რაჭაში მდებარე “მეღვინეობა ბარაკონი” საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE -სთან კომპანიის დამფუძნებელმა, კახაბერ გორდეზიანმა განაცხადა.
“მეღვინეობა ბარაკონი” რაჭაში 2016 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს 7 დასახელების ღვინოს, კერძოდ ხვანჭკარას – ნახევრად ტკბილს, თეთრას – ნახევრად ტკბილს, თეთრას – მშრალს, ალექსანდროულს – მშრალ წითელ ღვინოს, უსახელაურს – ნახევრად ტკბილ წითელს, ტვიშს – ნახევრად ტკბილ თეთრს და ბარაკონს – ნახევრად მშრალს.
კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, ექსპორტს უკვე 3 წელია ბალტიისპირეთსა და ჩეხეთში ახორციელებს, ხოლო ახალ ბაზრებზე, კერძოდ გერმანიასა და ავსტრიაში ნიმუშები აქვს გაგზავნილი.
„საექსპორტო ბაზრების მხრიდან ჩვენ ღვინოს დადებითად აფასებენ და სავარაუდო გეგმაც დავდეთ. სავარაუდოდ ჩეხეთში 15000 ბოთლი და ბალტიისპირეთში 10000 ბოთლი ღვინის გასვლა იგეგმება. ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნა არის და ვვითარდებით.
ექსპორტს ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ჩეხეთში ვახორციელებთ უკვე 3 წელია. ამასთან, ავსტრიაში და გერმანიაში ნიმუშები გვაქვს გაგზავნილი და პასუხების მოლოდინში ვართ“,- აცხადებს გორდეზიანი.
მისივე ცნობით, კომპანია წელიწადში 40000 ბოთლს ასხამს, თუმცა ზრდის პოტენციალი აქვს.
ინფორმაციისთვის, „მეღვინეობა ბარაკონი“ რაჭაში მდებარეობს და მომხმარებელს ღვინოსთან ერთად, მომსახურების სერვისსაც სთავაზობს.