რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?

იმას, რაც 28 თებერვალს ოვალურ ოფისში ზელენსკისა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის მოხდა, დიპლომატიის ისტორიაში ე.წ. მერფის კანონის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება ეწოდოს – ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, ცუდად წასულიყო, ცუდად წავიდა. პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის მედიების წინ გამართული მწვავე კამათი მხარეებს შორის მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე დამთავრდა.
ცხადია, ასეთი სახით დაპირისპირება სამარცხვინო და რთული საყურებელი იყო ყველასთვის, ვისაც უკრაინის ან ზოგადად თავისუფალი სამყაროს ბედი ანაღვლებს და ალბათ ყველა ასეთი თანაზიარია იმ რეაქციის, რაც შეხვედრის მაგიდასთან მყოფ უკრაინის ელჩს ჰქონდა. ამავდროულად, მარტივი სავარაუდოა ისიც, რომ მსგავსი სანახაობით ნასიამოვნები მხოლოდ ვლადიმირ პუტინი და დასავლეთის სხვა მტრები დარჩებოდნენ.
ფუნდამენტურ დონეზე პასუხისმგებლობა იმაზე, რომ -უკრაინის ურთიერთობები ასე გაუარესდა, ტრამპის ადმინისტრაციას უნდა დაეკისროს რუსეთთან არჩეული პოლიტიკისთვის, რომელიც პუტინთან მორიგ გადატვირთვის მცდელობას ჰგავს. ამ ომის დამთავრების საუკეთესო გზა, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებაა. თუმცა სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ არასაკმარისი და დაგვიანებული დახმარების გამო სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე ფრონტის ხაზზე წინსვლას ვეღარ ახერხებს.
სრულად გასაგებია ზელენსკის პოზიციაც, რომელიც რუსეთთან ომის სამი დამღლელი და სასტიკი წელიწადის გამოვლით არის ნასაზრდოები. მართალს ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც იგი ხაზს უსვამს პუტინის მხრიდან შეთანხმებების დარღვევის მრავალწლიან ისტორიას და ასევე ლეგიტიმური მოთხოვნაა, რომ შესაძლო შეთანხმებას თან ახლდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თეთრ სახლში ზის ადმინისტრაცია, რომლის მხარდამჭერების ნაწილსაც არ აინტერესებს დამატებითი დახმარების გაგზავნა სხვა კონტინენტზე მიმდინარე ომში, რომელშიც მიაჩნიათ, რომ აღნიშნული დახმარების მიმღები მხარე ვერ გაიმარჯვებს.
ამგვარი იზოლაციონისტური განწყობები გრძელვადიან პერიოდში ისევ აშშ-ს ინტერესებისთვის იქნება დამაზიანებელი. თუმცა ასეთ ვითარებაში ზელენსკის ორჯერ მეტი წინდახედულობის, დიპლომატიური გამჭრიახობისა და იობის მოთმინების გამოჩენა მართებს, რათა მოქცევის როგორმე უკუქცევა შეძლოს.
ეს მიღწევადია ტრამპის მიერ არჩეული საგარეო კურსის ფარგლებშიც, რომლის მთავარი არსი ომის დიპლომატიური გზით გადაჭრაა. იმ გარემოებების მიუხედავად, რომელიც ტრამპმა უკრაინის გარშემო შექმნა, ზელენსკის ჰქონდა და კვლავ აქვს აშკარა საშუალება, ტრამპთან მიმართებით ისეთი გზა აირჩიოს, რომელიც მას ტრამპთან წარმატებას მოუტანს. უფრო მეტიც, ამ პერიოდში ის ადამიანები, რომელთა სურვილიც ს წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვებაა, ცხადად ხედავდნენ და არაერთხელ მიანიშნებდნენ ზელენსკის, რომ სწორედ ეს გზა აერჩია.
უკრაინის პრეზიდენტს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ევალებოდა, რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამწევი ქვეყნის ადმინისტრაციასთან, სულ მცირე, საჯაროდ დაპირისპირებისგან თავი აერიდებინა. ამის მაგივრად, ის, რაც ზელენსკიმ ოვალურ ოფისში მოახერხა, მხოლოდ უხეშ შეცდომად შეიძლება დახასიათდეს.
