ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და მასთან დაახლოებული პირი, გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ხსნის, თუ რატომ შემოატრიალა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო კურსი.
თანაინვესტირების ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ბაჩიაშვილის განცხადებები ცილისმწამებლურია.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილისთვის 2022 წლისთვის უკვე ცხადი იყო, რომ მისი „ავტორიტარული მმართველობა შეუთავსებელია ევროკავშირთან“ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „დასავლეთის და ევროკავშირის დემონიზება“.
„2022 წელს მისთვის ცხადი გახდა, რომ მისი ავტოკრატული მმართველობა შეუთავსებელი იყო ევროკავშირთან. ივანიშვილი იმ გავლენებით, როგორი გავლენაც ჰქონდა, და როგორ მჭიდრო მარწუხებშიც ჰყავდა ქვეყანა მოქცეული, ვერ შევიდოდა ევროკავშირში. მან გადაწყვიტა დასავლეთის და ევროკავშირის დემონიზება. ამისათვის „კრედიტ სუისის“ ქეისიც მოიხმარა, მერე დაიწყო ზაზა შათირიშვილის მეშვეობით წერილების გამოქვეყნება – ივანიშვილი წერს მაგ ნაშრომებს, მისი მონაწილეობით იწერება. მას სჭირდებოდა კარგი მიზეზი საგარეო ურთიერთობის მოსატრიალებლად, ეს კარგი მიზეზი იყო „კრედიტ სუისის“ საქმე, სადაც არანაირი გავლენა არანაირ დასავლურ ძალას არ ჰქონია. თუ ვინმეს რამე გავლენა ჰქონდა, ივანიშვილის სასარგებლოდ იყო, მან ყველა ეს პროცესი მოიგო“, – უთხრა ბაჩიაშვილმა მელაძეს.
როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, 2023 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს – გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით.
საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ბიტკოინი ინვესტორისგან, კერძოდ კი ბიძინა ივანშვილისგან მიითვისა. სასამართლომ ბაჩიაშვილს 2,5 მლნ. ლარის გირაო შეუფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს.