სინდისის პატიმრების ყოველ მომდევნო პროცესზე იმ განცდით შედიხარ, რომ ვეღარაფერი გაგაკვირვებს. ე.წ. 11 პირის საქმეზე, მაღალია ალბათობა, მოისმინო ის, რაც შესაძლოა, უკვე მოსმენილი გაქვს ე.წ. 8 პირის საქმეზე. 19 ადამიანთან, ერთი და იმავე ბრალდების გასამყარებლად, თითქოს მათ ორგანიზებული, ჯგუფური დანაშაული ჩაიდინეს, პროკურატურას ერთი და იგივე მოწმეები მოჰყავს.
პროცესიდან პროცესამდე მეტად დაღლილები და გულდამძიმებულები ჩანან ბრალდებულები. დეკემბრიდან მოყოლებული, მათი მისამართი საპყრობილეა, იდენტობა — რეჟიმის ტყვე. ამბობენ, რომ ციხეში დრო ნელა გადის, მაგრამ გასული 6 თვის კვალი მათ სახეებსა და განწყობაზე გაფიქრებინებს, რომ დრო პირიქით აჩქარდა და 6-მა თვემ ბევრად მეტი დაიტია.
ჩქარობს სასამართლოც! კიდევ ცოტაც და განაჩენის გამოტანა თუ ვერ მოასწრო, პატიმრების საპყრობილიდან გამოშვება მოუწევთ და დარჩენილ სხდომებზე ისინი უკვე სახლებიდან ივლიან. რეჟიმს ეს არ აწყობს. სხდომები ერთმანეთის მიყოლებით ინიშნება. ივლისის ბოლომდე 38 სამუშაო დღეა დარჩენილი. მარტო 11-პირის საქმეზე 18 სხდომაა ჩანიშნული. კალენდარში მორჩენილ „თავისუფალ“ დღეებს 8-პირიანი პროცესი ავსებს. ადვოკატებს სხვა კლიენტებიც ჰყავთ, სხვებსაც იცავენ, უფრო სწორად, ვეღარ ასწრებენ. ოჯახები ნახევრად ხუმრობით საუბრობენ ერთმანეთში, რომ ივლისის ბოლომდე სასამართლოსთან ახლოს საზიაროდ იქირაონ ბინა.
აღარ ხუმრობს ონისე ცხადაძე. ვეღარ. თავის შემაგრება სულ უფრო უჭირს ვეფხია კასრაძეს და არა იმდენად საკუთარი სიმართლისთვის, რამდენადაც, შვილად რომ ეკუთვნიან, მის გვერდით მჯდომ პატარა ბიჭებზე იერიშების გამო კარგავს ხოლმე მოთმინებას. კვირების წინ, საკუთარ დამკავებელსაც ჩვეული მოცინარი თვალებითა და მშვიდი სახით ამხელდა ტყუილში ირაკლი მიმინოშვილი, მაგრამ ნიკოლოზ ჯავახიშვილის დამკავებელთან, რომლის თვალწინ და მონაწილეობითაც ნიკოლოზზე იძალადეს, სახე ეშლება.
ვერავინ, ვერცერთი ბრალდებული, ვერცერთი ადვოკატი, ოჯახის ვერცერთი წევრი გეტყვით, რომ ამ მოცემულობაში, ამ სასამართლოში, სიმართლის პოვნის რწმენა აქვს. აცნობიერებენ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და ეს გადაწყვეტილება დარბაზში მოსამართლის მიერ არ მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ადვოკატი ომარ ფურცელაძე გვეუბნება, ყველა სხდომას იგებს დაცვა, აგებს ბრალდება და სწორედ ამიტომაც მოჰყავს პროკურატურას განსაკუთრებით დაბალი მორალური ღირებულებების მოწმე პოლიციელები. თუმცა ამ დამამძიმებელ, მოლოდინების ჩამკვლელ ერთფეროვნებასაც აქვს თავისი დინამიკა და გადახვევები, რაც რეჟიმის უსამართლობისადმი გამძლეობის გამოცდაში მორიგი ტურის გახსნას ემსგავსება.
ირაკლი ქერაშვილის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილის, ანდრო ჭიჭინაძის, ვაკო თეთრაშვილის, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკის, რუსლან სივაკოვის, რეზო კიკნაძის, ანუ ე.წ. 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა 10 ივნისს შედგა.
