მიმდინარე წლის ივნისში „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში კრემაციის მომსახურების საკითხები უნდა დაარეგულიროს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც „ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის გაცემას“ გულისხმობს.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მმართველმა გუნდმა ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიისთვის ერთი კვირა მოითხოვა და კენჭისყრა 27 ნოემბერსაა დაგეგმილი. დეპუტატი ამბობს, რომ მოლოდინი არ აქვს, რომ კანონპროექტს მარტივად გაიტანს, მაგრამ კომიტეტზე როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, პლენარულ სხდომაზე ამ საკითხს მაინც გაიტანს. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დავინახო კონკრეტული არგუმენტები როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან – რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ იმას, რომ არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს ადამიანს, სიკვდილის შემდეგ როგორ განკარგოს თავისი სხეული“, – ამბობს ხათუნა სამნიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, საკითხთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე გამოწვევაა – ეკლესიის დამოკიდებულება; კრძალავს თუ არა კრემაციას ქრისტიანული რელიგია; დასაშვებია თუ არა წესის აგება კრემირებულ ნეშტზე; კანონის მიღების შემთხვევაში იქნება თუ არა მოთხოვნა კრემაციაზე; გამოჩნდება თუ არა ბიზნესი, რომელიც ინვესტიციას ჩადებს კრემატორიუმის აშენებაში და ა.შ.
ამას გარდა, სასაფლაო მიწები სულ უფრო დეფიციტური ხდება. მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, დაკრძალვისთვის გამოყოფილი მიწის ფართობის უმეტესი ნაწილი უკვე გამოყენებულია. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, გორში სასაფლაოებისთვის უკვე ათვისებულია გამოყოფილი მიწის 97%-ი, თბილისში – 74%-ი, ზესტაფონსა და ზუგდიდში 72% და 70%-ი. კანონპროექტის მხარდამჭერების აზრით, კრემაციის სერვისის განვითარება ამ პრობლემის გადაწყვეტას, სასაფლაოებზე მოთხოვნის კლებასა და მიწის რესურსის გამოთავისუფლებასაც შეუწყობს ხელს.
კანონპროექტი და საზოგადოებრივი განწყობის კვლევა
დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ საქართველოში კრემაციის საკითხის შესწავლა გასულ წელს დაიწყო. მანამდე UNDP-ის მხარდაჭერით საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა მომზადდა რომლის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, სერვისზე მოთხოვნისა და ხელის შემშლელი ფაქტორების შესწავლა და კრემაციის სერვისის დანერგვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი იყო.
„აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში კრემაცია აკრძალული არ არის, ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალში კოდიც აქვს მინიჭებული, მაგრამ კერძო სექტორი თუ დაინტერესდება ამ სფეროში ინვესტიციით და კრემატორიუმის აშენებას მოისურვებს, ამის შესაძლებლობა არ ექნება, რადგან ამაზე სპეციალური ლიცენზიის მიღება შეუძლებელია. მეორეს მხრივ, თუ ადამიანს ამ სერვისით სარგებლობა მოუნდა, ვერ ისარგებლებს. აღმოჩნდა, რომ ორი პატარა კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც ამ სერვისით სარგებლობას რუსეთში ან უკრაინაში უზრუნველყოფს, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს იმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რაც არ უნდა მცირე რაოდენობა იყოს, ეს სერვისი თავისივე ქვეყანაში მიიღონ“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.
აღნიშნულმა კვლევამ გამოავლინა, რომ 2022 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 6% ნამდვილად გამოიყენებდა კრემაციას, 9%-ისთვის კი უფრო მისაღები იქნებოდა, ვიდრე მიუღებელი. გამოკითხულთა 60%-ისთვის კი კრემაცია სრულიად მიუღებელია.
„კვლევაში მონაწილე 6% მტკიცედ პასუხობს, რომ გამოიყენებდა კრემაციის სერვისს არსებობის შემთხვევაში. ჩვენ დავაკვირდით ასაკობრივ ჭრილს და აღმოჩნდა, რომ ეს ძირითადად ახალგაზრდა ადამიანები არიან. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს ხვალ გადასაწყვეტი საკითხი არ არის. მე მინდა, რომ დღეს ეს დავარეგულიროთ კანონმდებლობით და ხვალ და ზეგ აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილების და მოთხოვნაზე დაფუძნებით გამოჩნდება რამდენადაა მასზე მოთხოვნა. დარწმუნებული ვარ, რომ მოთხოვნა იქნება იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.