დასაწყისში ნახსენებ ე.წ. მერფის კანონს მართალია, ხშირად ხუმრობით მიმართავენ და რეალურ ფიზიკის კანონს არ წარმოადგენს, მაგრამ შეიძლება მისი მეშვეობით შესაძლო დაბრკოლებების წინასწარ განსაზღვრაც მოხდეს. ზელენსკი ამ შეხვედრიდან სამშობლოში მინერალებზე დადებული შეთანხმებით უნდა ჩასულიყო, რომელიც არაერთი დასავლელი პოლიტიკოსისა თუ საჯარო პირის თქმით, გარკვეული კუთხით უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფას განაპირობებდა, რაც შეხვედრაზე ტრამპმაც გაიმეორა.
მეორე მხრივ, ტრამპი შეთანხმებაზე ხელმოწერით პოლიტიკურ გამარჯვებას აღნიშნავდა. ეს შეთანხმება არსებითად შეცვლიდა ტრამპის გარემოცვაში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიას და აშშ-ს პრეზიდენტს საშუალებას მისცემდა, საკუთარ მხარდამჭერებში უკრაინის მიმართ გადადგმული მომდევნო ნაბიჯები გაემართლებინა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან შეთანხმება ვერ შედგებოდა.
შედგებოდა თუ ვერა რუსეთთან შეთანხმება ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ტრამპსა და მის გუნდს არაერთხელ აქვთ ნათქვამი, რომ არსებულ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა სურთ. თუმცა ოვალურ ოფისში ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრაზე ორი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე შეჩერება არ მოხდება.
ამავე პრესკონფერენციაზე ლავროვმა ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების ვერცერთ ვარიანტს განიხილავს. ეს უკანასკნელი კი იმ ფონზე, როცა ტრამპს საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ ვლადიმირ პუტინს მასთან საუბრისას უკრაინაში ევროპული სამშვიდობოების განლაგებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გამოუხატავს:
“მე მას [პუტინს] ეს კითხვა დავუსვი. თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ის ომით დაინტერესებული აღარ იქნება. მე მას ზუსტად ეს ვკითხე. მას ამასთან [სამშვიდობო ჯარების განლაგებასთან] პრობლემა არ აქვს”. – თქვა ტრამპმა 24 თებერვალს.
შესაბამისად, რუსული მხარის მხრიდან უკრაინაში ომის დამთავრებაზე აშშ-ს პრეზიდენტის “დიპლომატიური” მცდელობების უგულებელყოფა და ამ მხრივ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპის იმპულსურ ყურს კარგად არ მოხვედროდა. ასევე რთული წარმოსადგენია, რომ მსგავსი სირთულეების გათვალისწინებით რუსეთთან შეთანხმების მიღწევა მოკლე პერიოდში მომხდარიყო. ეს ერ-რიადში რუსულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც აღნიშნა.
მეტიც, როცა ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ პუტინს “შეთანხმების მიღწევა სურს”, მან იქვე დაამატა, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა პუტინს შეთანხმებას მიაღწიოს. ამით მან საჯაროდ პირველად დატოვა ღია სივრცე რუსეთთან შეთანხმების შესაძლო ვერ მიღწევასთან დაკავშირებით. ზელენსკის ამოცანა შეხვედრამდე, და ახლაც, იგივე იყო – აჩვენოს აშშ-ს ადმინისტრაციას, რომ იმ პირობებითაც კი, რომელსაც ამჟამად ტრამპიც ემხრობა, რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების დასადებად მზად არ არის.
კიდევ ერთი შესაძლებლობა ტრამპს თვალში რუსული მხარის “გასაშავებლად” გაეროში ომთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ წარდგენილი რეზოლუცია იყო, რომელიც რუსეთის ღიად არ დაგმობასთან ერთად უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანასაც არ ითხოვდა – ცხადია, სრული აბსურდი.
თუმცა, კიდევ ერთხელ, როგორც ტრამპმა შეხვედრაზევე განმარტა, მას მიაჩნია, რომ არ შეიძლება საჯაროდ მეორე მხარეზე ცუდი რაღაცები ელაპარაკო და შემდგომ პირად საუბრებში შეთანხმების მიღწევას მოელოდე. მსგავსი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით ჩანასახშივე განწირულია მარცხისთვის და პირველ რიგში ამერიკის ინტერესებისთვის არის დამაზიანებელი. მაგრამ ასევე ხსნის იმ ნაბიჯებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აქამდე გადადგა.
ხოლო ის ფაქტი, რომ რუსეთმა ტრამპის მხრიდან “კეთილი ნების” მსგავს გამოხატულებას რეზოლუციის არათუ მხარდაჭერით, ან სულაც კენჭისყრაზე თავის შეკავებით, არამედ რეზოლუციის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემით უპასუხა, შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ისევ იმ ხაზის გასავითარებლად, რომ პუტინი ტრამპის “დიპლომატიურ” მცდელობებს არაფრად აგდებს.
