რატომ ძვირდება სამედიცინო მომსახურება? – ბაზარი კონკურენციის სააგენტოს ყურადღების ცენტრშია (bm.ge)

სამედიცინო მომსახურების ბაზარი საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში უწყებამ უნდა დაადგინოს, რატომ ძვირდება ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება.
კონკურენციის სააგენტოს ყურადღება საქსტატის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულმა ინფლაციის მაჩვენებლებმა მიიქცია, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სურსათის შემდეგ ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად ჯანდაცვის ჯგუფში გაიზარდა.
კერძოდ, თუ აგვისტოს თვის ოფიციალურ მაჩვენებლებს შევხედავთ, ბოლო ერთ წელიწადში მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად – 26%-ით საავადმყოფოს მომსახურებაა გაძვირებული, ამ გაძვირებაში მაღალი წილი აქვს ზოგიერთი დასახელების მედიკამენტებზე ფასების ზრდას, გარდა ამისა გაზრდილია როგორც ექიმთან კონსულტაციის, ისე ამბულატორიული მომსახურების ფასი.
საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, სამედიცინო მომსახურების გაძვირებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის. მაია მახარაშვილი იმასაც განმარტავს, რომ ამ ზრდაში წამყვანი ვერ იქნება ის სტაციონარული სერვისები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და ძირითადად იმ მიმართულებებს მოიცავს, რომელიც არცერთ პროგრამაში არ მონაწილეობს და სადაც ფასი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით დგება.
“რამდენიმე მიზეზია. ერთი, არარეზიდენტების მომსახურება ანუ სამედიცინო ტურიზმის მიმართულება, ასევე ის სერვისები, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არც კერძო დაზღვევის და სრულად ჯიბიდან გადახდებით ფინანსდება, აქაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა მუშაობს და არჩევანზეა დამოკიდებული. ამბულატორიულ სექტორშიც იქნება ეს ზრდა, ოღონდ ადამიანების იმ ჯგუფზე, რომელიც არ მონაწილეობს კერძო სადაზღვევო სქემებში, არც სახელმწიფოს დაფინანსებულ სქემებში, ან უბრალოდ ადამიანი არჩევანს აკეთებს და ჯიბიდან იხდის.
ამის გარდა ფაქტორი იქნება სახარჯი მასალების ფასი. მაგალითად,ლაბორატორიებში. კლინიკური ლაბორატორია სრულად დამოკიდებულია დღეს უკვე აპარატურაზე, რადგან ტექნოლოგიური წინსვლაა და ის რეაქტივები, რომლის შეძენაც ხდება თავის თავად ხდება იმპორტირებული საქონლის და ის ფასი, რა ფასითაც ხდება შესყიდვა სახარჯი მასალის აისახება ავტომატურად სერვისის ღირებულებაზე.
ამას ემატება კიდევ დამატებით ხელფასები. ვიცით, რომ მინიმალური ხელფასები სახელმწიფოს მიერ არის დარეგულირებული. მომსახურების სერვისი შედგება სახარჯი მასალისგან, ხელფასისგან და თავისთავადია, რომ ამ ნაწილშიც სახელფასო პოლიტიკაც განაპირობებს თვითღირებულების ზრდას”,-განმარტავს მაია მახარაშვილი.
წყარო: bm.ge