ბრალდების მხრიდან აქამდე ვუსმენდით ძირითადად დაზარალებულ პოლიციელებს, რომლებსაც არ ახსოვთ, ვინ ესროლა ესა თუ ის საგანი, რითაც დაზიანება მიიღეს. არ იცნობენ და არ დაუნახავთ არცერთი ბრალდებული. არ იციან, საერთოდ რომელიმე მათგანი აქციაზე იყო თუ არა. მაგრამ ითხოვენ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ, როცა/თუ მოსამართლე ამას გადაწყვეტს. 11-პირიან საქმეში, უკვე მეორე სხდომაა, ვისმენთ გამომძიებლებსაც, რომელთაც თითქოს რაღაც ისეთს მიაგნეს, რის საფუძველზეც კონკრეტულ ბრალდებულებს ადებენ ხელს. ეს „რაღაც“ არის მაგალითად, ყალბი ანგარიშის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეო „პოსტივის“ ლოგოთი.
დღეს პირველი მოწმე გამომძიებელი, დავით ქიტიაშვილი იყო. მისი დაკითხვა თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. გამომძიებელმა, მისი თქმით, შსს-ს პრესცენტრიდან გამოითხოვა და დაათვალიერა ვიდეომასალა, დანიშნა ექსპერტიზა პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით და ხელს ადებს რამდენიმე ბრალდებულს — ირაკლი ქერაშვილს, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, ანდრო ჭიჭინაძეს, რუსლან სივაკოვს, ვაკო თეთრაშვილს, თითქოს ისინი აქციაზე ისროდნენ საგნებს, პიროტექნიკას სამართალდამცველების მიმართ.
ადვოკატების მხრიდან ჯვარედინი დაკითხვისას ირკვევა, რომ ვიდეოებში, რომლებსაც მოგვიანებით სხდომებზე გამოიკვლევენ, არ დასტურდება, რომ ბრალდებულები ნივთებს ნამდვილად სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან. არ ჩატარებულა ექსპერტიზა ნასროლი ნივთების რაობის დასადგენად. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში, მოწმე მიერ მიერვე შედგენილ ოქმებსა და დადგენილებებში ნასროლ ნივთებს მოიხსენიებს, როგორც გაურკვეველ საგნებს, სასამართლოზე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ეს იყო ქვა, მძიმე და მყარი საგნები და ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედება. თუმცა, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს თუ არა, ამის დადგენას ემსახურება სასამართლო თავისი არსით. გამომძიებლის პასუხები მისი კომპეტენციის ფარგლებს უბრალოდ სცდება.
მოწმე ქიტიაშვილი ბრალდების მხარის აქამდე დაკითხული მოწმეებიდან კონკრეტულ და ვიწრო კითხვებზე პასუხის არიდებით ან ისეთი პასუხებით გამოირჩევა, რაც დასმულ კითხვასთან კავშირში არ არის. ღიზიანდება შენიშვნებზე, ხელს ურტყამს მოწმის ტრიბუნას, ხმას უწევს, ჭკუას არიგებს ადვოკატებს და არ ემორჩილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილსაც კი, რომელსაც პროცესის მართვა და დამორჩილება არაერთხელ გაუძნელდა.
„წარმოიდგინეთ, სასამართლოს დარბაზში როგორ ელაპარაკება ადვოკატებს და როცა ბრალდებულთან დარჩება მარტო, როცა კონტროლი არ არსებობს, მას როგორ დაელაპარაკება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?“ — რიტორიკულ კითხვას სვამს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.
„გამაცემინეთ პასუხი. არ არის ჩემი შეფასება, რომ [ნასროლი საგანი] არის ქვა, ესაა ფიზიკის კანონი!“ — თითქმის ყვირის მოწმე, როდესაც ეკითხებიან, რის საფუძველზე ამტკიცებს სასამართლოში, რომ ნასროლი ნივთი, რომელიც თავადვე მოხსენიებული აქვს „გაურკვეველ საგნად“, არის ქვა.
„ქვამკვლევი ხართ, მეცნიერი თუ ვარაუდობთ?“, — ისმის ადვოკატების მხრიდან.
„ისმის კონკრეტული კითხვები და მოწმე არცერთ კონკრეტულ კითხვას კონკრეტულად არ პასუხობს. ბატონო დავით, მოეშვით მორალური პიედესტალიდან ლაპარაკს. იმიტომ, რომ ამის უფლება თქვენ არ გაქვთ. საუბრობთ ფამილიარულად და თითების ბაკუნით. ყველას შეგვიძლია ეგ, მაგრამ არ ვაკეთებთ. შინაარსს არც ვეხები და განზრახვას, რა და როგორ იფუთება აქ, ყველას ესმის. ეს ფამილიარული ლაპარაკი არის ძალიან გამაღიზიანებელი“, — სიტყვას ითხოვს ანდრო ჭიჭინაძე, როცა უკვე საათებია გასული, რაც მოწმის დაკითხვა დაიწყო და საათებია სასამართლოში ერთი ადგილი იტკეპნება.