ამას გარდა, კვლევისას საკითხი ეკონომიკურ ჭრილშიც შეისწავლეს – რა თანხა დასჭირდებოდა დაინტერესებულ ბიზნესს კრემატორიუმის შექმნაში ინვესტიციისთვის, რამდენი დრო იქნება საჭირო რომ ბიზნესი მოგებიანი იყოს და ა.შ. აღმოჩნდა, რომ 7-8 წელიწადია საჭირო, რომ ეს ბიზნესი ინვესტორისთვის საინტერესო გახდეს და საჭირო ინვესტიცია ასობით ათასი ლარია.
კრემაცია და ეკლესია
„დღესდღეობით ასეა, რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია, მაგრამ ტრადიცია სხვა რამეს გვკარნახობს“, – აცხადებს კრემაციაზე საუბრისას დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. მისი თქმით, „დღეს ნამდვილად არ არის ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად და ბევრისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ შეიძლება, რომ ეკლესიამ ამ თემაზე იმსჯელოს და რაღაც რეკომენდაცია დადოს.“
„კრემაცია რომ არ შეიძლება, ეს არსად არ წერია, არც ბიბლიაში, არც სჯულის კანონში, მაგრამ ერთია, რომ არ გვაქვს ეს კანონი, მაგრამ მეორეა, რომ ჩვენ ასე ვკრძალავთ ჩვენს მიცვალებულებს. საქართველოს რაც შეეხება, დღესდღეობით ნამდვილად არ არის ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად და ბევრისთვის მიუღებელი იქნება. თუმცა, ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს თავის პოზიცია, იმსჯელოს, მღვდელმთავართა კრება შეიკრიბოს და რაღაც დასკვნა და რეკომენდაციები დადოს, რა როგორ სჯობს. პირად აზრს გეტყვით – აკრძალული არ არის, თუმცა, ჩვენს ტრადიციებში ეს ყველაფერი არ ზის. ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას დღეს ამის მიღება გაუჭირდება“, – აცხადებს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.
მორწმუნე საზოგადოების ნაწილს ყველაზე მეტად ის საკითხი აწუხებს, შესაძლებელია თუ არა კრემირებული ნეშტის წესის აგება. დეკანოზი 4 წელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მსახურობდა და ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პირადი გამოცდილება გაგვიზიარა. მისი თქმით, კრემაციის შემთხვევაში ეკლესიას არასდროს აუკრძალავს წესის აგება.
„მე მქონია არაერთი შემთხვევა. როდესაც კრემაციას გადაწყვეტდნენ, ვეუბნებოდი – თუ არის საშუალება, სანამ კრემაციას ჩაუტარებთ, იქამდე ავუგებთ წესს იმიტომ, რომ წესის აგების შემდეგ წმინდა წყლის სხურება, ზეთის ცხება ხდება, რაც მსახურებითი ნაწილია. მაგრამ ზოგჯერ მოდიოდნენ მაშინ, როცა ადამიანს კრემაცია უკვე ჩატარებული ჰქონდა და წესი იყო ასაგები. რა თქმა უნდა, ეკლესიას არასდროს აუკრძალავს წესის აგება. კრემირებულ ადამიანს ჩვენ ჩვეულებრივ ვუგებთ წესს. დღესდღეობით ასეა, რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია, მაგრამ ტრადიცია სხვა რამეს გვკარნახობს,“ – აცხადებს დეკანოზი.
„კომერსანტი“ ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიმართა, მაგრამ მათ კრემაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
კრემაციისა და ტრადიციული დაკრძალვის ხარჯები
კვლევის თანახმად, საქართველოში ტრადიციული დაკრძალვის ხარჯები 1 110-3 100 ლარს შორის მერყეობს, დოლარში მაჩვენებელი 367-დან 1033 დოლარია.
რაც შეეხება კრემაციის ფასებს, ქვეყნების მიხედვით, სერვისის ღირებულება 450 დოლარიდან იწყება და 5 000-მდე აღწევს. ყველაზე დაბალი ფასები გაერთიანებულ სამეფოსა და ხორვატიაშია, ყველაზე მაღალი – აშშ-ში.
ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ 2022 წლამდე, საქართველოში კრემაციის სერვისის იმპორტი ძირითადად რუსეთისა და უკრაინის კრემატორიუმებში ხდებოდა. სერვისის ღირებულება, ტრანსპორტირებისა და საჭირო დოკუმენტების მომზადების ჩათვლით, 6 000-დან და 10 000 ლარამდე შეადგენდა. ამავე კვლევის თანახმად, ყოველთვიურად საქართველოში კრემაციის სერვისის იმპორტის 2-3 შემთხვევა იყო.