მაშასადამე, უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე ზელენსკის ორი უმთავრესი ამოცანა იყო, რომ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებისთვის მიეღწია და ტრამპის მხრიდან ომის დიპლომატიური გზით გადაჭრის მცდელობებთან დაკავშირებით, სულ მცირე, ღიაობა გამოეხატა იმაზე ყურადღების გამახვილებით, რომ რუსეთი ტრამპის ძალისხმევას არ თანხმდება და ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებს გზავნის.
ეს ამოცანა უკრაინის პრეზიდენტისთვის სავსებით მიღწევადი იყო. წინა დღით ტრამპმა ფაქტობრივად უკან წაიღო ზელენსკის დიქტატორად დახასიათება, როდესაც თავი მოაჩვენა, თითქოს არ ახსოვდა, თუ როგორი დამაზიანებელი პოსტი მიუძღვნა უკრაინის ლიდერს. ამას გარდა, წინა დღით გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან კირ სტარმერთან მან აღნიშნა, რომ სურს უკრაინას შეძლებისდაგვარად ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს.
ეს პოზიტიური გზავნილია იმ ფონზე, როცა ზელენსკიმ აღიარა, რომ ამჟამად უკრაინას არ გააჩნია შეიარაღება, რათა ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსულ ჯარებს გასვლა აიძულონ. აშშ-ს პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამდა, რომ მინერალებზე შეთანხმება უკრაინისთვის თავისთავად უსაფრთხოების გარანტია იყო, რადგან თუკი ადგილზე აშშ-ს ინტერესები იქნებოდა, რუსეთი განმეორებით თავდასხმას ვერ გაბედავდა.
ერთი შეხედვით შერეული გზავნილი იყო ტრამპის მხრიდან პასუხი კითხვაზე, დაეხმარებოდა თუ არა იგი უკრაინაში განლაგებულ ბრიტანელ სამხედროებს იმ შემთხვევაში, თუ მათ რუსეთი თავს დაესხმება. აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინაში შესაძლო განლაგების შემთხვევაში ბრიტანელი სამშვიდობოები “საკუთარ თავს მოუვლიან”, თუმცა მან იქვე დაამატა, რომ “თუ დახმარება დასჭირდებათ, ყოველთვის ბრიტანელების გვერდით იქნება”.
შესაბამისად, არ არსებობდა მოლოდინი იმაზე, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა ასეთი შედეგით დამთავრდებოდა. პირიქით, ყველაფერი საპირისპიროსკენ მიანიშნებდა. თუმცა, მსგავსი არაპროგნოზირებადობა ზოგადად დამახასიათებელია პირადული დიპლომატიისთვის, რომელიც პირად ურთიერთობებს ეყრდნობა და ზედმეტად არის დამოკიდებული ადამიანურ ემოციებსა და დამოკიდებულებებზე.
ამ მხრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრამპის გადმოსახედიდან ზელენსკი ყოველთვის კავშირში იქნება იმ ზართან, რასაც მისი რიგით პირველი იმპიჩმენტი მოჰყვა წარმომადგენელთა პალატაში. მიუხედავად იმისა, რომ სენატმა საბოლოოდ იგი გაამართლა, გასაკვირი არ არის, რომ ზელენსკი ტრამპისთვის ც,უდ გამოცდილებასთან ასოცირდება და ამას ძალაუნებურად შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მათ შორის, პირად დიპლომატიაზე.
აქედან გამომდინარე და ასევე იმის გათვალისწინებითაც, რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე ტრამპსა და ზელენსკის შორის მოხდა, უკრაინული მხარის ინტერესებში უნდა ყოფილიყო, რომ შეძლებისდაგვარად შემცირებულიყო ურთიერთობებში პირადული დიპლომატიის ელემენტი, სანამ მხარეებს შორის დამოკიდებულებები არ გაუმჯობესდებოდა. ეს, პირველ რიგში, მინერალებზე შეთანხმებით შეიძლებოდა.
ამის მიუხედავად, New York Post-ის ცნობით, უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის რჩევის საპირისპიროდ, უკრაინული მხარე ბოლო დღეებში მინერალებზე შეთანხმების გასაფორმებლად ოვალურ ოფისში ლიდერებს შორის შეხვედრას დაჟინებით ითხოვდა.
