რაჭაში ტყე არ გაყიდულა, საპროტესტო აქციების საფუძველი არ არსებობს | სამინისტრო

არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დღევანდელი საპროტესტო აქციის პასუხად და აღნიშნავს, რომ სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება. მათივე ცნობით, ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა:
უწყების განმარტებითვე, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება ვერ მოხდება.
„ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე. რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს – შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში. რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ და აინტერესებდათ, რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. მათ სამინისტროსთან კარვის გაშლა და გზის გადაკეტვა სცადეს, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. -მ 11 პირი დააკავა.