„კომერსანტის“ კვლევით, ბოლო წლებში, საქართველოში ფასების ზრდის გათვალისწინებით, დაკრძალვის ხარჯებიც დაახლოებით 10-15%-ითაა გაზრდილი. საფლავი, სასახლე, სარიტუალო ატრიბუტები, კატაფალკით მომსახურება, ქელეხის სუფრა – ეს ის ძირითადი ატრიბუტებია, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელია. სარიტუალო დამკრძალავი ბიუროები მომხმარებლებს სხვადასხვა ფასის და ხარისხის, VIP და ეკონომ-კლასის მომსახურებას სთავაზობენ, რომელთა მინიმალური ფასიც საფლავის გარდა, 10 000 ლარამდეა. სასაფლაოს ფასი – 50-დან 2000 ლარამდეა; მიცვალებულის ჩასასვენებელი – 250-დან 3 000 ლარამდე ჯდება, კატაფალკი – 200-დან 600 ლარამდე.
თბილისში არსებული ერთ-ერთი კრემატორიუმში, რომლის ოფისი ფეიქრების ქუჩაზე მდებარეობს გვითხრეს, რომ გვამს თავიანთი მაცივრიანი მანქანით რუსეთს ფედერაციაში, ქალაქ როსტოვში მიასვენებენ და მომსახურება თავისი საბუთებით, სასახლით, სარიტუალო სერვისუთ 2500 დოლარი (დაახლოებით 6800 ლარამდე) ჯდება. კომპანიაში გვითხრეს, რომ კრემაციით ძირითადად უცხოეთის მოქალაქეები სარგებლობენ.
კრემაციის მსოფლიო პრაქტიკა
მსოფლიოში კრემაციაზე მოთხოვნის ზრდა განსაკუთრებით პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში დაჩქარდა, როცა გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ფართის სიმცირის პრობლემა გამოიკვეთა. ევროსაბჭოს ბევრ ქვეყანაში, დაკრძალვასთან დაკავშირებულ მომსახურებას საზოგადოებას, ძირითადად, კერძო ფირმები სთავაზობენ.
მაგალითისთვის, საბერძნეთში კრემაციის შესახებ კანონი ძალაში 2006 წელს შევიდა;
ხორვატიაში ამჟამად ორი კრემატორიუმი მოქმედებს და ორივე საჯაროა. მისი გახსნის პირველ წელს ხორვატიაში მხოლოდ ერთი კრემაცია განხორციელდა, ხოლო 2021 წლისათვის მაჩვენებელმა 8 175-ს მიაღწია, რაც გარდაცვლილთა რაოდენობის, დაახლოებით, 13%-ია;
პოლონეთში პირველი კრემატორიუმი 1993 წელს ამოქმედდა. ამჟამად მათი რიცხვი 70-ს აღწევს. ქვეყნის სარიტუალო მომსახურების მიმწოდებელთა პალატის ინფორმაციით, დიდ ქალაქებში მოსახლეობის 50-70% ირჩევს კრემაციას, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 20-30%. რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებლებს, 2021 წელს 500 000 დაკრძალვიდან 200 000 კრემაცია იყო. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში კრემაციის რეგულაციის საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობს;
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭომ არ ცნო კრემაცია დაკრძალვის ნორმად, მაგრამ ეკლესია მათ მოიხსენიებს როგორც ქრისტიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად არ დაკრძალეს. წმინდა სინოდმა 2015 წლის მაისში სპეციალურ მემორანდუმში „მიცვალებულთა ქრისტიანული დაკრძალვის შესახებ“ მღვდლებს რეკომენდაცია გაუწია, რომ კრემაცია არასასურველ მოვლენად მიიჩნიონ, მაგრამ ასეთი ფაქტების მიმართ ლმობიერება გამოიჩინონ.
სხვა გამოწვევები
ხათუნა სამნიძისთვის ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს რელიგიური თვალსაზრისით ხედავდეს. ის ამბობს, რომ შეეცდება პლენარულ სხდომაზე ახსნას, რომ კრემაციას არც ერთი რელიგია არ კრძალავს და ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაში კრემაცია დაშვებულია. გამოწვევა იქნება ასევე კანონის აღსრულება, რადგან კრემატორიუმის აშენება დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული. თუმცა, „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ დაინტერესებული ბიზნესი გამოჩნდება და ამ საქმეში ინვესტიციას ჩადებს. მანამდე კი მის კანონპროექტს პარლამენტში დამსწრეთა უმრავლესობის, მინიმუმ 51 დეპუტატის ხმას სჭირდება.