის დამოკიდებულების მსგავს პოზიტიურ შემობრუნებას მომავალ კვირებში ბუდაპეტში დაგეგმილი ტრამპისა და პუტინის მორიგი შეხვედრის შემდეგაც უნდა ველოდოთ. არაა გამორიცხული, რომ ტრამპმა სთვის Tomahawk-ების მიწოდების გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც მიიღოს.
Tomahawk ამერიკული წარმოების მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც აშშ-ს ძალების მიერ 1983 წლიდან გამოიყენება.
დღემდე Tomahawk-ის ხუთი თაობა და მრავალი ვარიაციაა შემუშავებული. ამჟამად აშშ-ს საზღვაო ძალების მარაგებში მხოლოდ Block IV-ისა და Block V-ის თაობის რაკეტებია.
ბოლო თაობის რაკეტები თავდაპირველი გაშვებიდან მალევე დაბალ სიმაღლეზე მაღალი სიჩქარით დაფრინავენ და საჭიროების შემთხვევაში ორმხრივი სატელიტური კომუნიკაციისა და GPS ტექნოლოგიით ტრაექტორიისა და სამიზნის შეცვლა შეუძლიათ.
Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მაქსიმალური მოქმედების რადიუსი 2 500 კილომეტრია, თუმცა აშშ-ს მარაგში ყველაზე გავრცელებული ვარიანტის სიშორე 1 600 კილომეტრს შეადგენს.
რაკეტების დამზადების ფასი, თაობებისა და სხვა მახასიათებლის მიხედვით, $1.5 მილიონიდან $2.5 მილიონამდე მერყეობს.
ამასთან, Tomahawk-ებს სხვადასხვა სახის ქობინის ტარება შეუძლიათ, მათ შორის ატომურისაც. რაკეტის ქობინის მაქსიმალური მასა კი შეიძლება, 450 კილოგრამიც იყოს.
აშშ-მ Tomahawk-ის ტიპის რაკეტები პირველად სპარსეთის ყურის მეორე ომის დროს გამოიყენა, ხოლო ყველაზე ბოლოს, 2025 წლის ივლისში, აშშ-მ ირანის ბირთვული პროგრამის დასაბომბად 30 რაკეტა გაისროლა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის სარაკეტო არსენალს რამდენიმე სახის უცხოური და ადგილობრივი სახეობის რაკეტა დაემატა.

ქვემოთ მოცემული ილუსტრაციით, რომელზეც უკრაინის არსენალში არსებული დასავლური რაკეტებისა და Tomahawk-ების მოქმედების რადიუსია გამოსახული, აშკარაა, რომ Tomahawk-ის ტიპის რაკეტებს სხვა ყველა სახის დასავლურ იარაღზე მრავალჯერ უფრო დიდი მოქმედების რადიუსი აქვს.
მაგალითისთვის, ამერიკული წარმოების ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების, რომლებიც აშშ-მ უკრაინას 2023 წელს მიაწოდა, ფრენის რადიუსი 300 კილომეტრია. ამჟამად ATACMS უკრაინისთვის მიწოდებული ყველაზე შორს მოქმედი დასავლური იარაღია.
დასავლური იარაღების გარდა უკრაინას საკუთარი წარმოების არაერთი შთამბეჭდავი იარაღი აქვს.
მიმდინარე წლის აგვისტოში უკრაინამ FP-5 Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა წარადგინა. ოქტომბრის დასაწყისში კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა Flamingo-ს რუსეთის წინააღმდეგ უკვე წარმატებით იყენებდა.
ზელენსკის თქმით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 3 000 კილომეტრია და მათი მასობრივი წარმოება ზამთარში დაიწყება. ეს მონაცემები, თუ სიმართლეს შეესაბამება, Tomahawk-ების ყველაზე გავრცელებული ვარიანტის რადიუსს თითქმის ორჯერ აღემატება.
მიუხედავად ამისა, Tomahawk-ს Flamingo-სთან შედარებით გააჩნია ერთი აშკარა უპირატესობა: აშშ-ს მიერ აღნიშნული რაკეტების წარმატებით გამოყენების 30 წელზე დიდხნიანი ისტორიაა. Flamingo კი წელს, აგვისტოში წარადგინეს და მისი ბრძოლის ველზე გამოყენების მხოლოდ რამდენიმეკვირიანი გამოცდილება არსებობს. გარდა ამისა, Tomahawk-ებს მრავალშრიანი სანავიგაციო სისტემა აქვს, რაც მის შეუდარებელ სიზუსტესა და ელექტრონული და კინეტიკური ანტისაჰაერო საშუალებების არიდების მაღალ უნარს უზრუნველყოფს.
აქვე აღსანიშნავია უკრაინული წარმოების Neptune-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებიც, რომლებსაც თავდაპირველად მხოლოდ ხომალდსაწინააღმდეგო გამოყენება ჰქონდა, თუმცა ახალ თაობებს იერიშის მიტანა ხმელეთზე არსებულ სამიზნეებზეც შეუძლიათ.
აღნიშნული ფრთოსანი რაკეტის მოქმედების ზუსტი რადიუსი უცნობია, თუმცა Long Neptune-ის ვარიანტის მაქსიმალურ მონაცემად 1 000 კილომეტრი მიიჩნევა. ზელენსკის თქმით, სწორედ ამ მანძილზე რაკეტამ რუსულ სამიზნეებზე იერიში წარმატებით მიიტანა. თუმცა, მოქმედების ეს რადიუსი Tomahawk-ბისას, სულ მცირე, 600 კილომეტრით ჩამოუვარდება.
შესაბამისად, ვაშინგტონის თანხმობის შემთხვევაში, Tomahawk-ები უკრაინის არსენალში ყველაზე გამოცდილი, შორ მანძილზე მოქმედი და დამანგრეველი იარაღი იქნება.
მნიშვნელოვანი საკითხია Tomahawk-ების გამშვები სისტემებიც, რადგან აღნიშნულ რაკეტებს აშშ გასული 30 წლის განმავლობაში მხოლოდ სპეციალური სამხედრო გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან უშვებდა.
ამის მიზეზი 1987 წელს სსრკ-სა და აშშ-ს შორის გაფორმებული მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმება (INF) იყო, რომლის მიხედვითაც ორივე მხარეს 500-დან 5 500 კილომეტრამდე მოქმედების ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების სახმელეთო გამშვები სისტემები აკრძალული ჰქონდათ.
სამწუხაროდ, უკრაინას არც წყალქვეშა გემები და არც ისეთი ხომალდები არ ჰყავს, რომლებსაც Tomahawk-ების ვერტიკალური გამშვები სისტემების (VLS) დატევა შეუძლიათ. მაშასადამე, აღნიშნული რაკეტების გასაშვებად უკრაინისთვის იდეალური იქნებოდა სახმელეთო გამშვები სისტემები, რომლებიც წარსულში INF-ის ფარგლებში იყო აკრძალული და თვისებრივად HIMARS-ის სისტემებს ჰგავს.
ამერიკამ INF ტრამპის გადაწყვეტილებით 2019 წელს დატოვა, რის შემდეგაც სწორედ ასეთი სახმელეთო სისტემის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზად აშშ რუსეთის მიერ მის დარღვევას ასახელებდა. თავის მხრივ, რუსეთმა აღნიშნული შეთანხმება მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა.
აშშ-ს არმიამ Tomahawk-ების პირველი თანამედროვე სახმელეთო გამშვები სისტემა Typhoon 2023 წლის ივლისში წარმატებით გამოცადა. აღნიშნული სისტემა იმავე ვერტიკალურ გამშვებ მექანიზმს იყენებს, რომლითაც აშშ-ს საზღვაო ძალები ოპერირებენ.
ამჟამად, Typhoon-ის სისტემის, სულ მცირე, რვა მოქმედი ერთეული არსებობს, რაც აშშ-ს მიერ უკრაინისთვის მათი გაგზავნის შესაძლებლობას საკმაოდ ამცირებს.
შედარებით კარგი ამბავი ისაა, რომ სულ რაღაც 5 დღის წინ, 13 ოქტომბერს, ამერიკულმა კომპანია Oshkosh Defense-მა Typhoon-ების გაშვების შესაძლებლობის მქონე სრულიად ახალი სისტემა X-MAV წარადგინა, რომელიც ბევრად უფრო კომპაქტური და მობილურია ვიდრე Typhoon-ის სისტემა. ახალი სისტემის გამოჩენა უკრაინისთვის ძველის, ან თუნდაც ახლის გადაცემის შანსებს თავისთავად ზრდის, თუმცა აღსანიშნავია, რომ X-MAV ჯერჯერობით არ არის გამოცდილი და კომპანიის დახასიათებით, წარდგენილი მოდელები “წარმოებისთვისაა მზად”.
