როგორც დაანონსდა, საქართველოს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ახალი მთავრობა ეყოლება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ჯერჯერობით, ოფიციალურად მინისტრების კანდიდატურები არ დასახელებულა, თუმცა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, მინისტრთა კაბინეტი გადახალისდება და მაგალითად, თავდაცვის მინისტრად დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნება, თეა წულუკიანი დატოვებს კულტურის მინისტრის პოსტს და იუსტიციის უწყებას ჩაუდგება სათავეში.
- ამავე ვერსიის მიხედვით, კულტურის მინისტრი დეპუტატი ბექა დავითულიანი გახდება, ჯანდაცვის სამინისტროს არჩილ თალაკვაძე ჩაიბარებს, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ნიკოლოზ სამხარაძე დაინიშნება.
- არსებული ინფორმაციით, პოსტს დატოვებს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. თუმცა მის შემცვლელზე, ისევე როგორც ფინანსთა მინისტრობის ახალ კანდიდატურაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. კულუარული ინფორმაციის თანახმად, ცვლილებები არ შეეხებათ მხოლოდ ძალოვან უწყებებს – შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
AMBEBI.GE-ს სანდო წყარო “ოცნებიდან” უყვება:
“რა თქმა უნდა, ახალ პრემიერ-მინისტრს თავისი კაბინეტი და მინისტრები სჭირდება და დროთა განმავლობაში მოქმედები აუცილებლად შეიცვლებიან, თუმცა მთავრობის შემადგენლობის შეცვლა ეტაპობრივად განხორციელდება. ჩამოთვლილიდან არაა გამორიცხული, თუნდაც ეს კანდიდატურები ვიხილოთ მომავალში მინისტრებად, მაგრამ ამ ეტაპზე ერთადერთი, ვისი შეცვლაც გადაწყვეტილია, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა, რომელსაც ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. ამ ეტაპზე დადასტურებულად მხოლოდ თავდაცვაზე შეიძლება ლაპარაკი, საგარეო და სხვა დანარჩენი მინისტრები ასე უცებ არ შეიცვლებიან. რაც შეეხება თეა წულუკიანს, როგორც ვიცი, ის სამინისტროს შეცვლას არ აპირებს და კულტურის მინისტრად დარჩება. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა გადავიდეს თეა იუსტიციაში”, – გვეუბნება წყარო.