მაღალჩინოსნების თქმით, კელოგმა უკრაინელებს ურჩია, რომ ხელმოსაწერად თეთრ სახლში შეხვედრა არ მოეთხოვათ, “რადგან [პრეზიდენტებს შორის] ურთიერთობას ჯერ გაუმჯობესება სჭირდებოდა”. თუმცა, კელოგთან მინერალების საკითხზე შეთანხმების შემდეგაც, უკრაინულმა მხარემა თეთრ სახლში შეხვედრის გამართვაზე საკითხის წამოჭრა განაგრძო.
საქმე არ გაამარტივა იმ ფაქტმაც, რომ სანამ შეხვედრაზე მხარეებს შორის დაძაბულობა დუღილის ტემპერატურას მიაღწევდა პირადმა დიპლომატიამ 40-წუთიანი გამოცდა გაიარა, თუმცა მწვავე დაპირისპირების თავიდან არიდება გარდაუვალი აღმოჩნდა.
შეხვედრის განმავლობაში არაერთხელ გამოჩნდა, რომ ზელენსკი და ტრამპი განსხვავებულად უყურებდნენ რიგ საკითხებს და ალბათ ორივე მხარის საუკეთესო ინტერესებში იქნებოდა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმი ამდენ ხანს არ გაწელილიყო. ამ მხრივ პასუხისმგებელი ნაწილობრივ ტრამპის ადმინისტრაციაც არის, რადგან დაძაბული შეხვედრა 50 წუთამდე გაგრძელდა, თუმცა მსგავსი შეხვედრის თავის არიდება პირველ რიგში უკრაინული მხარის ინტერესებში უნდა ყოფილიყო.
ასევე აშკარა იყო, რომ ზელენსკის უმთავრესი მიზანი ტრამპის ადმინისტრაციის დარწმუნება იყო, რომ მატყუარა პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები და ევროპელი ან ამერიკელი სამშვიდობოები სჭირდება სამომავლოდ რუსეთის შესაკავებლად. ეს ყოველივე ტრუიზმს წარმოადგენს მათთვის, ვინც იცის რუსული აგრესიის ისტორია. იმის მტკიცება, რომ პუტინთან ტრამპის “დიპლომატია” ვერ იმუშავებს – რამდენადაც მართალი არ უნდა იყოს – ასეთ ფორმატში უადგილოა, მით უმეტეს მაშინ, როცა რუსეთი თავად აძლევს საკმარის საბაბს ამერიკულ მხარეს, ეს თავადვე ირწმუნონ.
ამ ფონზე, ზელენსკიმ კატასტროფული შეცდომა დაუშვა, როდესაც ვიცეპრეზიდენტს არჩეულ “დიპლომატიურ” კურსზე პირდაპირი და ცხადად რიტორიკული კითხვით მიმართა. ეს ზელენსკის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევაზე ღია თავდასხმად იქნა აღქმული. ის, რის გამოც ზელენსკიმ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ფაქტობრივად მედიის წინაშე პირადად გამოიწვია, საერთოდ არ მიემართებოდა მას და ვენსის მხრიდან, ერთი მხრივ, პრეზიდენტი ტრამპის ქება-დიდების მიზნით დისკუსიაში მორიგ ჩართვასა, და მეორე მხრივ, ბაიდენის ადმინისტრაციის კიდევ ერთი გაკრიტიკების შემთხვევას წარმოადგენდა.
ვენსის სათქმელი შემოიფარგლებოდა იმით, რომ ტრამპი ამჟამად დიპლომატიის გზას ირჩევს და ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობისგან განსხვავებით, ტრამპის ქმედებები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მისი სიტყვები. ამგვარად, სრულად უადგილო და ვენსის ნათქვამთან შეუსაბამო იყო ზელენსკის მხრიდან დასმული კითხვა, თუ “რა დიპლომატიაზეა საუბარი” პუტინთან მიმართებით, რასაც მიუღებელი, მაგრამ მოსალოდნელი რეაქცია მოჰყვა პირველ რიგში ვენსის მხრიდან, რამაც შეხვედრა მწვავე კამათის შეუქცევადი სპირალის გზაზე დააყენა.
