რა არის “ნატურალე ბრევერი“ და რა გეგმები აქვს კომპანიას?

კომპანია „ნატურალე ბრევერის“ დამფუძნებელი, სერგო მაკაროვი ამბობს, რომ კომპანია თვეში 10,000 ტონა ლუდის და 2 ტონა სიდრის წარმოებას გეგმავს. საკითხზე მან BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილაში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, იგეგმება ქილის შეფუთვის დამატებაც, რისთვისაც ქილების იმპორტი განხორციელდება.
კომპანია “ნატურალე ბრევერი“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. როგორც მაკაროვი ყვება, წარმოების შექმნის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდათ, როდესაც კომპანიის დამფუძნებელმა, სერგო მაკაროვმა და მისმა გუნდმა ჩეხეთსა და გერმანიაში ლუდი გასინჯა და გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ლუდი შეეთავაზებინათ.
„პირველ ეტაპზე, 100 ლიტრიანი სახარში ავაწყვეთ, ცოტა ხნის შემდეგ 200 ლიტრზე ავედით. წელს, უკვე სლოვენიური სახარში შევიძინეთ, 500 ლიტრიანი და საფერმენტაციო სისტემა. შედეგად, სრული წარმოების ციკლი ავაწყვეთ. ერთ ხარშვაზე ნახევარ ტონა ლუდს ვხარშავთ. გვაქვს ლუდის ნაირსახეობა. მათ შორისაა ტომატის ლუდი, რომელზედაც მოთხოვნა ძალიან დიდია “, – აცხადებს მაკაროვი.
ბიზნესის განვითარების მიზნით, კომპანიამ ბანკისგან სესხი მიიღო, რის შედეგადაც წარმოების გაფართოება შეძლო. გარდა ლუდის წარმოებისას, კომპანიამ ვაშლის სიდრის წარმოებაც დაიწყო, რომელზედაც მოთხოვნა უკვე არსებობს.
გასულ წელს, სერგომ ლონდონში ორ-ორი სახეობების სიდრები და ლუდები საცდელად გაიტანა, რაც ბიზნესისთვის წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა. ლუდმაც და სიდრმაც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ბრენდი ახლა პოლონეთში კონკურსში იღებს მონაწილეობას და პასუხებიც ცნობილი იქნება.
„სიდრისთვის მიწის ნაკვეთიც შევიძინეთ, სადაც ჩემივე ჩამოტანილი ინგლისური, ფრანგული და ამერიკული სახეობის ვაშლის ნერგები დავრგეთ. სამომავლოდ, სწორედ ამ ვაშლებისგან უნდა დამზადდეს სიდრი“, – თქვა მაკაროვმა.