“რაღაც სასწაული ძალით, დღევანდელი გლდანის ციხისკენ მგზავრობაც, ყველაზე ემოციური აღმოჩნდა” – ანაკო ტურაშვილი

მიჩვეული ვარ, რომ თუ ტაქსით მივდივარ გლდანის ციხისკენ ან სასამართლოსკენ, გზაში მძღოლები მეკითხებიან ხოლმე სად, რატომ, ვისთან მივდივარ. მეც ვუყვები ხოლმე და ერთად ვლანძღავთ მთავრობას (სხვაგვარად არცერთხელ მომხდარა).
დღეს განსაკუთრებით ემოციური დღე იყო, 1 წელი გავიდა საბა ჯიქიას დაჭერიდან და რაღაც სასწაული ძალით, დღევანდელი გლდანის ციხისკენ მგზავრობაც, ყველაზე ემოციური აღმოჩნდა. “რაზე ზის თქვენი მეგობარი?” “აი აქციებზე დაკავებულებიდან ერთ-ერთია.” “უი, რას ამბობთ.. რომელი? “საბა ჯიქია.” “ვახ.. კი მაგრამ მაგას ხომ მიუსაჯეს, ისევ აქ რატომ არის, რატომ არ გადაჰყავთ?” “ყველას მისჯილი აქვთ, მაგრამ არავინ გადაჰყავთ, უარი უთხრეს, რადგან ცნობადი პატიმრები არიან” “ანუ ოთახიდან საერთოდ ვერ გადიან?” “ვერა..” “მეც ვიჯექი გლდანში 9 თვე, წინა ხელისუფლების დროს.” “უი რას ამბობთ..” “დღეს დილით ვფიქრობდი ზუსტად და ალბათ ბედია რომ შემხვდით, მაშინ როდესაც მომისაჯეს, სასამართლოს გასასვლელ ოთახში სხვა პატიმარი შემოიყვანეს, მე 1 წელი მომისაჯეს მაგ დღეს , ვკითხე რამდენი მოგისაჯეს მეთქი და ღიმილით მითხრა 25 წელიო, ჩემი გაოგნებული სახის დანახვაზე დააყოლა, არ ვნერვიულობ ესენი 25 წელი ხომ მაინც არ იქნებიანო, ხოდა დღეს ბიბისის ფილმს ვუყურებდი და ეგ ამბავი გამახსენდა, აი მართლა როდემდე იქნებიან ესენი ბოლოს და ბოლოს? ის პოლიციელი და ის პროპაგანდის ჟურნალისტიც, ხომ მიხვდება ერთ დღესაც, რომ როგორც სხვას ძარცვავენ, ისე ძარცვავენ მასაც, როგორც სხვას უსპობენ მომავალს, ისე უსპობენ მასაც, როგორც სხვას წამლავენ, ისე წამლავენ მათაც, იმ აქციებს ხომ თვითონაც აშუქებდნენ? მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ვერც მიხვდნენ ვერასდროს, ზოგი არც ფიქრობს საერთოდ.. რამხელა სიძლიერეა სამშობლოს გამო ციხეში ყოფნა, ამაზე დიდი არც კი ვიცი რა შეიძლება გააკეთო, მერაბ კოსტავა სად ჰყავდათ გამოკეტილი და კაცი კლდესავით იყო, იმიტომ რომ სამშობლოსთვის შეეძლო. ეს ბიჭები როგორი მაგრები არიან.. როგორ უნდა შერჩეთ ამათ მაგათი გამწარება? როგორ არიან ისე, რას ამბობენ, მხნედ თუ არიან?” ამ დროს მე უკვე ცრემლები ჩამომდის სახეზე და ფანჯრიდან ვიყურები, შორს უკვე მოჩანს გლდანის პენიტენციალური. “დიახ ძალიან მხნედ არიან, ზოგჯერ ალბათ უჭირთ კიდეც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აქეთ გვამხნევებენ ხოლმე” “ზოგისისთვის ერთი კვირა ათ წელს უდრის, ზოგს კი უფრო ადვილად გადააქვს ციხის წლები.. როცა მარტო რჩები შენ თავთან, ათასი ფიქრი გაქვს, საკუთარ თავს შეიცნობ და მერე გარე სამყაროსაც სულ სხვანაირად აღიქვამ. ყველას ცვლის ციხე, მაგრამ თუ სწორად წახვალ, დროს კარგად გამოიყენებ და ძალიან გაზრდილი გამოხვალ. აუცილებლად უთხარი რომ ღამე იმ თეთრ განათებაზე არ იკითხოს, მაგან მომისპო თვალები, ახლაც ვერ ვხედავ შორს. საკანში ყველაფერი ახლოს რომ არის, თვალი ზარმაცდება და ფუჭდება, უთხარი რომ ფანჯრიდან ხშირად იყუროს, ჰორიზონტზე, შორს, რაიმე წერტილი აირჩიოს ხოლმე და იმას დააკვირდეს, ხშირად იყუროს შორს, რომ თვალმა სივრცის აღქმა არ დაკარგოს.” ამ დროს თითქმის მივედით. “უი დამავიწყდა რომ ქეში მაქვს მითითებული და აქედან გამომართვით.” კაცს ეღიმება. “გგონიათ ახლა თქვენგან ფულს ავიღებ? ასეთ ადგილას მიდიხართ, ასეთ მეგობართან, პირიქით ნეტავ მეტის გაკეთება შემეძლოს, ჩვენი სამშობლოსთვის იბრძვით..”. რომ გადმოვედი ცრემლები ღვარად მდიოდა, თან ვიღიმოდი. სევდა და უსამართლობა მატირებდა, მაგრამ სიამაყე და იმედი მაღიმებდა. ციხის ეზოდან დიდხანს ვაკვირდებოდი იმ ჰორიზონტს, ხრიოკ მთას, რომელზეც საბამ შორეული წერტილი უნდა აირჩიოს და უყუროს ხოლმე.
ფოტოზე მე და ანრი, საბას 1 წლის anniversary გლდანის #8 პენიტენციალურთან