რა საერთო აქვთ სებასტიან სემიატკოვსკის, სემ ლიანგს და ერიკ იუანს? გარდა იმისა, რომ ისინი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების: Klarna, Otter.ai და Zoom-ის აღმასრულებელი დირექტორები არიან, სამივე მათგანი უკვე იყენებს AI ავატარებს შეხვედრებზე დასასწრებად და თავიანთი კომპანიების მნიშვნელოვანი განახლებების გასაზიარებლად.
რა არის AI ავატარი
AI ავატარი არის ადამიანის ციფრული ვერსია – თქვენი ვიზუალური და ხმოვანი ასლი, რომელსაც ქმნის ხელოვნური ინტელექტი. უბრალოდ, ტვირთავთ მოკლე ვიდეოს, ტექსტს ან ხმას და სისტემაც თქვენს მსგავსად „ლაპარაკობს“ ეკრანზე, თითქოს თავად იღებთ ვიდეოს.
ასეთი ავატარი შეიძლება გამოიყენოთ ყველაფერში – სოციალური მედიის ვიდეოების შესაქმნელად, გაყიდვების ზარებზე, გუნდის ტრენინგში, კლიენტებთან კომუნიკაციაში და ა.შ.
მოთხოვნა ამ ტექნოლოგიაზე სწრაფად იზრდება: AI ავატარების ბაზარი 2025 წელს 800 მილიონზეა შეფასებული და 2032 წლისთვის 5.93 მილიარდ დოლარს მიაღწევს – წლიური ზრდით 33%.
სკრიპტული vs ინტერაქციული ავატარები
AI ავატარების ორი ძირითადი ტიპი არსებობს:
· სკრიპტული ავატარი
თქვენ მიერ დაწერილ ტექსტს კითხულობს, შესაბამისი მიმიკითა და ჟესტიკულაციით. ყველაზე უსაფრთხო და პროგნოზირებადი ვარიანტია.
· ინტერაქციული ავატარი
ამ შემთხვევაში სისტემა იწვრთნება თქვენი მასალით: ტექსტით, ვიდეოებით, ინტერვიუებით – და უკვე თვითონ პასუხობს კითხვებს, ვითარდება და იმპროვიზირებს. ტექნოლოგია ჯერ ისევ ახალგაზრდაა, ამიტომ მეტი რისკიც ახლავს.
დღევანდელი მდგომარეობით, პრაქტიკაში სკრიპტული ავატარი ბევრად უფრო უსაფრთხო გამოსაყენებელია.
რატომ სჭირდებათ ლიდერებს AI ავატარი
· დროის ეკონომია და ეფექტურობა
საშუალოდ, CEO საკუთარი დროის 72%-ს შეხვედრებში ატარებს. ამ დროის ნაწილი ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ნაწილზე პირადად დასწრება არ არის სავალდებულო. 36% თანხმდება, რომ შეხვედრებზე ზედმეტად ბევრ რესურსს ხარჯავს.
AI ავატარი კი შეუძლია:
· რუტინულ შეხვედრებზე თქვენი მაგივრად მივიდეს
· განმეორებადი მესიჯები ავტომატურად ჩაწეროს
· ახალ თანამშრომლებს მისასალმებელი ვიდეო გამოუგზავნოს
Otter.ai-ის დამფუძნებელი სემ ლიანგი ვარაუდობს, რომ მისი ავატარი მალე 90%-ამდე კითხვებს უპასუხებს შეხვედრებზე. ერიკ იუან კი ამბობს, რომ CEO-ს ავატარს ერთდროულად 5–6 შეხვედრაში შეუძლია მონაწილეობა.
რას შეძლებდით, დღეში რამდენიმე საათი რომ გაგითავისუფლდეთ?
მასშტაბური კომუნიკაცია
არასწორი კომუნიკაცია ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შეცდომაა – ხელმძღვანელების 89%-ის თქმით, მას შემოსავლის დაკარგვა, ხარჯების ზრდა და რეპუტაციის დაზიანება მოაქვს.
AI ავატარს შეუძლია:
· თქვენი მესიჯი ერთნაირად და ზუსტად გადაიტანოს ყველა დეპარტამენტში
· იმავე ტექსტის მრავალენოვან ვერსიებს შექმნას
· ვიდეოს სახით მიაწოდოს ინფორმაცია, რაც ბევრად ეფექტურია ტექსტზე
· მისი გამოყენება გარე კომუნიკაციაშიც შეიძლება: კონფერენციები, მედიაინტერვიუები თუ სოციალური მედიის ვიდეოები
პერსონალიზებული ინტერაქცია
AI ავატარი ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას, „დააკოპირონ“ თავი თანამშრომლებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან უფრო პერსონალური ჩართულობისთვის.
მაგალითად, Delphi.ai-ზე უკვე შეგიძლიათ „ესაუბროთ“ პოპულარული ავტორების, ბიზნესლიდერებისა და ცნობილი ადამიანების ავატარებს. ამის რეალური მაგალითები უკვე არსებობს.
პროფესიული ვიდეო
პროფესიული ვიდეოს ჩაწერა ძვირი სიამოვნებაცაა და დროსაც ბევრს ითხოვს. საჭიროა: სტუდია, აუდიოსისტემა, რამდენიმე დუბლი, განათება, რეკვიზიტი…
AI ავატარი კი:
· მხოლოდ ერთჯერად ჩანაწერს საჭიროებს
· ამის შემდეგ უსასრულოდ ბევრ ვიდეოს ქმნის თქვენი ჩარევის გარეშე
· თქვენს გუნდს აძლევს საშუალებას პროფესიული ვიდეოები დამოუკიდებლად შექმნას
· ბიზნეს ლიდერებისთვის ეს არის უზარმაზარი დროის ეკონომია
რისკები – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია – მაყურებელს უნდა აცნობოთ, რომ ვიდეოს AI ავატარი ქმნის. MIT-ის კვლევის მიხედვით, ექსპერტების 84% თვლის, რომ კომპანიებმა ეს აუცილებლად უნდა გააჟღერონ.
ტექნოლოგია და უსაფრთხოება – ინტერაქციული ავატარები ზოგჯერ უცნაურადაც გამოიყურებიან, მიუხედავად ამისა, ტექნოლოგია სწრაფად უმჯობესდება, მათ ზოგჯერ მაინც მოსდით შეცდომები.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, ავატარის მოსამზადებლად უნდა ავარჩიოთ ისეთი პლატფორმები, რომლებიც მკაცრ იდენტიფიკაციას და დაშიფვრას უზრუნველყოფს.
წყარო: marketer.ge




