„რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია, მაგრამ ტრადიცია სხვა რამეს გვკარნახობს“ – დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი კრემაციაზე

„დღესდღეობით ასეა, რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია, მაგრამ ტრადიცია სხვა რამეს გვკარნახობს“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ კრემაციაზე საუბრისას დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „დღეს ნამდვილად არ არის ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად და ბევრისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ შეიძლება, რომ ეკლესიამ ამ თემაზე იმსჯელოს და რაღაც რეკომენდაცია დადოს.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელმაც ქვეყანაში კრემაციის მომსახურების საკითხები უნდა დაარეგულიროს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც „ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის გაცემას“ გულისხმობს. პარლამენტში კანონპროექტს კენჭი 27 ნოემბერს უნდა უყარონ და მის დასამტკიცებლად დამსწრეთა უმრავლესობა, მინიმუმ 51 ხმაა საჭირო.
საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე გამოწვევა და კითხვაა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკლესიის დამოკიდებულებაა, კრძალავს თუ არა კრემაციას ქრისტიანული რელიგია, დასაშვებია თუ არა წესის აგება კრემირებულ ნეშტზე და ა.შ.
ჩვენთან საუბრისას დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა, რომ „კრემაცია რომ არ შეიძლება, ეს არსად წერია, მაგრამ ჩვენ მიცვალებულის დაკრძალვის სხვა ტრადიცია გვაქვს“.
„კრემაცია რომ არ შეიძლება, ეს არსად არ წერია, არც ბიბლიაში, არც სჯულის კანონში, მაგრამ ერთია, რომ არ გვაქვს ეს კანონი, მაგრამ მეორეა, რომ ჩვენ ასე ვკრძალავთ ჩვენს მიცვალებულებს. საქართველოს რაც შეეხება, დღესდღეობით ნამდვილად არ არის ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად და ბევრისთვის მიუღებელი იქნება. თუმცა, ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს თავის პოზიცია, იმსჯელოს, მღვდელმთავართა კრება შეიკრიბოს და რაღაც დასკვნა და რეკომენდაციები დადოს, რა როგორ სჯობს. პირად აზრს გეტყვით – აკრძალული არ არის, თუმცა, ჩვენს ტრადიციებში ეს ყველაფერი არ ზის. ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას დღეს ამის მიღება გაუჭირდება“, – აცხადებს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.
მორწმუნე საზოგადოების ნაწილს ყველაზე მეტად ის საკითხი აწუხებს, შესაძლებელია თუ არა კრემირებული ნეშტის წესის აგება. დეკანოზი 4 წელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მსახურობდა და ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პირადი გამოცდილება გაგვიზიარა. მისი თქმით, კრემაციის შემთხვევაში ეკლესიას არასდროს აუკრძალავს წესის აგება.
„მე მქონია არაერთი შემთხვევა. როდესაც კრემაციას გადაწყვეტდნენ, ვეუბნებოდი – თუ არის საშუალება, სანამ კრემაციას ჩაუტარებთ, იქამდე ავუგებთ წესს იმიტომ, რომ წესის აგების შემდეგ წმინდა წყლის სხურება, ზეთის ცხება ხდება, რაც მსახურებითი ნაწილია. მაგრამ ზოგჯერ მოდიოდნენ მაშინ, როცა ადამიანს კრემაცია უკვე ჩატარებული ჰქონდა და წესი იყო ასაგები. რა თქმა უნდა, ეკლესიას არასდროს აუკრძალავს წესის აგება. კრემირებულ ადამიანს ჩვენ ჩვეულებრივ ვუგებთ წესს. დღესდღეობით ასეა, რაც აკრძალული არ არის, დასაშვებია, მაგრამ ტრადიცია სხვა რამეს გვკარნახობს,“ – აცხადებს დეკანოზი.
„კომერსანტმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსაც მიმართა, მაგრამ მათ კრემაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.