ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი შონ კომბსი (იგივე Diddy, Puff Daddy) ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილი 5 ბრალიდან 3-ში გაამართლეს, 2-ში კი დამნაშავედ ცნეს. გადაწყვეტილება მათ თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს.
CNN-ის ინფორმაციით, რეპერი დამნაშავედ ცნეს წარდგენილთაგან ყველაზე მსუბუქ მუხლებში, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას ტრანსპორტირების უზრუნველყოფით. ამ საქმეში ფიგურირებენ როგორც კომერციულ სექს-მუშაკები, ისე ორი ქალი, რომლებიც დაზარალებულის სტატუსით სარგებლობენ. მათგან ერთის ვინაობა უცნობია, მეორე კი რეპერის ყოფილი პარტნიორი, კესი ვენტურაა. სწორედ ვენტურაა ის ქალი, რომელმაც კომბსს სასამართლოში უჩივლა. ამბის გახმაურების შემდეგაც არაერთმა ადამიანმა ისაუბრა სავარაუდო დანაშაულებზე, რომლებიც რეპერის მიერ მოწყობილ წვეულებებზე ხდებოდა.
რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომლებშიც ნაფიცმა მსაჯულებმა რეპერი გაამართლეს, მათ შორისაა რეკეტის შესახებ შეთქმულება და ტრეფიკინგი ძალადობითა და მოტყუებით.
ის მუხლები, რომლებშიც რეპერ გამართლდა 15 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ის მუხლები კი, რომლებშიც დამნაშავედ ცნეს – 10 წლამდე პატიმრობას.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ გადაწყვეტილება მოსამართლე არუნ სუბრამიანმა უნდა მიიღოს იმაზე რამდენ ხანს გაატარებს კომბსი ციხეში.
რეპერის ადვოკატები მოითხოვენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ის დარბაზიდან გათავისუფლდეს გირაოს სანაცვლოდ, რადგან ყველაზე მძიმე ბრალდებებში გამართლდა. პროკურატურა მის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვს. მოსამართლემ მხარეებს შუამდგომლობების წერილობით წარდგენა დაავალა და სხდომა დროებით დახურა.
