რატომ ჩავარდა და როდის გამოცხადდება შიდა ფრენების ახალი ტენდერი? – მარიამ ქვრივიშვილის პასუხი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ შიდა ფრენებზე გამოცხადებული ტენდერების ჩაშლა მოულოდნელი იყო, ვინაიდან გამოცხადებამდე ავიაკომპანიებთან კომუნიკაციის დროს მაღალი ინტერესი ფიქსირდებოდა.
მაისში შიდა ფრენებზე გამოცხადებული 23.1 მლნ ლარის ორი ტენდერი პრეტენდენტების არ არსებობის გამო ჩავარდა. BMG-იმ მარიამ ქვრივიშვილს ჰკითხა, რატომ შეიკავეს თავი კომპანიებმა მონაწილეობისგან და რა გეგმა აქვს სახელმწიფოს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს დისკუსია პოზიციების შესაჯერებლად და პროცესი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ტენდერი გამოცხადდება.
„მუდმივად კავშირზე ვართ კომპანიებთან. სანამ ტენდერს გამოვაცხადებდით, არაერთი შეხვედრა გვქონდა ყველა ავიაკომპანიასთან, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული იმისთვის, რომ ყველა თანხვედრაში ვყოფილიყავით იმ სატენდერო წინადადებასთან მიმართებით, რომელსაც აეროპორტების გაერთიანება გამოაცხადებდა. საკმაოდ მაღალი იყო ინტერესი, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ტენდერი კომპანიებს მისცემდა შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში მიეღოთ მონაწილეობა. სამწუხაროდ, ტენდერი ჩავარდა, რასაც სიმართლე გითხრათ, არ მოველოდით. ამის მერე რა თქმა უნდა გვქონოდა კომუნიკაცია სამივე ავიაკომპანიასთან, რომლებსაც ტენდერში მონაწილეობისთვის ინტერესი ჰქონდათ გამოხატული. ჩვენი მთავარი ამომავალი წერტილია, რომ მოხდეს ინტერესების შეჯერება, რადგან დღემდე არსებობს საკითხები, რაზეც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ავიაკომპანიებთან ერთად მოხდეს პოზიციების შეჯერება, რომ შევძლოთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი.
გასულ კვირასაც გვქონდა შეხვედრები ამ თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამ მსჯელობებს და საუბრებს უახლოეს პერიოდში გავიყვანთ ბოლოში იმისთვის, რომ აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადოს ახალი ტენდერი და იმედი გვაქვს, ავიაკომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და განვაგრძობთ შიდა ფრენების განხორციელებას“, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
BMG ასევე დაინტერესდა კონკრეტულად, რა საკითხებზე აქვთ ავიაკომპანიებს განსხვავებული პოზიცია და არის თუ არა მათ შორის ფასები, რაზეც მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, რომ ტენდერში ფასები ბაზრის კვლევიდან გამომდინარეობდა და ფიქრობს, ამ ნაწილში კითხვები არაა.
„ყველა დაინტერესებულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ბაზრის კვლევაში. შესაბამისად, ფასები სრულად ეყრდნობა იმ მოცემულობას, რომელიც თავად ავიაკომპანიებმა გამოაგზავნეს ჩვენთან. ვფიქრობ, ამ ნაწილში კითხვები არ არსებობს. არის სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის საოპერაციო და ა.შ. ეს ნიუანსებია, რის ფარგლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავითვალისწინოთ ავიაკომპანიების პოზიციები და შევძლოთ, რომ ახალ სატენდერო წინადადებაში ავსახოთ“, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
ამჟამად, ფრენების ყველაზე დიდი ნაწილის განმახორციელებელ კომპანიაში, “აკეარ ჯორჯია”-ში BMG-ის უთხრეს, რომ ტენდერში არ განიხილავდნენ მონაწილეობას, რადგან მიუღებელია ყველა ფრენის თბილისის აეროპორტიდან განხორციელების საკითხი.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, თბილისი-ს მიმართულებით ცალკე ტენდერის გამოცხადება ავიაკომპანიებთან იყო შეჯერებული.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტენდერი ობიექტური იყოს. რამდენადაც დაინტერესებულია სამი ავიაკომპანია, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ბაზირებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბუნებრივია, სახელმწიფოს უწევს, რომ ობიექტური რეალობიდან გამოვიდეს. თუმცა, მაქსიმალურ ღიაობას ვაფიქსირებთ. თბილისის ცალკე გამოყოფასაც თავისი ობიექტური გარემოება აქვს“, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.