შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც მუდმივად ადაპტირდება თანამედროვე საერთაშორისო განათლების სტანდარტებთან და პასუხობს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. საერთაშორისო პარტნიორები, მულტიკულტურული გარემო და მრავალფეროვანი პროგრამები ხელს უწყობს სტუდენტებს, შეიქმნან წარმატებული კარიერა და გახდნენ კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სამაგისტრო დონეზე განათლების მიღების მსურველებს უნივერსიტეტი სთავაზობს ექსკლუზიურ და უნიკალურ ორმაგი დიპლომის პროგრამას „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“, რომელიც ცვიკაუს (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა.
პროგრამის უპირატესობებსა და უნიკალურობაზე პროგრამის შემქმნელი და ხელმძღვანელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, ასოცირებულ პროფესორი მარიამ რაზმაძე საუბრობს.
– რა გამოარჩევს “მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების” ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული სხვა პროგრამებისგან?
– თანამედროვე ბიზნეს და ტექნოლოგიურ გარემოში კვალიფიციური კადრების მოთხოვნა, რომლებიც ფლობენ როგორც მენეჯმენტის, ისე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომპეტენციებს, საკმაოდ მზარდია. საქართველოში, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინერგია კრიტიკულია კომპანიების კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური და დროულია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინოვაციური და ინტერდისციპლინური განათლება: ტრადიციული მენეჯმენტისა და IT განათლება ხშირად ცალკე სფეროებად განიხილება. IBSU-ს ორმაგი ხარისხის პროგრამა კი აერთიანებს ორ წამყვან მიმართულებას და მათი სინერგია სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამა პასუხობს ისეთ საჭიროებებს, რომლებიც თანამედროვე მენეჯერებისა და IT სპეციალისტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ტექნოლოგიური პროცესების გაანალიზებისას და ციფრული პროექტებისა და ბიზნესპროცესების ეფექტიანი მართვისას.
პროგრამის ძირითად უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მსურს გამოვყო მაღალი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე – პროგრამა უზრუნველყოფს როგორც მენეჯერული, ისე IT უნარების შესწავლას. ასეთი კომპლექსური ცოდნა მათ არა მხოლოდ მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს, არამედ უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. აღსანიშნავია, პროგრამის საერთაშორისო აღიარება და მულტიკულტურული გამოცდილება – პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით და აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მას სხვა პროგრამებისგან გამოარჩევს. სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული ორმაგი ხარისხი. მნიშვნელოვანია ასევე, პროგრამის ორიენტირებულობა პრაქტიკულ კომპონენტებზე. კერძოდ, პროგრამა პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრად უფრო განვითარებულია სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით, რადგანაც სტუდენტები პარტნიორ უნივერსიტეტში ყოფნისას გადიან პრაქტიკას რეალურ ბიზნესმოდელებზე და წვლილი შეაქვთ პროექტების განხორციელებაში. ყოველივე ეს მათ საშუალებას აძლევს, სწრაფად ადაპტირდნენ თანამედროვე გარემოში, შეიძინონ საჭირო გამოცდილება და გაუმკლავდნენ მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. გამოვყოფდი, ასევე, პროგრამით გათვალისწინებულ ციფრული და მენეჯერული უნარების სინერგიას. საქართველოსთვის, სადაც ტექნოლოგიების როლი ბიზნესში მაღალი ტემპით იზრდება, ხსენებული პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და გავლენას მოახდენს კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდაში, რომლებიც სამომავლოდ წარმატებით გაუძღვებიან ქვეყნის მასშტაბით ციფრულ პროექტებს და ბიზნესპროცესებს. გარდა ამისა, პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო გამოცდილების მიღებით. ორმაგი ხარისხის მოდელი მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ ორი ქვეყნის – საქართველოსა და გერმანიის – აღიარებული დიპლომი და გაეცნონ როგორც ქართული, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემის სპეციფიკას.
– თქვენ ახსენეთ მაღალი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე. რა უპირატესობები აქვთ პროგრამის კურსდამთავრებულებს დასაქმების თანამედროვე ბაზარზე?
– პროგრამის ფარგლებში ჩაშლილი პროფილები კურსდამთავრებულს შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდეს შემდეგი წამყვანი პროფესიებით: ბიზნესანალიტიკოსი; IT/პროექტის მენეჯერი; პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი; მონაცემთა ანალიტიკოსი; სწავლული მეცნიერი და სხვა მომიჯნავე პროფესიებით. ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულს ენიჭება ორი კვალიფიკაცია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან: მეცნიერებათა მაგისტრის კვალიფიკაცია მენეჯმენტსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (WHZ) მეცნიერებათა მაგისტრის კვალიფიკაცია.
– ასევე, თქვენ ახსენეთ აღიარებული დიპლომი. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის აღიარების გარდა კიდევ რა აღიარება აქვს პროგრამას?
– საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG). მალე კონსორციუმს შემოუერთდებიან უნივერსიტეტები უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა აკრედიტებულია გერმანული სააკრედიტაციო სააგენტო ASIIN-ის მიერ და აღიარებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის, EQE-ს მიერ. ASIIN ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ევროპული აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც სპეციალიზებულია საინჟინრო, ტექნოლოგიურ, ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებებში. ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამამ – “მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” ASIIN-ის აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით მიიღო, რაც ამ პროგრამის რეპუტაციას და გლობალურ აღიარებას გულისხმობს. ASIIN აკრედიტაციის მნიშვნელობა სტუდენტებისთვის გულისხმობს საგანმანათლებლო ხარისხის მაღალ სტანდარტს. ASIIN-ის მიერ აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულებს უპირატესობა აქვთ საერთაშორისო შრომის ბაზარზე, რადგან მათ მიერ მიღებული დიპლომი აღიარებულია სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში. საერთაშორისო აკრედიტაცია თავისთავად გულისხმობს, რომ პროგრამის კურსდამთავრებულები ფლობენ შესაბამის უნარებსა და კომპეტენციებს გლობალურ ბაზარზე დასაქმებისთვის, რაც მათ კარიერულ გზას უხსნის მსოფლიოს ლიდერი კომპანიებისაკენ. გარდა ამისა, ASIIN-ის აკრედიტაცია სტუდენტებს უადვილებს სწავლის გაგრძელებას ევროპისა და სხვა რეგიონების წამყვან უნივერსიტეტებში, სადაც ეს აღიარება მნიშვნელოვანია.
– როგორ ხდება პროგრამაზე მიღება?
– პროგრამაზე სწავლის მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. კანდიდატმა წარმატებით უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა, უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე. კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს გასაუბრება, რომლის დროსაც მოწმდება აპლიკანტის მოტივაცია.
