თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია. მათ შორისაა „მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანიც, რომელიც საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.
უწყვეტმა პროტესტმა რაჭის ტყეების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით რაჭიდან თბილისში დღეს გადმოინაცვლა.
ტერიტორიაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ინფორმაციისთვის, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ აქვს, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განცხადება განაცხადა, რომ რაჭის ტყეებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა იგეგმება და ეს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვას გამოიწვევს.
ინფორმაციას „მაუწყებელი“ და „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებენ.
ფოტო: „მაუწყებელი“