ტრამპის ვიცეპრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციის საგარეო კურსის დასაცავად თავდასხმაზე უნდა გადასულიყო და ამისთვის პროტრამპისტი იზოლაციონისტების სახელმძღვანელოდან რიგი ანტიუკრაინული ქვეთავები გამოიყენა. ზელენსკის მხრიდან მეორე შეცდომა იყო იმის თქმა, რომ ადრე თუ გვიან აშშ-ც იგრძნობს იმას, რასაც ამჟამად უკრაინა რუსეთის მხრიდან განიცდის, რაც ტრამპის მხრიდან შიშზე დაყრდნობით მანიპულაციის მცდელობად შეიძლებოდა აღქმულიყო.
ამას კამათში აშშ-ს პრეზიდენტის ჩართვაც მოჰყვა, რომელმაც ზელენსკის სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცა და ვენსის ნათქვამს არაერთი თავისი თავდასხმაც დაუმატა. კამათის განმავლობაში ზელენსკიმ არაერთი სწორი არგუმენტი გამოიყენა, მაგრამ ტრამპთან დებატებში გამარჯვება ვიზიტის მიზანი არ ყოფილა. მისი ამოცანა უკრაინის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულების კეთილ ნებაში გარდაქმნა უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტს მსგავსი შეცდომების დაშვების ფუფუნება არ ჰქონდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი თვალსაზრისით ზელენსკისა და ვენსს შორის დაწყებული დაპირისპირება შესაძლოა ენობრივი ბარიერით გამოწვეულ გაუგებრობასაც დაჰბრალდეს, თუმცა მაშინ, როცა აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ინგლისურის საფუძვლიანად ცოდნის გარდა ასევე ტრამპის ენის სათანადოდ გათავისებაც აუცილებლობას წარმოადგენს, წინდახედულობით უნდა იყოს ნაკარნახევი, რომ ურთიერთობების გამოსწორებამდე ასეთი დონის შეხვედრებისგან ზელენსკის გუნდმა თავი უნდა შეიკავოს.
თეთრ სახლში ჩავარდნილი შეხვედრის მიუხედავად, უკრაინული მხარისთვის მიზნები უცვლელია, გამოწვევები კვლავ იგივე მოცემულობისაა, თუმცა მომხდარიდან გამომდინარე ზელენსკის ამოცანა ახლა უფრო გართულებულია, ვიდრე ტრამპთან და ვენსთან კამათამდე იყო.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წარმატების მიღწევის ხიდი დაიწვა და მაშასადამე გაორმაგებული ძალისხმევით საჭიროა, ზელენსკის დიპლომატიური ყურადღება უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტთან ურთიერთობის გამოსწორებას დაეთმოს, ოღონდ არა აუცილებლად პირადი დიპლომატიის გზით. ამისკენ ზელენსკის ის რესპუბლიკელი კონგრესმენებიც მოუწოდებენ, რომლებიც მთელი ეს წლები თანაპარტიელი იზოლაციონისტების ხმამაღალ უმცირესობას არ აჰყვნენ და მტკიცედ იდგნენ უკრაინის გვერდით, მათ შორის, ლინდსი გრემიც, რომელმაც თეთრ სახლში მომხდარისთვის ზელენსკი მკვეთრად გააკრიტიკა.
მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ არ არის რთული, ტრამპის მხრიდან ამა თუ იმ პოზიციაზე აზრის შეცვლა სწორი დიპლომატიის მეშვეობით იყოს მიღწეული. ის, რომ ტრამპი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს სიტყვებსა და გაცემულ დაპირებებს, ზელენსკის “დიქტატორობაზე” მისი პოსტიდანაც ჩანს. წინასაარჩევნო პერიოდში იგი იმასაც ამბობდა, რომ ომს 24 საათში დაამთავრებდა, ხოლო ინაუგურაციის შემდეგ ეს ერთ კვირად, 100 დღედ, 6 თვედ და ერთ წლად იქცა. ცხადია, ეს ტრამპის ქმედებების გამართლების მცდელობა არ არის, უბრალოდ აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის ბუნებას ხსნის.
ტრამპთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ამ ყოველივეს გათვალისწინება გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, მით უმეტეს მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტთან სწორი დიპლომატიური ენის შერჩევის თვალსაჩინო მაგალითი გაერთიანებული სამეფოს პრემიერის კირ სტარმერის სახით უკვე მოგვევლინა.
