რატომ ძვირდება ბადრიჯანი? – მიზეზები

2025 წლის მარტში შარშანდელ ანალოგიურ თვესთან შედარებით, ბადრიჯანი 46%-ით გაძვირდა. ამ პერიოდში საქართველოში ძირითადად, იმპორტირებული ბადრიჯნის რეალიზაცია ხდება, იმპორტის მონაცემები კი მცირედით შემცირებულია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 789 250 დოლარის 1085 ტონა ახალი ან გაცივებული ბადრიჯანი შემოვიტანეთ, გასულ წელს კი, ანალოგიურ პერიოდში ოდნავ მაღალი მონაცემი დაფიქსირდა – 899 840 აშშ დოლარის 1196 ტონა. ბადრიჯნის იმპორტი შემცირებულია წლიურ ჭრილშიც. 2024 წელს ჯამურად 6,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 8531 ტონა ბადრიჯანი შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2023 წელს, იმპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 9 213 ტონას აღწევდა. რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, ბადრიჯანს ძირითადად თურქეთში ვყიდულობთ, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში 696 400 დოლარის ბადრიჯანი შევიძინეთ.
ბადრიჯანს 46%-ით გაძვირებას სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, თუმცა ძირითადი ფაქტორი პროდუქტის გაზრდილ მოხმარებას და იმპორტის შემცირებას უკავშირდება. როგორც კომპანია “იმერის” დამფუძნებელი გადაცემა “საქმიან დილასთან” ამბობს, მომწოდებელ ქვეყანაში – თურქეთშიც ბადრიჯანი გაძვირებულია, ამიტომ იმპორტზე დამოკიდებულება, მაღალი მოთხოვნა და ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის დეფიციტი საბოლოოდ გავლენას ბადრიჯნის გასაყიდ ფასზე ახდენს.
“საქართველოში ბოსტნეულის მოხმარება გაზრდილია. მსგავსი ტენდენციაა ბადრიჯანთან მიმართებითაც. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნა იმპორტიორ ქვეყანას დააწვა. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, პროდუქცია წელს მომწოდებელ ქვეყანაში – თურქეთშიც გაძვირდა. ამ ეტაპზე ჩვენთან ქართული ბადრიჯანი არ არის, შესაბამისად, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ეს კი ფასზეც აისახება.
ადგილობრივ ბადრიჯანს დაახლოებით 2 თვეში ველოდებით. ფასები კი კლებისკენ წავა”, – ამბობს “იმერის” დამფუძნებელი ნიკა კიკნაძე.
სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი კი ამბობს, ქვეყანას აქვს პოტენციალი ბადრიჯნის წარმოების კუთხით თვითუზრუნველყოფილი იყოს, ამისთვის კი მიზნობრივი პროგრამების არსებობა, სამაცივრე და სასათბურე მეურნეობების განვითარებაა საჭირო. დარგის სპეციალისტს მარნეულის მაგალითიც მოჰყავს, სადაც ბადრიჯნის წარმოების ყველა პირობაა, თუმცა მაგალითად – წლების წინ გაკეთებული სამაცივრე მეურნეობები, რომელიც ტექნოლოგიური და სხვა ხარვეზების გამო ვერ გაიმართა – დღესაც უფუნქციოა.
“მარნეულს შეუძლია იმდენი ბადრიჯნის მოყვანა, რამდენიც საქართველოს არამხოლოდ სეზონზე ეყოფა, არამედ შესაძლებელი გახდება მისი გარკვეული დროით შენახვა. ამასთან, ქვეყანას აქვს პოტენციალი – ამავე რაოდენობა სასათბურე მეურნეობებში მოიყვანოს. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ბადრიჯანს ექნება შედარებით დაბალი თვითღირებულება, იმპორტი კი “თამაშის წესებს” ვეღარ დაადგენს”, – განმარტავს გოჩა ცოფურაშვილი.
იმპორტირებული ბადრიჯნის 100%-ით ჩანაცვლების პოტენციალზე საუბრობს საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელიც. ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბადრიჯანი უმეტესად ღია გრუნტზე მოჰყავთ, მოსავლის მოცულობა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა კი რთულია. შესაბამისად, ისეთი მოთხოვნადი პროდუქტის წარმოების პროცესში, როგორიც ბადრიჯანია – უმნიშვნელოვანესია სასათბურე მეურნეობების განვითარება, რომელიც ადგილობრივი წარმოების უწყვეტობას შეუწყობს ხელს.
“გარკვეული საგადასახადო პოლიტიკით, შეღავათებითა და მხარდაჭერით, კერძო სექტორთან ერთად სწორი პოლიტიკის შემუშავებით, შესაძლებელია საქართველოში ადგილზე მოხდეს იმ რაოდენობის ბოსტნეულის წარმოება, რომ ჩვენი მოთხოვნა, სრულ სეზონზე თუ არა, 2-3 თვის ჩაგდებით სრულად იქნეს დაკმაყოფილებული”, – აღნიშნავს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
“სამყურას” დამფუძნებელი და ფერმერი ნიკა ბაგალიშვილის თქმით კი, იმპორტდამოკიდებულება და ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის სიმცირე გამოწვევაა არამხოლოდ ბადრიჯნის, არამედ სხვა კულტურების წარმოებაშიც. ფერმერი განმარტავს, რომ პრობლემის სათავე სათბურების, ფინანსების და ფერმერებში ცოდნის დეფიციტს უკავშირდება.
“ლაგოდეხი მესათბურეობით გამოირჩევა, თუმცა გამოწვევაა, რომ ფერმერებს არ აქვთ მესათბურეობის სწორი ცოდნა. მაგალითად, აკრავენ ერთწლიან ფირს, რომელიც ყოველ წელს გამოცვლას საჭიროებს. ფინანსურად კი ეს საკმაოდ დიდი ზარალია. თურქეთი და სხვა ქვეყნები სწორედ იმით გვჯობნის, რომ მათ ცოდნა აქვთ, როგორ მოიყვანონ თითოეული ბოსტნეული, რაოდენობრივად ზუსტად იციან, რა მოსავალი უნდა მიიღონ”, – აღნიშნავს “სამყურას” დამფუძნებელი.
საქსტატის მონაცემებით, ბადრიჯნის ადგილობრივი წარმოება 2020 წელს 4 ათას 100 ტონას შეადგენდა. 2021 წელს 3 ათას ტონამდე შემცირდა, 2022-ში კი 2 ათას 900 ტონამდე. საქსტატს ბოლოს 2023 წლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოყვანილი ბადრიჯნის რაოდენობამ გასული წლების შედეგები გააუმჯობესა და 5 ათას ტონას მიაღწია. 2024 წლის მაჩვენებლები ჯერ უცნობია.