მოწმე ქიტიაშვილიცა და პროკურორი ვაჟა თოდუაც დაკითხვის მიმდინარეობისას ტელეფონში სისტემატურად და სინქრონულად იყურებიან. ამაზე ყურადღება გაამახვილეს ანდრო ჭიჭინაძემ და ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა. შეუძლებელია მტკიცება, ერთმანეთთან ჰქონდათ მიმოწერა პროკურორსა და მოწმეს, თუ სხვა ვინმესთან. სასამართლომ ამასთან დაკავშირებით არსებითი ზომები არ მიიღო და იმ დროსაც, როდესაც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, მოწმე ქიტიაშვილი კვლავ ტელეფონში ასრულებდა გარკვეულ ოპერაციებს. როგორც შემდეგ ანდრო ჭიჭინაძეს უთხრა, პატივისცემის გამოვლინებად უნდა ჩაეთვალოს ეს, რადგან მისი თქმით, ანდროს საუბრისას განყოფილების ხელმძღვანელი ურეკავდა, მან კი გაუთიშა და შეტყობინებაც კი არ გაუგზავნა.
დავით ქიტიაშვილის შემდეგ მცირე დრო დაეთმო მერიის წარმომადგენლის დაკითხვას, რომელსაც ფაქტობრივად არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ აქციების დროს ტროტუარის ფილები, ქვაფენილი, ბოძები დაზიანდა და ზარალმა 140 000 ლარამდე მიაღწია. მესამე მოწმე მალხაზ შაშვიაშვილმა დაზარალებული პოლიციელების ნაწილი გამოჰკითხა. სხდომათა დარბაზიდან ეს მოწმეც მალე გათავისუფლდა. მის მიერ გამოკითხული დაზარალებული პოლიციელები თავადაც მოწმეები არიან საქმეში.
ჯერი მორიგ გამომძიებელზე, გიორგი მაჭარაშვილზე მიდგა, რომელიც ამჯერად უკვე გიორგი ტერიშვილს ადებს ხელს. თუ დავით ქიტიაშვილის ჯვარედინი დაკითხვისას გაირკვა, რომ მას თავისი თვალით არ უნახავს და სხვების მონაყოლს ეყრდნობა, როცა ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა რაღაც საგნები სამართალდამცველების მიმართულებით ისროლეს, მაჭარაშვილი ამბობს, რომ მას ნანახი აქვს „სხვა დიდი ვიდეო, სამუშაო ვერსია“, სადაც თითქოს ჩანს, რომ გია ტერიშვილმა საგანი პოლიციელების მისამართით ისროლა. ოღონდ საქმე იმაშია, რომ ეს „სამუშაო ვერსია“ ვიდეო საქმეში არ დევს და იმ მონაკვეთში, რაც საქმეს აქვს დართული, სამართალდამცველების მიმართ სროლა არ ჩანს.
მაჭარაშვილის ჩვენებიდან აღსანიშნავია ისიც, რომ მის მიერ გამოკვლეული ვიდეო ფეისბუკის ყალბი ანგარიშიდან, ვინმე ტატო მაისურაძისგან არის აღებული და მასზე „პოსტივის“ ლოგოა დატანილი. იგივე ყალბი ანგარიში და მისი ვიდეო ფიგურირებს საბა სხვიტარიძის საქმეშიც. გამომძიებელმა არც/ვერც ის დაადგინა, ვინ არის ტატო მაისურაძე სინამდვილეში, რამდენად ავთენტურია ვიდეო, არც ის ჩაუთვლია საჭიროდ, რომ ეთერში გასული კადრები გამოეთხოვა, თუ ასეთი ნამდვილად არსებობს. არ ჩათვალა გამოძიებისთვის მნიშვნელოვნად, გამოკვლეულიყო, რა უჭირავს ხელში ტერიშვილს.
„ამ საღამოს სახლში რომ მიბრძანდეთ და იმავე მაისურაძის მიერ დადებული ოცწამიანი კადრი ნახოთ, რომ ვაჟა თოდუა ესვრის ვინმეს რამეს, გამოძიებას დაიწყებთ?“ – ეკითხება ჯანო არჩაია მოწმე გიორგი მაჭარაშვილს. მოწმეს ეს კითხვა განარიდეს და პროკურორმა ვაჟა თოდუამ მისი გვარ-სახელის მაგალითად მოყვანაც გააპროტესტა.