არსებობს კიდევ ერთი გაშვების სისტემის მოდელი სახელწოდებით LRF, რომელიც აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის შეიქმნა და პირველად 2023-ში გააქტიურდა. თუმცა, დაახლოებით ერთი თვის წინ საზღვაო ქვეითებმა სისტემის შესაბამისი პროგრამის დაფინანსება შეაჩერეს, რადგან LRF-ს რბილ და ნოტიო ზედაპირზე გადაადგილება უჭირდა. აშშ-ს მარაგებში ამჟამად დაახლოებით 4-8 ასეთი სისტემაა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს არმიამ LRF-ის გამშვები სისტემის შესახებ ინტერესი უკვე გამოხატა, ამიტომ, ამოუცნობია, რამდენი სისტემის გამოყოფა შეიძლება უკრაინისთვის.
გასული ორი თვის განმავლობაში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით შორს არსებული ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ უმეტესად დრონების გამოყენებით ძალზე ეფექტური კამპანია წამოიწყო.
მედიაში გავრცელებული სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 20–40% გაანეიტრალა, რამაც მოსკოვს ნავთობის ექსპორტის შემცირება და რუსეთის მიერ კონტროლირებად ზოგ ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურებთან დიდი რიგები გამოიწვია.
კიევის სტრატეგია მარტივია: რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერიის განეიტრალებით მოსკოვს ომის გაგრძელების სახსრები აკლდება, ხოლო ომში დარჩენის ხარჯები იზრდება, რაც რეალისტური მოთხოვნებით რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის იძულებას ისახავს მიზნად.
იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა განსხვავებული როლი ექნება Tomahawk-ებს უკრაინის არსენალში ასევე, საჭიროა კიევის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შორი რადიუსის იარაღით წარმოებული კამპანიის განხილვა, განსაკუთრებით დრონების მეშვეობით.
აღნიშნული მასშტაბური კამპანიის წარმატების უმთავრესი წილი აშშ-ს სადაზვერვო დახმარებაზე მოდის. რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინის იერიშებში აშშ-ს სადაზვერვო ჩართულობაზე ინფორმაციას სხვადასხვა მედია ავრცელებდა, მათ შორის Wall Street Journal და Reuters.
12 ოქტომბერს Financial Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ენერგო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში უკრაინას აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაცია უკვე თვეების განმავლობაში ეხმარება.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები უკრაინულ დრონების საშუალებას აძლევს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს თავი აარიდონ და სამიზნემდე უვნებლად მივიდნენ.
ამ კამპანიისთვის დრონები იდეალური საშუალებაა, რადგან მათ საკმაოდ დიდ მანძილზე ფრენა შეუძლიათ, რაც უკრაინას ფრონტის ხაზიდან 2 000 კილომეტრით დაშორებულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანაშიც ეხმარება.
ასევე, დრონების ქობინში არსებული 50-75 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალა სრულიად საკმარისია ისეთი სამიზნეებისთვის, რომლებიც სავსეა აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებებით, როგორიცაა ნედლი ნავთობი, ბენზინი, დიზელი და ა.შ. ამავე მიზეზით უკრაინა წარმატებით იყენებს დრონებს რუსული სამხედრო საწყობებზე იერიშის მისატანადაც.
Tomahawk-ების მიღების შემთხვევაში უკრაინა დრონების პატარა ქობინით აღარ იქნება ლიმიტირებული და თუნდაც იმავე სამიზნეებზე ბევრად დამანგრეველ იერიშებს მიიტანს.
გარდა ამისა, Tomahawk-ების ბევრად უფრო დიდი ასაფეთქებელი აღჭურვილობითა და იერიშის მაღალი რადიუსით უკრაინა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას შეძლებს.
ასეთი ობიექტებიასამხედრო აეროპორტები, ბაზები, საწვრთნელი ობიექტები, საწარმოები, პორტები, რეგიონული შტაბები, ლოჯისტიკური ცენტრები და ა.შ.
ერთ-ერთი საინტერესო სამიზნე მურმანსკის ოლქში მდებარე ოლენიას სამხედრო ავიაბაზაა, რომლიდანაც რუსეთი უკრაინას თითქმის ყოველდღიურად უტევს.
Tomahawk-ების მოქმედების მანძილი და დამანგრეველი ძალა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ უამრავი სამიზნის დაბომბვის საშუალებას იძლევა, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიც კი. თავის მხრივ ეს რუსეთს აიძულებს, საკუთარი ისედაც მცირე ზომის საჰაერო თავდაცვის სისტემები ფრონტისგან უფრო შორს განალაგოს და გაშალოს, რაც უკრაინის ნებისმიერ საჰაერო შეტევის წარმატების შანსებს ზრდის.
