რაც უფრო დიდია უმუშევრობის დახმარება, მით უფრო მაღალია უმუშევრობის დონე – კვლევა

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise სოციალური დაცვის პოლიტიკის შესახებ პუბლიკაციას აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, რაც უფრო დიდია უმუშევრობის დახმარება, მით უფრო მაღალია უმუშევრობის დონე.
„ემპირიულ ლიტერატურაში ფართოდ შესწავლილი საკითხია სოციალური დაცვის პროგრამების ნე­გა­ტიუ­რი გავ­ლე­ნა შრო­მის ბაზარზე, რაც ადამიანებში სამსახურის ძებნისა და გამდიდრების მოტივის დაქვეითებაში გამოიხატება. თუ ადამიანს მუშაობის გარეშე შეუძლია ფინანსური და სხვა ფორმის სარგებლის მიღება, ბუნებრივია, მას უმუშევრად დარჩენის სტიმული უჩნდება. სხვა სიტყვებით, რაც უფრო დიდია უმუშევრობის დახმარება, მით უფრო მაღალია უმუშევრობის დონე, სამუშაოს დროებით დატოვების გამო (ძირითადად, დახმარების მიღების ვადით). მაგალითად, ესპანეთი უმუშევრობის მაღალი დონით გამოირჩევა (2023 წელს უმუშევრობის მაჩვენებელმა 12.1% შეადგინა).
ამასთან, ქვეყანაში უმუშევრობის დახმარება 2 წელი გრძელდება. უმუშევარი, დახმარების სახით, პირველი 6 თვე – ბოლო ხელფასის 70%-ს, ხოლო დანარჩენი პერიოდი 50%-ს იღებს. მსგავსი მდგომარეობაა საფრანგეთში, ბელგიასა და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობის დახმარებას მთავრობები ხელგაშლილად გასცემენ. უმეტესწილად, უმუშევრობის მაღალი დონეც ამ გულუხვ უმუშევრობის დახმარებას უკავშირდება.
შედეგად, ამგვარი სოციალური დახმარება ამცირებს შრომის მიწოდებას, შრომის მიწოდების შემცირება კი ზრდის სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას და ამცირებს სოციალური დახმარების გასაწევად საჭირო რესურსებს (დასაბეგრი ბაზის შემცირების გამო)“,- წერია პუბლიკაციაში და იქვე ხაზგასმულია, რომ სოციალური დახმარების მისაღებად ხშირია მანიპულაციები და მონაცემების ფალსიფიკაცია.
„კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა – სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის­თვის მა­ნი­პუ­ლაციე­ბის­თვის მიმართვა, რისი სტიმული თავად პროგრამების მოწყობაშია. მანიპულაციის სტიმული ჩნდება მაშინ, როცა სოციალური დახმარების პროგრამა პირობიანი, მიზნობრივი და არარეგულარულია. მაგალითად, 1990-იან წლებში კოლუმბიის მთავრობამ დანერგა მასშტაბური მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, სადაც დახმარების მიღება შინამეურნეობის მდგომარეობის ქულებით შეფასებას ეფუძნებოდა. ამისთვის კი შინამეურნეობების ზოგიერთი პარამეტრი შეისწავლეს და მათი სიღარიბის ინდექსი განსაზღვრეს.
თუმცა კვლევამ გამოავლინა, რომ სიღარიბის შეფასებების მნიშვნელოვანი ნაწილი ფალსიფიცირებული იყო, მეტი დახმარების მიღების მიზნით. ასეთივე მანიპულაციები გამოვლინდა ბრაზილიის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში, სადაც მონეტარული ტრანსფერის მიღების შესაბამისობის კრიტერიუმი იყო შინამეურნეობის შემოსავლების დონე.
სოციალური დაცვის სისტემები, გა­მო­დევ­ნის ეფექ­ტის შედეგად, თრგუნავს კერძო ინიციატივებს. პირველ რიგში, ადამიანის სოციალური დახმარების პროგრამაში მონაწილეობა ამცირებს ამ უკანასკნელის პერსონალურ დაზოგვას. მაგალითად, ემპირიული ლიტერატურა ადასტურებს სავალდებულო საპენსიო სქემების პირობებში ხანდაზმულობისათვის დაზოგვის კერძო და ნებაყოფლობითი ინიციატივების გამოდევნის არსებობას. სოციალური დახმარების დანერგვამ შეიძლება გაღარიბების რისკისგან დაცვის არაფორმალური და ნებაყოფლობითი მექანიზმები შეამციროს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებად ქვეყნებში“,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.