“საქართველოს შეუძლია ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით (რომლებსაც გადამწყვეტი როლი ექნებათ) კანდიდატებისა და ამჟამად სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობაზე დანიშნული პირებისთვის” – წერია ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში, რომლის საფუძველზეც ჯერ 2023 წლის ნოემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა, ხოლო დეკემბერში კვლავ ამ პირობების შესრულების დათქმით სტატუსი საბოლოოდ მოგვენიჭა.
ევროკომისია არაპირდაპირ რეკომენდაციაში ხაზს უსვამს კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, უზენაესი სასამართლოსა და დამატებით სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის.
ჩანაწერი საქართველოსთვის მიცემულ ახალ და კვლავ შესასრულებელ 9 რეკომენდაციაში მოხსენიებული ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის ნაწილია, რომელიც ბოლო ათწლეულში ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ყველა დასკვნაშია მოხსენიებული.
ამ რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ გეგმა 2023 წლის ნოემბრის ბოლოსვე წარადგინა, თუმცა სხვა პუნქტების მსგავსად, ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმისთვის გადასადგმელ ნაბიჯებად “შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება” და პარტიებისა და არასამთავრობო სექტორთან ერთად “სამუშაო ფორმატის” შექმნა შეიტანა. სწორედ ამგვარი ფორმატის შეხვედრის დროს დაიწყო დებატი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე და დაიწყო საუბარი ე.წ. ვეტინგის შესახებ.
რა არის ვეტინგი: საერთაშორისო სტანდარტის კვეთა ქართულ რეალობასთან
ვენეციის კომისიის განმარტებით, ვეტინგი ანგარიშვალდებულების მექანიზმია, რომლის მიზანი საჯარო თანამდებობაზე მყოფი პირების მოქმედებებისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი პროფესიული სტანდარტებით უზრუნველყოფაა.
თეორიულად მოსამართლეთა ვეტინგის პროცესი შეიძლება დაიწყოს სისხლის სამართლის დანაშაულის პირდაპირი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ან მიზნად ისახავდეს კეთილსინდისიერების ზოგად შემოწმებას. ამჟამად საქართველოში განხილვა სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ მიმდინარეობს და მისი მიზანი მომავალში მოსამართლეების მხრიდან არასათანადო ქცევის რისკის ალბათობის დადგენაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვეტინგის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გამოიკვლიოს და დაადგინოს, მაგალითად, აქვს თუ არა მოსამართლეს სოციალური კავშირები კორუფციაში ჩართულ პირებთან, რამაც, შესაძლოა, პროცესში მისი ჩართვაც გამოიწვიოს. კიდევ ერთი ნაწილია მოსამართლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეფასება – არსებობს თუ არა რისკი, რომ ამ ორ გარემოებას რაიმეს სანაცვლოდ გადაწყვეტილების კეთილსინდისიერად მიღების საფრთხის ქვეშ დაყენება შეუძლია.
ვეტინგის არსის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან თუ საქმე მოსამართლის მიერ არაკეთილსინდისიერად მიღებული გადაწყვეტილების ფაქტის დადასტურებას ეხება, სახელმწიფოს მტკიცების ტვირთი აქვს. ხოლო, როცა სამომავლო რისკებზე ვსაუბრობთ, მტკიცების ტვირთი ალბათობის ბალანსით იცვლება. ამ ბალანსის განსაზღვრისას წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების სრული კვლევა, როგორც სავარაუდო მტკიცებულებები, მიღებული სტანდარტი არ არის და სწორედ ეს განასხვავებს ვეტინგს ჩვეულებრივი გამოძიებისგან. მარტივი ლოგიკა ისაა, რომ გასაუბრების ან დაკითხვის დროს, ყველას შეუძლია კეთილსინდისიერებაზე ისაუბროს და შესაბამისი დაპირებაც გასცეს, თუმცა ვეტინგის გზით თეორიულად შესაძლებელი უნდა იყოს შეფასდეს პრაგმატული გარემოებები, რასაც გადაწყვეტილების კეთილსინდისიერად მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია და შესაბამისად, ამის ალბათობასაც ზრდის.
ვენეციის კომისია მკაფიოდ მიჯნავს ვეტინგის გზით კეთილსინდისიერების შემოწმებასა და მოსამართლის პროფესიული შესაძლებლობების შეფასებას. ორივე პროცესი გამოყენებული უნდა იყოს მოსამართლის დანიშვნის პროცესში, თუმცა როცა საქმე არსებული კადრების შემოწმებასთან გვაქვს, პროფესიული შესაძლებლობების ნაკლებობა შესაძლოა გამოსწორდეს ტრენინგის გზით. ეს განმარტება მნიშვნელოვანია, როცა საქმე გვაქვს დეზინფორმაციულ ნარატივთან, რომ ვეტინგი “გარეშე ძალების” მიერ ქართველი მოსამართლეების უნარების შემოწმებას გულისხმობს.
საერთაშორისო სტანდარტით, ვეტინგის სამ ქვეკატეგორია გამოიყოფა:
· პრევეტინგი, ანუ შეუსაბამო კანდიდატების დანიშვნის “პრევენცია” კონკრეტულ თანამდებობაზე, რომლის უახლესი გამოცდილებაც მოლდოვაში არსებობს;
· კეთილსინდისიერების შემოწმების რეგულარული სახე, მაგალითად ყოველწლიური, ქონებრივი დეკლარაციით (უახლესი გამოცდილება უკრაინაში);
· სრულმასშტაბიანი ვეტინგის პროცედურა (ალბანეთის, უკრაინის, მოლდოვის, კოსოვოს ზოგადი გამოცდილება).
თეორიულად სასამართლო სისტემაში დანიშნულ ყველა პირს ვეტინგი უკვე გავლილი აქვს. საქართველოს ორგანული კანონის თანახმადაც (მუხლი 63), მოსამართლის დანიშვნის აუცილებელი წინაპირობა მისი კეთილსინდისიერებაა. თითოეული მათგანი უკვე შეფასებული უნდა იყოს ოთხი მახასიათებლით: პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; პიროვნული და პროფესიული ქცევა; პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია.
იმ დათქმით, რომ ეს პირობები უკვე შესრულებულია და მათ შორის რეგულარულად მიმდინარეობს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმება, ვენეციის კომისია ვეტინგს გამართლებულად მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში მიიჩნევს. მაგალითად, ალბანეთის შემთხვევაში კომისიამ ვეტინგის რეკომენდაცია დააფუძნა იმ ვარაუდზე, რომ მას ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა და ეს საგანგებო დროებითი ღონისძიება იყო. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში თითოეული ქვეყნის საქმე განსხვავებულად უნდა შეფასდეს.
საერთაშორისო სტანდარტი პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელისუფლების დანაწილების შტოებისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტია, შესაბამისად ის თავისუფალი უნდა იყოს გარეშე ზეწოლისგან (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-6 მუხლი). აღსანიშნავია, რომ აქ გარე ზეწოლაში ძირითადად ხელისუფლების სხვა შტოები მოიაზრება, თუმცა ლოგიკური ჯაჭვი აქ არ მთავრდება.
სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილების შენარჩუნება მოითხოვს ადეკვატური მექანიზმების არსებობას, რათა მოსამართლისა და თუ პროკურორის თანამდებობაზე არ დაინიშნონ ისეთი პირები, რომლებსაც საჭირო კომპეტენცია არ გააჩნიათ და არ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერების უმაღლესს სტანდარტს. ამასთან დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოება უნდა იწვევდეს არაკომპეტენტური და კორუფციასთან დაკავშირებული მოსამართლეების გათავისუფლებას, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული იმპერატივია რასაც სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს.
საქართველოს შემთხვევაში სწორედ აქ კვეთენ ერთმანეთს სასამართლო შტოს დამოუკიდებლობა და ამ შტოში უმაღლეს თანამდებობაზე დანიშნული ისეთი მოსამართლეები, რომლებიც, მაგალითად, უკვე თითქმის ერთი წელია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ “კორუფციული საქმიანობის” გამოა სანქცირებული. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის პრეცედენტებს საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები ყოველწლიურად აკრიტიკებენ.
მეტად ზოგად სურათში, კეთილსინდისიერების შემოწმება მოიცავს მათ შორის ფინანსური მდგომარეობისა და ნებისმიერი რისკის მიმართ მოწყვლადობის ალბათობის შეფასებას. ეს რისკი შესაძლოა დაკავშირებული იყო ოჯახის ან თანამშრომლების გზით ზეწოლასთან და საფუძვლად უნდა ედებოდეს პროპორციული ეჭვი, რომ პირი ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში. რისკის განსაზღვრის მნიშვნელოვანი მიზანია, რომ გამოვლინდეს სამომავლო სცენარები, რამაც შესაძლოა მომავალში მოსამართლეს კორუფციაში ჩართვისკენ უბიძგოს.
