„რაღაც დონეზე ბიზნესი სსრკ-შიც არსებობდა, მაგრამ ეს ბიზნესი კი არა, ვაჭრობა და „ცეხავიკობა” იყო. ახლა შესაძლოა, ზუსტად იქ დავბრუნდეთ“ – შოთა ბურჯანაძე

2025 წლის I კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა – ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ განახლებულ მიმოხილვაშია ნათქვამი. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევაში 27 მსხვილი და 92 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა.
2025 წლის I კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.8 პუნქტით შემცირდა და -5.0-ს გაუტოლდა.
ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების (-21.5) სექტორში დაფიქსირდა.
რესტორატორი, შოთა ბურჯანაძე თვლის, რომ სიტუაციის გაუმჯობესება არა ბიზნესს, არამედ სამთავრობო გუნდს ევალება, სწორედ მას აქვს ის ბერკეტები, რომელთა ამოქმედებითაც, შესაძლებელი გახდება, ქართული ბიზნესი განვითარების გზას დაუბრუნდეს.
განწყობების გაუარესების მთავარი მიზეზი კი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ქვეყნის თვითიზოლაციაა.
„ბოლო პერიოდში, ჩემი აზრით, ნებისმიერი კითხვა, რომელიც დაისმება ბიზნესთან და მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებით, რიტორიკულია.
პასუხი ნათელია, როცა თვითიზოლაციაში მოვექეცით და მოვშორდით ქვეყნებს, საიდანაც 33 წლის მანძილზე ყველანაირი სიკეთე მივიღეთ. უხილავი ძალაც რომ არსებობდეს, რომელიც ამ სიტუაციას მოაგვარებს, ყველაფერს დრო სჭირდება.
ქალაქში რომ ტურისტი არ დადის, უნდა ვიკითხოთ, მუშაობს ტურისტული სფერო? ამ პირველ ზარალს სასტუმროები მიიღებენ. შემდეგ ამ ზარალს ნახავენ რესტორნები, როცა ტურისტები დააკლდებათ და ადგილობრივების რაოდენობა ზარალის შესამცირებლად საკმარისი არ იქნება. ეს ყველაფერი ჯაჭვურად იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და ხელფასების კლებას. ამ კრიზისულ სიტუაციაში ჩვენ ვყოფილვართ, მაშინაც და ახლაც, გამოსწორების გზა, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობაა.
რაღაც დონეზე ბიზნესი სსრკ-ს დროსაც არსებობდა, მაგრამ ეს „ბიზნესი“ კი არა ვაჭრობა იყო, ე.წ ცეხავიკობა. დასაქმების, დოვლათის შექმნა და გადასახადების გადახდა არ ხდებოდა და ზუსტად ამ პროცესს შეიძლება დავუბრუნდეთ. დოვლათი კი არ შეიქმნება, ადამიანები უბრალოდ შეეცდებიან, რომ გადარჩნენ.
ჩვენ ვიყავით იმ ეტაპზე, როცა ბიზნესის განვითარებას ხელი ეწყობოდა, ეს მთავრობის მმართველობის დამსახურებაც იყო. ინფრასტრუქტურული განვითარება შეიძლება კოჭლობდა, მაგრამ ბიუჯეტი ივსებოდა.
„რა გავაკეთოთ?“- როცა კითხვას სვამ, ეს უკვე ბიზნესზე აღარ არის დამოკიდებული, ეს იმ გარემოზეა დამოკიდებული, რომელიც შექმნილია. სამწუხაროდ, ფორსმაჟორი კი არ გვაქვს, ეს თავად შევქმენით. საქმე იმან უნდა გამოასწოროს, ვინც ქვეყანა და ბიზნესგარემო ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიყვანა“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში.