ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა პრაგმატული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.
ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტი შეაჯამა.
ალან ბერსეს ჰკითხეს, ვის ინტერესში იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრა.
„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოწყობები, ორგანიზაციები, პოლიტიკურ პარტიას შიდა სტრუქტურა აქვს, ჰყავს თავმჯდომარე და ა.შ. თუმცა საბოლოოდ, აუცილებლად უნდა შეხვდე ყველას, ვისაც რაიმე სათქმელი და გავლენა აქვს.
რა თქმა უნდა, უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში. ამ ბოლო დროს ასევე შედგა საუბარი ბატონ მაკრონსა და ივანიშვილს შორისაც. ეს მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო და რადგანაც აქ ვიყავი ფიზიკურად, ჩავთვალე, მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველა მხარესთან კომუნიკაცია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან.
ეს ყველაფერი ძალიან პრაგმატულია. თუ შენ გინდა, რომ წინ გადადგა ნაბიჯები, განსაკუთრებით, ასეთი მძიმე სიტუაციის მქონე ქვეყნისთვის, ასეთი კლიმატის პირობებში, როდესაც ყველაფერი სავსეა ძალადობით, დემონსტრაციებით და ა.შ, ძალიან მნიშვნელოვანია დაელაპარაკო ყველას და არ იყო ჩაციკლული წოდებებზე და იმაზე, თუ ვინ რა პოზიციაზეა“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
ალან ბერსეს თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზეც იგივე საკითხები განიხილეს, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობასა და სხვებთან შეხვედრისას.
თუმცა როგორც ალან ბერსე ამბობს, ყველა დაპირება, რაც მან თბილისში ვიზიტისას მოისმინა, „ქართული ოცნების“ მთავრობისგან მიიღო და არა ბიძინა ივანიშვილისგან.
„ჩვენ ოთხშაბათს გქონდა შეხვედრა და ეს იმავე საკითხებს შეეხებოდა, რასაც ყველა სხვა შეხვედრა: საქართველოში არსებულ ვითარებას, ბოლო კვირებსა და თვის განმავლობაში სიტუაციის განვითარებას. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა, არსებული ვალდებულებებსა და რეალობაზე. ვისაუბრეთ ყველა მხარის, მათ შორის ჩვენს, ევროპის საბჭოს პასუხისმგებლობაზე, რომ ვიმუშაოთ ყველა წევრთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ ევროპული გზაზე გააგრძელოს სვლა. ეს იყო ჩვენი საუბრის თემატიკა.
რა თქმა უნდა, არსების კითხვის ნიშნები და პრობლემები, როგორც რეგიონში, საქართველოშიც. ეს არის კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვა. ბატონ ივანიშვილთანაც ამ კონტექსტში გვქონდა საუბარი…
მე შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილთან მე ამ ელემენტებზე მოლაპარაკებები არ მიწარმოებია. ეს ყველაფერი შესაბამის უწყებებში უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ბერსემ.
ევროპის საბჭო არ არის ევროკავშირის შემადგენელი ნაწილი. ევროპის საბჭო ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შექმნილი გაერთიანებაა, რომლის წევრიც საქართველო უკვე არის.