რა არის კეიპტაუნის კონვენცია და რატომ ეუბნებიან ქართულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ლიზინგით გაცემაზე უარს ?

ქართულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ლიზინგით გაცემაზე უარს ეუბნებიან. მიზეზი ისაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის მიერთებული საერთაშორისო კონვენციას, რომელიც სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში სალიზინგო კომპანიების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ “საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღო, თუმცა იმისთვის, რომ კეიპტაუნის კონვენციას ქვეყანა მიუერთდეს, პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიცირებაა საჭირო.
ქართული ბიზნესი ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს ავიაციის სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კერძო სექტორი კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთების დროულ რატიფიცირებას ითხოვს.
„ავიაციის მხრივ ერთ-ერთ გამოწვევა ეს გახლავთ. კეიპტაუნის კონვენციის დროული რატიფიცირებაა საჭირო, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ოპერატორებს უჭირთ სალიზინგო კომპანიებთან ურთიერთობის დამყარება. კონვენცია სალიზინგო კომპანიას ანიჭებს უფლებას, თუკი დაირღვა ლიზინგის პირობები კონვენციაზე მიერთებულ ქვეყნებში შეუძლიათ დააპატიმრონ ეს თვითმფრინავები. ამის გადაზღვევა ხორციელდება [ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს] სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული საგარანტიო წერილებით, თუმცა ერთია საგარანტიო წერილების გაცემა, რომელიც სალიზინგო კომპანიისთვის მისაღებია ან არ არის მისაღები და მეორეა, როდესაც კონვენციაზე არის ოფიციალურად მიერთებულია სახელმწიფო.
ვფიქრობ, 2025 წელს იქნება საჭირო/აუცილებელი, რომ მიუერთდეს საქართველო ამ კონვენციას. რიგ შემთხვევაში კომპანიებს უარს ეუბნებიან საერთოდ თვითმფრინავების ლიზინგით გაცემაზე. როგორც წესი საოპერაციო ან საფინანსო ლიზინგით იღებენ თვითმფრინავებს კომპანიები, ან თუკი აძლევენ თვითმფრინავებს გაცილებით ძვირი ჯდება, რისკის პრემიუმი იზრდება“, – აცხადებს bm.ge-სთან აკაკი საღირაშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.
ავიაციის დარგში ქართულ ავიაკომპანიებს საჰაერო ხომალდები ძირითადად ლიზინგის წესით შემოჰყავთ. თუ ავიაკომპანია ვერ უზრუნველყოფს გადახდას ან სხვა სახელშეკრულებო პირობების დაცვას, სალიზინგო კომპანიისთვის თვითმფრინავის უკან დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, სწორედ კეიპტაუნის კონვენციაა.
საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან საქართველო მიერთების პროცედურების დაჩქარებას ითხოვს ავიაკომპანია Geo Sky-იც, რომელსაც წინა წლებში საჰაერო ხომალდის შემოყვანის დროს გარკვეული პრობლემები შეექმნა.
„დღეისათვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კანონმდებლობა ითვალისწინებს იგივე პირობებს, რასაც კეიპტაუნი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს სახელმწიფოს დონეზე, მაგრამ ვინაიდან უცხო ქვეყნის კომპანიები, საიდანაც მოდის საჰაერო ხომალდები საქართველოში მაინც პრიორიტეტს ანიჭებენ საერთაშორისო კონვენციებს. იყო მოთხოვნა სხვადასხვა დროს, მაგალითად როცა ავიაკომპანია Geo Sky-იმ 2023 წელს ჩამოვიყვანეთ 737 სამგზავრო თვითმფრინავი, საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ირლანდიურ კომპანიასთან, რომ დაგვერწმუნებინა, რომ მათი უფლება სრულად იქნებოდა გათვალისწინებული.
სწორედ მაშინ გავაგზავნეთ წერილი როგორც ავიაციის სააგენტოში, ისე სამინისტროში თხოვნით, რომ იქნებ განეხილა სახელმწიფოს შესაძლებლობა შეერთებოდა კეიპტაუნის კონვენციას. ჩემი ბოლო მონაცემებით, კეიპტაუნთან ყველა პროცედურა დასრულებულია და დარჩენილია უკვე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირება.
დღეს ავიაციის სააგენტო გასცემს საგარანტიო წერილს საჰაერო ხომალდის მესაკუთრის უფლებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს მუშაობს, ვინაიდან ჩვენს და სხვა ავიაკომპანიებსაც ჰყავთ ჩამოყვანილი იჯარით საჰაერო ხომალდები საქართველოში, მაგრამ მაინც არის მოთხოვნა სალიზინგო კომპანიების მხრიდან, რომ კიდევ უფრო რომ გაუმყარდეთ მათი უფლება, გვთხოვეს რამენაირად მოხდეს საქართველოს მიერთება ამ კონვენციასთან“, – აცხადებს შალვა კიკნაძე, Geo Sky-ის გენერალური დირექტორი.
რა პროცედურებია დარჩენილი, საქართველო “საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციას“ მიუერთდეს, ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ამ დრომდე ველოდებით.