ვაშინგტონში ზელენსკის ჩაფრენამდე ერთი დღით ადრე სტარმერმა აჩვენა, თუ რის მიღწევაა შესაძლებელი ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან გამჭრიახი დიპლომატიის მეშვეობით, რომელიც ტრამპით შექმნილ მოცემულობას სწორად აფასებს. ტრამპს სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს მეფის წერილი ჩამოუტანა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სამეფოს მონარქისგან სხვა ქვეყნის მეორედ მიწვევის “უპრეცედენტო” შემთხვევა იყო. მსგავსი ჟესტისა და სტარმერის დიპლომატიის შედეგი ის იყო, რომ ტრამპი გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერს ფაქტობრივად სავაჭრო შეთანხმების დადებას დაჰპირდა და გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ტარიფების არ დაწესებასთან დაკავშირებით მზადყოფნაზეც მიანიშნა.
ცნობისთვის, ტრამპის გარემოცვა სტარმერის წინააღმდეგ ხშირად იმეორებდა იმ ფაქტს, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ ასამდე პირი გაგზავნა აშშ-ში ტრამპის საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში დემოკრატების დასახმარებლად.
ეს ისტორია შინაარსით საკმაოდ ჰგავს იმ თავდასხმას, რომელიც ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა ზელენსკის წინააღმდეგ ოვალურ ოფისში შეხვედრისას გამოიყენა, როდესაც მან უკრაინის პრეზიდენტს ოქტომბერში საბრძოლო მასალების ქარხანაში ვიზიტი გაუხსენა პენსილვანიის ქალაქ სკრანტონში, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის, ს მშობლიური ქალაქი იყო საპრეზიდენტო სთვის გადამწყვეტ შტატში.
ასევე დასამახსოვრებელია აშშ-ს პრეზიდენტის ახალი ახლო მოკავშირის, მილიარდერი ილონ მასკის მხრიდან სტარმერზე თავდასხმებისა და ცილისმწამებლური პოსტების მთელი კვირა, რომლის ფარგლებშიც მასკმა ბრიტანეთის პრემიერს ათეულობით “ტვიტი” მიუძღვნა და აქტიურად ცდილობდა ნაიჯელ ფარაჟის ოპოზიციური რეფორმების პარტიის პოპულარიზაციას.
მასკი სტარმერს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მისი თქმით, ბრიტანეთის ამჟამინდელმა პრემიერმა ვერ შეძლო გაესამართლებინა “გაუპატიურებაზე პასუხისმგებელი დაჯგუფებები”, როდესაც მას სისხლისსამართლებრივი დევნის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. შესაბამისად, თვალშისაცემი იყო ის კონტრასტი, რომელიც სტარმერისადმი ტრამპის გარემოცვისა და თავად ტრამპის დამოკიდებულებიდან გამოჩნდა.
საბოლოოდ, უკრაინული მხარისთვის მისაღწევი მიზნები უცვლელი რჩება. ზელენსკიმ ტრამპთან საერთო ენა უნდა გამონახოს, თუ მზად არაა, რომ აშშ-სთან დიპლომატიურ დონეზე დამარცხდეს და იმ მოკავშირის მხარდაჭერა დაკარგოს, რომელსაც რუსეთისთვის რეალური მარცხის მიყენება შეუძლია.
ზელენსკიმ დახურულ შეხვედრებზეც კი, არათუ მედიის წინ, ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს მიდგომა ტრამპის გუნდთან, რათა რუსული მხარის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე ყურადღების გამახვილებით აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის კეთილი ნება მოიპოვოს და მინერალებზე შეთანხმება გააფორმოს. ამით აშშ-უკრაინის ურთიერთობების ხელახალი განმტკიცებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.
ზელენსკი სწორია, როცა ამბობს, რომ უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის უნდა, მართალია იმაში, რომ პუტინმა მრავალჯერ დაარღვია შეთანხმება და საბოლოოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურების მიზნის სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. ასევე აბსოლუტურად ლეგიტიმურია მისი მხრიდან უკრაინისთვის მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა. თუმცა, ამავდროულად, მისი მოვალეობაა, რომ სცადოს და გამოიყენოს ტრამპთან წარმატების მიღწევის ეს შესაძლო გზა, რომელსაც უკრაინის არაერთი მხარდამჭერიც ხედავს.
თუ ეს გზა არ გაამართლებს – და იმედია, ეს არ მოხდება – უკრაინის პრეზიდენტს იმის მიღწევის საშუალება, რასაც ახლა ცდილობს, მოგვიანებითაც ექნება, რაც შეთანხმების ვერ მიღწევისა და აშშ-ს მხრიდან დახმარების გაწყვეტის შემთხვევაში, ქვეყნის გადასარჩენად ერთიან, მაგრამ შედარებით სუსტ ევროპაზე სრულად დაყრდნობას გულისხმობს.