“ვეტინგის მიზანი არ არის დასჯა ან მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლებზე შურისძიება. მეტიც, მისი მიზანია რეალურად დაიცვას მოსამართლეები, პროკურორები და სისტემაში მომუშავე კეთილსინდისიერი წევრები გავლენებისგან, რათა მიეცეთ საშუალება მიიღონ სამართლიანი და კანონზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები” – წერს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია დასკვნაში, რომელიც ვეტინგის კონცეფციასა და მის განმარტებას შეეხება.
ვის და რატომ (არ) აშინებს ვეტინგი
ევროკომისია რეკომენდაციაში აზუსტებს, რომ საქართველოს კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის დანერგვა სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის. ეს მოსამართლეთა სრულ უმრავლესობას ნამდვილად არ ნიშნავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის ვარაუდით, ამოქმედების შემთხვევაში ვეტინგი 60 მოსამართლეს შეეხება. მათგან 24 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, 11 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე ან არამოსამართლე წევრი, ხოლო 25 საქალაქო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარე. ჯამში მოსამართლეთა დაახლოებით 1/6 ნაწილი.
ინიციატივას უკვე მოჰყვა წინააღმდეგობა თავად სასამართლო სისტემისა და მისი წარმომადგენლებისგან. უზენაესი სასამართლოს განცხადებით, ვეტინგი “ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს “კეთილსინდისიერების” შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე”.
უზენაესი სასამართლოს განცხადებაში მოხსენიებული თითოეული სიტყვა საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ირონიულიცაა, რადგან კეთილსინდისიერების შემოწმების სტანდარტიზებული პროცესი სწორედ მათი ყველა “შიშის” აღმოფხვრას ისახავს მიზნად – დამოუკიდებლობის გაზრდას, საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პოლიტიკური კონტროლის შესუსტებას.
საქმე ისაა, რომ, ერთი მხრივ, უზენაეს სასამართლოს, რა თქმა უნდა, თავადვე არ სჯერა არსებულ პოლიტიკურ კლიმატში და ხელისუფლების პირობებში პროცესის სამართლიანად წარმართვის, ხოლო, მეორე მხრივ, უკვე წინასწარვე კარგად იციან, თუ რა შედეგი მოჰყვება ამ პროცესის ნებისმიერი სახით დაწყებას.
მაგალითად, კეთილსინდისიერების შემოწმებას მისი “დემონიზების” მცდელობად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, აშშ-ს მიერ კორუფციაში ჩართულობის მიზეზით სანქცირებული და წლების განმავლობაში სასამართლო კლანის საქმიანობასთან მრავალჯერ დაკავშირებული ლევან მურუსიძე.
იმავე აზრზეა უზენაესის უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეც, რომელიც არასამთავრობო სექტორს “რეინკარნირებულ ინკვიზიტორებს” უწოდებს და რომლის სახელიც, მეორე მხრივ, ქართული სასამართლოს მიერ ამერიკული კომპანიების (Philip Morris-ისა და GAA-ს) დაჯარიმების საქმეებთანაცაა დაკავშრებული.
არაერთი მოსამართლე არ ეთანხმება ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს შეფასებას და ისინი მზად არიან, სისტემაში კეთილსინდისიერების კითხვების გასაქრობად პროცესში ჩაერთონ. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ არ გაიზიარეს სასამართლოს პოზიცია კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესზე, თუმცა მათ ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარისგან მუქარაც მიიღეს, რომ “თუ წინ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს”.
კვლავ, ვეტინგის მოშიშარი მოსამართლეების სია არც ისე მოკლეა და მათ მხარს უჭერს ქართული ოცნებაც. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ “თემა დახურულადაც” გამოაცხადა და კვლავ იმ არგუმენტს გაუსვა ხაზი, რომ ოცნება ხელისუფლების რომელიმე შტოში გადაწყვეტილებების სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიღებას არასდროს დაუშვებს.
“სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ” – თქვა მდინარაძემ და კიდევ ერთხელ არაპირდაპირ გაუსვა ხაზი, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს სუვერენიტეტს ბღალავს, შესაბამისად, ყველა სხვა ქვეყანას, რომელმაც მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი ამ გზით წარმართა, სუვერენიტეტის მოღალატე უწოდა.
ვინ და როგორ გამოიყენა ვეტინგი “სუვერენიტეტზე დარტყმის” გარეშე
მოლდოვა
ვეტინგის ყველაზე ახალი და საქართველოსთან ახლო მაგალითი მოლდოვაა. 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მოლდოვაში ვეტინგის კანონის მიღება და მისი იმპლემენტაციის დაწყება. მოლდოვაში ჩამოყალიბდა კეთილსინდისიერების შემოწმების კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია 6 წევრისგან – მათგან 3 მოლდოველია, ხოლო 3 საერთაშორისო მოწვეული ექსპერტია. კომისიის მანდატი ვრცელდება როგორც უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე, ისე საერთო სასამართლოების მოსამართლეებსა და პროკურორებზე, განსაკუთრებით მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირებზე.
უკრაინა
ვეტინგის პროცესის სრულყოფა უკრაინისთვის 2022 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მიცემული 7 ძირითადი რეკომენდაციის ნაწილი იყო, რომელიც ბოლო დოკუმენტით ევროკომისიამ სრულად შესრულებულად მიიჩნია. პროცესი უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და შემოწმება 2 500-მდე მოსამართლემ გაიარა. 2019 წელს შეწყვეტის მიუხედავად, 2021 წელს ის გამჭვირვალობის ახალი ინიციატივის ფარგლებში განახლდა, ხოლო 2023 წლისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კეთილსინდისიერების შემოწმება დასრულდა. ამჟამად ის საბჭოს 15-ვე წევრს გავლილი აქვს. უკრაინამ ვეტინგის პროცესი გამოიყენა მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის 16 წევრის შერჩევისასაც. ევროკომისიამ პროცესი დადებითად შეაფასა.
ალბანეთი
ალბანეთში სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2014 წელს დაიწყო. 2016 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი მოსამართლეთა და პროკურორთა გარდამავალი შეფასების (ვეტინგის) შესახებ. ევროკომისიის ბოლო შეფასებით, მოსამართლეებისა და პროკურორების შეფასების პროცესი კვლავაც მიმდინარეობს. 2023 წლის მონაცემებით, ვეტინგმა ალბანეთის სასამართლო სისტემაში შეფასებულთა 57%-ის თანამდებობიდან გათავისუფლება ან გადადგომა გამოიწვია. პროცესში აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის საერთაშორისო მონიტორინგის ოპერაცია (IMO) და მისი წარმომადგენლების ჩართვა ალბანეთის პარლამენტის გადაწყვეტილება იყო.
ევროკავშირი მოსამართლეებისა და პროკურორების კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის დაწყებას განურჩევლად ყველა შემთხვევაში არ ითხოვს. მაგალითად, ევროკომისია ეწინააღმდეგებოდა კოსოვოში ინიცირებულ ვეტინგის პროცესს, რადგან ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო და მალევე პროცესმა სისტემა სრულად გადატვირთა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიას ვეტინგის დაწყების პირდაპირი რეკომენდაცია არც საქართველოს შემთხვევაში არ გაუცია, არსებული პრაქტიკის საფუძველზე ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმისთვის ის შესაძლოა ნაწილობრივ წარმატებული მცდელობაც იყოს. თუმცა, არსებობს საფრთხეები – ბუტაფორიულად წარმართული პროცესი რეალური შედეგის გარეშე, ან შედეგი, რომელსაც ისედაც გადატვირთული ქართული მართლმსაჯულების სისტემა ვერ გადაიტანს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომისია იქვე მართლმსაჯულების სისტემაში თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების საერთაშორისო ჩართულობით გადამოწმებასაც ითხოვს. ეს არც ისეთი გასაკვირი ნაბიჯია, რადგან საქართველო უკვე ბლოკის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და დროთა განმავლობაში ყველა იმ კანონს უნდა დაუახლოვდეს, რომელსაც ევროკავშირის ზეეროვნულ დონეზე არეგულირებს.
საბოლოოდ, მტკიცება, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის დაწყება სწორედ ვეტინგით სჭირდება და ევროკომისიის რეკომენდაციაც ამას გულისხმობს, ბოლომდე დამაჯერებელი არ არის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ამ პროცესს მინიმალური წარმატებისთვისაც კი ქვეყნის კონტექსტზე დეტალურად მორგება სჭირდება, ამ დეტალებზე საუბარი კი არც ისე აქტიურად მიმდინარეობს. ფაქტი, რომ ხელისუფლებასა და სასამართლო კლანს კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგ აბსურდული არგუმენტები აქვს, არ ნიშნავს, რომ პროცესი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისთვის უპირობო პანაცეა იქნება, ან ყოვლისმომცველი რეფორმებისთვის გზის გასახსნელად მხოლოდ ეს იქნება საკმარისი. მეტიც, ის შესაძლოა სასამართლო რეფორმის რთულად დასათვლელი უკვე მერამდენე ტალღის მატყუარა ინდიკატორი აღმოჩნდეს, როცა სისტემას გამოსასწორებლად დანგრევა და თავიდან აშენება სჭირდება.