რაჭაში მდებარე სასტუმრო “მანინომ” მუშაობა განაახლა – “ფასები თითქმის იგივეა, რაც წინა წელს”

რაჭაში, კერძოდ უწერაში მდებარე სასტუმრო “მანინომ” მუშაობა განაახლა. 18 აპრილიდან სასტუმრომ მიმდინარე წლის სეზონი გახსნა და სტუმრების მიღებაც დაიწყო.
როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში „მანინოს“ საოპერაციო მენეჯერმა ზურა სამხარაძემ განაცხადა, სასტუმრო უკვე 60%-იანი დატვირთულობით მუშაობს.
“გახსნა აღდგომის კვირას დავამთხვიეთ და თავიდანვე კარგი დატვირთულობა გვქონდა. მას შემდეგაც კარგად მიდის საქმე, პოზიტიურ ჭრილში განვიხილავთ მომავალ სეზონს, თუ ყველაფერი კარგად იქნა”, – აღნიშნა ზურა სამხარაძემ.
რაც შეეხება სტუმრების გეოგრაფიას, “მანინოს” საოპერაციო მენეჯერი ამბობს, რომ სასტუმროს ჰყავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრები. მისივე თქმით, უცხოელი სტუმრები არიან როგორც ამერიკიდან და ევროპიდან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
“მანინო უწერაში” 14 ნომერს, დახურულ აუზს, რესტორანს, ლაუნჯს, საკონფერენციო დარბაზს, რეკრეაციულ ზონას აერთიანებს. მიმდინარე სეზონზე კი ბავშვების გასართობი სივრცეების, მათ შორის სათამაშო მოედნების დამატება იგეგმება.
სასტუმრო, რომელიც რეგიონში ბუნებრივი გაზის არქონის გამო, ზამთრის სეზონზე მუშაობას წყვეტს ხოლმე, საშუალოდ 30 ადამიანს ასაქმებს.
“თუ დატვირთულობა დიდი იქნება, კადრების კიდევ დამატებასაც განვიხილავთ. ახლა ჩვენი დასაქმებულების დიდი ნაწილი ადგილობრივია.
მოგეხსენებათ, ჩვენი სასტუმრო სეზონურია, ვინაიდან რაჭაში ბუნებრივი აირი არ არის შემოყვანილი. ვიმედოვნებთ, რომ გაზი მიმდინარე წელს შემოვა. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, ჩვენ გადავალთ ოთხსეზონიან მუშაობაზე”, – აღნიშნა ზურა სამხარაძემ.
რაც შეეხება ფასებს, Bm.ge-სთან ინტერვიუში ზურა სამხარაძე ამბობს, რომ წელს „მანინოს“ ფასების მცირედით დაკორექტირება მოუწიათ, – “განთავსების ფასები თითქმის იგივეა, რაც წინა წელს, თუმცა მცირედით ზრდა მაინც მოგვიწია. ეს ზოგადად ფასების ზრდამ განაპირობა”, – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე სასტუმრო “მანინოში” განთავსება ორადგილიან ნომერში საუზმით 380 ლარიდან იწყება და 590 ლარამდე ადის. ზაფხულის სეზონისთვის კი, ფასები იმატებს.