მოუსმინეთ გური მირცხულავას და ჯანო არჩაიას ადვოკატს, ომარ ფურცელაძეს, რომელიც აჯამებს 10 ივნისს სასამართლოში გამოკითხული მოწმე პოლიციელებისგან მიღებულ ინფორმაციასა და ვიდეო-მტკიცებულებებს.
„ხშირად მიფიქრია, მგონი სჯობს მოგვისაჯონ-მეთქი, ეს ისევ გააღვივებდა პროტესტს და გარეთ გამოიყვანდა ხალხს. განუკითხაობა ხდება. როგორც უნდათ, იჭერენ, მიზეზიც არ სჭირდებათ. მედიებს ატერორებენ, ცენზურას უწესებენ. კრიტიკაც კი დანაშაულია. რა განგვასხვავებს საბჭოთა კავშირისგან, აღარ ვიცი. […] რასაც მომისჯით, იმაზე 12 დღე დამიმატეთ, რადგან — ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“ — პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობს რეზო კიკნაძე.
ონისე ცხადაძეს მოსამართლე გაძევებით ემუქრება.
„გაძევებაც არ არის პრობლემა, 5 წელი შეიძლება მომიწიოს ციხეში უსამართლოდ ყოფნა. თუ გამაძევებენ, დიდი არაფერი. ვხედავთ ერთი და იგივე პროკურორებს, აქაც, სხვაგანაც. ცალ-ცალკე, ერთად. ამ მოსამართლეს — აქ, სხვაგან. მოვდივართ აქ, ვხედავთ ამ ყველაფერს, მერე მივდივართ, ვუყურებთ საკანში ტელევიზორში, ვბრუნდებით ისევ აქ და იგივე ხდება. მოდის ვიღაც მოწმე, უსვამენ კონკრეტულ კითხვას, არ სცემს პასუხს, ეხმარება პროკურორი. მინდა, რომ წარმოიდგინოთ, სახლში მიხვედით, მეორე დღე გათენდა და ეს რაღაცა [რაც აქ ხდება] არ არსებობს. როგორ შეიცვლებოდა სამყარო, ამაზე მინდა დაფიქრდეთ. მძიმე, საშიში დამნაშავეები ვსხედვართ აქ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ამ საქმეზეო, მოწმემ თქვა. ასეთი ინტერესი არის, როცა საბრალდებო სკამზე გყავს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანები, ან უდანაშაულო ადამიანები. თავად იფიქრეთ, გამოიკვლიეთ ჩვენი ბიოგრაფიები. უსამართლოდაც რომ ჩამსვათ, მაგაზეც აღარ მაქვს პრობლემა, მაგრამ ძალიან რთულია ამ ყველაფრის ატანა. ეს მინდა, რომ გესმოდეთ“, — თქვა ონისე ცხადაძემ პროცესზე, როცა მოწმე ქიტიაშვილმა დარბაზი დატოვა.
იმ ფონზე, რომ ბრალდების მოწმეც კი პროცესისადმი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე ლაპარაკობს; უხერხულ და არახელსაყრელ კითხვებს პროკურორი ვაჟა თოდუა მოწმეს არიდებს იმ „არგუმენტით“, რომ კამერებისთვის ლაპარაკობს დაცვა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი მოულოდნელ განვითარებას აძლევს პროცესს და დარბაზს ყველას გვატოვებინებს, მედიის ჩათვლით. მოსამართლე გალუსტაშვილს სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაზე, რომ დარბაზი მედიასაც უნდა დაეტოვებინა, თავი არ შეუწუხებია. მისი გადაწყვეტილება მოჰყვა კომენტარს დარბაზიდან, როცა ერთ-ერთი ბრალდებულის ცოლმა აღნიშნა, რომ საათების განმავლობაში, დილიდან, მიმდინარე პროცესის ბრალდებულები საკვების გარეშე იყვნენ.
მომდევნო სხდომა 11 პირის საქმეზე პარასკევს, 13 ივნისს, 11 საათზეა ჩანიშნული.
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა პროცესებზე სრული სურათის აღსაქმელად, ასევე წაიკითხეთ:
ჩვენებები, რომლებიც სამართლიან სასამართლოში ბრალდებულების სასარგებლოდ ჩაითვლებოდა — საქმეები 11+8
