რატომ შემცირდა 5 თვეში იპოთეკური სესხების რაოდენობა 15%-ით? – ნატო ბოჭორიშვილის მოსაზრება

საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილის შეფასებით, წლის დასაწყისში არსებული ნეგატიური მოლოდინები არ გამართლდა და უძრავი ქონების სექტორში სტაბილურობაა.
„საბედნიეროდ, არ გამართლდა ნეგატიური მოლოდინები, რომელიც უძრავი ქონების სექტორთან დაკავშირებით არსებობდა ქვეყნის შიგნით და გლობალურად მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით… სექტორმა შეძლო რეაბილიტაცია და არათუ დაუბრუნდა იმ ნიშნულს, სადაც იყო, არამედ წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა კიდეც. ველოდებით რომ სექტორი გააგრძელებს ზრდას და თავის სიტყვას იტყვის საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა მან BMGTV-სთან უძრავი ქონების დარგის წლის პირველი ნახევრის შეჯამებისას.
გადაცემა „წერტილის“ წამყვანმა ნატო ბოჭორიშვილს ასევე ჰკითხა – რაზე მიანიშნებს წელს, 5 თვეში გაცემული ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობის 15%-ით შემცირება.
საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-მაისში ქართულმა ბანკებმა 19,313 იპოთეკური სესხი გასცეს. საანგარიშო პერიოდში გაცემული სესხების ჯამური ღირებულება უცვლელია და წინა წლის მსგავსად 1.65 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, 2025 წლის 5 თვეში გაცემული ერთი იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 86 ათას ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ის 72 ათასი ლარი იყო.
საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის პრეზიდენტმა იპოთეკური სესხის საშუალო ზომის ზრდა, ზოგადად, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაძვირებით ახსნა. იპოთეკური სესხების რაოდენობრივი შემცირება კი, ორ ძირითად ფაქტორს დაუკავშირა.
„მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში, [₾500 000 ლარამდე] გაიზარდა ლარში გაცემული იპოთეკური სესხების ლიმიტი ანუ [ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾500,000-ის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ იღებს], რაც რაც გარკვეულწილად ოდნავ მაინც შემაფერხებელია. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ პროდუქტი გაძვირდა, ჩემი აზრით, გარკვეული რაოდენობის მსურველებმა ახალი იპოთეკური სესხის სესხის აღებისგან თავი შეიკავეს.
მეორე მხრივ, ვიცით, რომ შესაძლებელია, უძრავი ქონების შეძენის სურვილი გადავადდეს; შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ახლა მოთხოვნის აკუმულირება მიმდინარეობს, რაც შემდეგ თვეებში [ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობაზე] გარკვეულწილად აისახება“, – განაცხადა ნატო ბოჭორიშვილმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში უძრავი ქონების ასოციაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იპოთეკური სესხების რაოდენობის კლება/ზრდა დამოკიდებულია დეველოპერული პროექტების მიმდინარე ეტაპზე.
„დეველოპერული პროექტების განხორციელება როცა დასრულების ეტაპზე გადადის, მაშინ ხდება ძირითადად დეველოპერის წინაშე არსებული დავალიანების გადაფარვა მყიდველების მხრიდან და იმის მიხედვით, პარალელურად რამდენად დიდი რაოდენობის ბინები დასრულდა დეველოპერულ სექტორში, ეს გარკვეულწილად ახდენს გავლენას თვითონ იპოთეკურ პორტფელზე“, – აღნიშნა მან.
ნატო ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ შემდეგ თვეებში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა გაიზრდება, რაზედაც დადებით გავლენას სებ-ის ახალი რეგულაცია იქონიებს.
შეგახსენებთ: იპოთეკური დაკრედიტების პორტფელის ზრდის დაბალი ტემპის გამო, 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მის შედეგად სესხში შესაძლებელი გახდა პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.