მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველომ სტამბოლის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს გადახედოს ან ხელშეკრულება გაწყვიტოს? ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ამ საერთაშორისო მექანიზმს საქართველო 2017 წელს შეუერთდა და “ქართული ოცნება” ამას თავის მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევდა.
რა არის სტამბოლის კონვენცია?
სტამბოლის კონვენცია, იგივე „ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და წინააღმდეგობის შესახებ“ – ეს არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ადამიანის უფლებების დარღვევად აცხადებს და მიზნად ისახავს როგორც ქალთა მიმართ, ისე ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას.
ეს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი სახელმწიფოებს ავალდებულებს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომლითაც შეძლებენ ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერებას, მსხვერპლთა დაცვას და შედეგიან სამართლებრივ რეაგირებას.
სად და როდის მიიღეს ეს კონვენცია?
სტამბოლის კონვენციას ხელი მოეწერა 2011 წელს, თურქეთში, სტამბოლში (კონვენციის სახელწოდებაც აქედან მოდის).
დოკუმენტი ხელმოსაწერად 2011 წელსვე გაიხსნა და ძალაში 2014 წლის აგვისტოში შევიდა.
ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, ხორვატია, დანია, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლატვია და ლუქსემბურგი იყვნენ პირველი ქვეყნები, ვინც პირველებმა მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება.
კიდევ რამდენი ქვეყანაა ხელმომწერი და ვის აქვს რატიფიცირებული ეს კონვენცია?
საჯარო წყაროებში არსებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს სტამბოლის კონვენცია რატიფიცირებულია 39-მდე ქვეყანაში.
კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების რაოდენობა არის 46 – მათ შორის, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია.
სტამბოლის კონვენციას ხელს არ აწერს რუსეთი, არც აზერბაიჯანი.
რას ავალდებულებს კონვენცია ხელმომწერებს?
კონვენცია სახელმწიფოებს, ვინც მისი რატიფიცირება მოახდინა, ავალდებულებს:
- დაიცვას მსხვერპლები;
- შექმნას მათთვის თავშესაფრები, ცხელი ხაზები;
- დაეხმაროს სამართლებრივად თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერით;
- იმუშაოს მოძალადეებთან;
- ეკონომიკურად გააძლიეროს ქალები.
ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს პირს ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და დისკრიმინაციისთვის.
გარდა ამისა, კონვენციით გათვალისწინებულია განათლება სკოლებში, ტრენინგები პროფესიონალებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი კამპანიები, მედიის წახალისება პასუხისმგებლობიანი გაშუქებისკენ და ა.შ.
საქართველო როდის შეუერთდა სტამბოლის კონვენციას?
საქართველომ “სტამბოლის კონვენციის” ხელი 2014 წელს მოაწერა, ხოლო რატიფიცირება 2017 წლის მაისში მოახდინა და გახდა 23-ე ქვეყანა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა ქვეყნისთვის პრიორიტეტია.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა მაშინ აცხადებდა:
“სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებებისა და პრევენციის ყოვლისმომცველი მექანიზმების გაძლიერებას”.
გამოვა საქართველო სტამბოლის კონვენციის შეთანხმებიდან?
ეს ჯერ უცნობია, თუმცა:
“თუ სტამბოლის კონვენციასთან მიმართებით არსებობს კითხვის ნიშნები, მზად ვართ ამ საკითხზე ვიმუშაოთ. გპირდებით”, – განაცხადა “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მარტს პროსამთავრობო ტელეარხ “იმედზე” გამართული დებატების დროს.
კობახიძემ ასე პრორუსული, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი “ალტ-ინფოს” და “კონსერვატიული მოძრაობის” წევრის, აშშ-ს მიერ სანქცირებული, ზურაბ მახარაძის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, “თუ რატომ არის საქართველო ისევ სტამბოლის კონვენციის წევრი” და რატომ არ ტოვებს აქამდე ამ კონვენციას, რომელიც, “პირდაპირ არის გაწერილი, რომ ტრადიციული როლები ქალის და კაცის არის პრობლემა და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეგ ჩანაცვლდეს”.
მახარაძე აცხადებდა, რომ საქართველოში შობადობის კლების მიზეზი “იდეოლოგიური საკითხია” და ამას სტამბოლის კონვენციის გაუქმება უშველის.
ქალთა უფლებადამცველები განმარტავენ, რომ სტამბოლის კონვენციაა სწორედ ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოებს ოჯახების გაძლიერებას ავალდებულებს. იქ, სადაც ოჯახი არ არის ძლიერი, სადაც ქალებს არა აქვთ მხარდაჭერა, ხოლო ოჯახური ღირებულებები ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე არ დგას, სწორედ ასეთ ქვეყნებს აქვს დემოგრაფიული პრობლემები და შობადობის კრიზისიც.