Tomahawk-ების გამოყენება უკრაინას ასევე რუსეთის მზგავსი “მრავალშრიანი” შეტევებისთვის შეუძლია, რომლის მოგერიებაც რუსეთისთვის ბევრად რთული იქნება. ზოგადად, “მრავალშრიანი” იერიშების დროს შემტევი მხარე სხვადასხვა სახის იარაღს იყენებს, მაგალითად ბალისტიკურ, ფრთოსან რაკეტებსა, ფეთქებად და “სატყუარა” დრონებს და ა.შ.
ვაშინგტონსა და კიევს შორის Tomahawk-ების შესახებ მოლაპარაკებებს მოსკოვი ჩვეული ესკალაციის მუქარით არაერთხელ გამოეხმაურა. რუსული პროპაგანდისთვის ჩვეულ სტილში პუტინის საუკეთესო მეგობარმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნული რაკეტების გადაცემის შემთხვევაში ბირთვული ომიც კი დააანონსა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რიტორიკამ მიმდინარე ომის განმავლობაში თავისი ძალა უკვე მეტწილად გააქარწყლა, ვაშინგტონი უკრაინას გარკვეულ შეზღუდვებს სავარაუდოდ, მაინც დაუწესებს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ Tomahawk-ებს კრემლზე იერიშის მიტანა თავისუფლად შეუძლიათ, ამის უფლებას აშშ უკრაინას დიდი ალბათობით არ მისცემს.
კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებას ეხება, მათი აშშ-ს მარაგებში სიმწირეა. ზუსტი ინფორმაცია უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობებით, აშშ-ს დაახლოებით მხოლოდ 4 000 ასეთი რაკეტა აქვს მარაგში და ბოლო პერიოდში იმაზე მეტს ხარჯავს, მაგალითად ირანისა და ჰუსიტების წინააღმდეგ, ვიდრე აწარმოებს.
იმის გათვალისწინებით, რომ Tomahawk-ების უახლესი თაობის, Block V-ის ვარიაციებს მოძრავი გემების ჩაძირვა შეუძლიათ, აღნიშნული იარაღი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის შეკავების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, ეს კი ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. მაშასადამე, მაღალი ალბათობით, უკრაინისთვის დიდი რაოდენობის Tomahawk-ების გადაცემას არ უნდა ველოდეთ.
ზუსტი რიცხვის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ზოგი ექსპერტის აზრით, აშშ უკრაინას მხოლოდ 20-50 Tomahawk-ს გადასცემს. რაკეტების ეს რაოდენობა საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ომში რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს, თუმცა მასში რამდენიმე პოზიტიური ასპექტიც შეიძლება დავინახოთ.
პირველ რიგში, ეს ნაბიჯი რუსეთის გრძელვადიან სტრატეგიას კიდევ ერთ მარცხს მიაყენებს. კერძოდ, მოსკოვის ერთ-ერთ მთავარი გათვლა იმაში მდგომარეობს, რომ ხანგრძლივი ომის პირობებში ეკონომიკური ან მზარდი შიდაპოლიტიკური ტვირთის გამო აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარებას შეწყვეტდნენ, რის შემდეგაც ომს ის მარტივად მოიგებდა. შეგახსენებთ, რომ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად უკრაინის დემილიტარიზაცია რჩება. შესაბამისად, Tomahawk-ის მსგავსი ძვირადღირებული და დამანგრეველი იარაღის მიწოდებით დასავლეთი მოსკოვის ამ იმედს მორიგ ჯერზე გააქარწყლებს, რამაც შესაძლოა მოსკოვს ომის მშვიდობიანი მოგვარებისკენ უბიძგოს.
ასევე, აღსანიშნავია Financial Times-ის მიერ დასავლელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაძლოა, უკრაინაში რაკეტების სამართავად ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორები გაიგზავნონ. ეს, რა თქმა უნდა, მოსკოვისთვის ზემოხსენებულ გზავნილს კიდევ უფრო მკაფიოს ხდის.
საბოლოო ჯამში, Tomahawk-ების მიწოდება უკრაინის შეტევითი არსენალისთვის მნიშვნელოვანი დანამატი იქნება, რომელიც მის რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის უნარს მრავალი მიმართულებით გააძლიერებს და ამავდროულად ეს ნაბიჯი მოსკოვს აიძულებს, სამომავლო გათვლებიდან აწმყოში გადმოინაცვლოს და ომის მშვიდობიანად მოგვარებაზე სერიოზულად იფიქროს.
tabula.ge