ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი, კურორტების განვითარების სააგენტო რაჭის ახალი კურორტების განვითარების კონცეპტუალური დიზაინის შექმნაზე გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 335 134 ათასი დოლარი იქნება.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უწყება აღნიშნავს, რომ 2023 წლის აგვისტოში, რაჭაში, შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რაჭაში ახალი კურორტ(ებ)ის არსებობა, შესაბამისად რეგიონში კონკურენტუნარიანი და ოთხსეზონური მთის კურორტების განვითარებისთვის შერჩეულია ორი პრიორიტეტული მიმართულება ახალი კურორტების განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს ონის მუნიციპალიტეტში მრავალძალის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხარტალი-ბეთლევი-შხივანას არეალებს.
აღნიშნული საკურორტო ადგილები რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მრავალძალი – ზღვის დონიდან 1750- 2100 მ-ს, ხოლო სხარტალი-ბეთლევი-შხივანა – 1100-1300 მ-ის სიმაღლის დიაპაზონში მდებარეობს. ორივე ლოკაცია იძლევა დიდ შესაძლებლობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკურორტო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.
კურორტების განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ კონცეფცია მალე უნდა შეიქმნას და ამისთვის შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული წესით შესყიდვის ნებართვას სთხოვენ.
“ღონისძიების სპეციფიკიდან, მასშტაბებიდან და ვადებიდან გამომდინარე, შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა და შემდგომ შესყიდვის ელექტრონული ტენდერის პროცედურებით განხორციელება შეუძლებელია. ამდენად, შემჭიდროებული ვადების გათვალისწინებით, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მომსახურების შესყიდვა მიზანშეწონილია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შეუფერხებლად, მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში”, – აცხადებს სააგენტო.
შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა მოამზადოს განვითარების კონცეპტუალური დიზაინი.
მრავალძალი, შხივანა, ბეთლევი, სხარტალი – ეს ის ზონებია, რომლებზეც 2024 წელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, სახელმწიფომ ტურისტული განვითარებისთვის მოიძია. აღსანიშნავია, რომ შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია იყო, რომ სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია. შოვის ნაცვლად მრავალძალის კურორტი განვითარება “სიმეტრიას” სურს. უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ საინვესტიციო პროექტების მმართველმა ირაკლი ბერეკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოსთან მიმდინარე მოლაპარაკებით, შესაძლოა მონაწილეობა მრავალძალის განვითარებაში მიიღონ.
