რაც არ უნდა გავაკეთო, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მაინც ვერ მივიღებ – ტრამპი
რაც არ უნდა გავაკეთო, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მაინც ვერ მივიღებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შუამავლობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუანდის წარმომადგენლები ორშაბათს, ვაშინგტონში შეთანხმებას გააფორმებენ.
„ეს შესანიშნავი დღეა აფრიკისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მთელი მსოფლიოსთვის! ამისთვის ნობელის პრემიას ვერ მივიღებ, ასევე, ვერ მივიღებ ნობელის პრემიას ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის შეჩერებისთვის, ვერ მივიღებ ნობელის პრემიას სერბეთსა და კოსოვოს შორის ომის შეჩერებისთვის, ვერ მივიღებ ნობელის პრემიას ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ვერ მივიღებ ნობელის პრემიას ახლო აღმოსავლეთში აბრაამის შეთანხმებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, ნობელის პრემიას რუსეთ-უკრაინისა და ირან-ისრაელის კონფლიქტების მოგვარების შემთხვევაშიც ვერ მიიღებს.
„რა არ უნდა გავაკეთო, მათ შორის რუსეთის-უკრაინის, ისრაელის-ირანის შემთხვევაშიც კი, რა შედეგებიც არ უნდა ჰქონდეს ამას, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მაინც ვერ მივიღებ, მაგრამ ხალხმა ეს იცის და ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ეს არის!“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე, პაკისტანის მთავრობამ განაცხადა, რომ „ბოლოდროინდელ კრიზისში გადამწყვეტი დიპლომატიური ჩარევისა და მნიშვნელოვანი ლიდერობის გამოვლენის აღიარების ნიშნად“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე დონალდ ტრამპის კანდიდატურას ოფიციალურად წარადგენს.
„პაკისტანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ინდოეთ-პაკისტანის ბოლოდროინდელი კრიზისის დროს მისი გადამწყვეტი დიპლომატიური ჩარევისა და მნიშვნელოვანი ლიდერობის გამოვლენის აღიარების ნიშნად, დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიაზე ოფიციალურად წარადგინოს“, – ნათქვამია პაკისტანის მთავრობის განცხადებაში.
