სპორტული ჟურნალისტი ნიკა სვანიძე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
სვანიძეს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების 1-ელი ნაწილების დარღვევას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
შსს-ს განმარტებით, სვანიძე არ დაემორჩილა პოლიციელის მოწოდებას, დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი, გარდა ამისა, იგინებოდა სამართალდამცავების მიმართულებით. მოსამართლემ მოწმეთა გამოკითხვისა და ვიდეო-მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ ჩათვალა სარწმუნოდ შსს-ს მტკიცება, რომ სვანიძე იგინებოდა.
ჟურნალისტი უარყოფდა იმასაც, რომ არ დაემორჩილა პოლიციელის მოწოდებას ტერიტორიის დატოვების შესახებ – ის ამბობს, რომ მოწოდების გარეშე, ისედაც სახლში ბრუნდებოდა და მოწოდება რომ გაეგო, თავისთავად, დაემორჩილებოდა მას. თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ აქციის მონაწილეთა და სამართალდამცველთა გადაადგილებაზე დაკვირვების საფუძველზე, დაკავებული უნდა მიმხვდარიყო, რომ ტერიტორიის დატოვების შესახებ მოწოდება უკვე გაჟღერებული იყო და დროულად დაეტოვებინა ტერიტორია. მან არ გაითვალისწინა სვანიძისა და მისი მეგობრის, მოწმის სახით დაკითხული გიორგი ახალაიას განმარტებები, რომ დაკავება სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ისინი აქციიდან ისედაც მიდიოდნენ სახლში.
ნიკა სვანიძე მოსამართლეს მოუყვა, რომ 7 დეკემბერს, მისი დაკავების დღეს, აქციის დასრულებამდე სახლში წასვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ დაღლილი იყო და სამსახურის საქმეები ჰქონდა დასასრულებელი. ის მეგობრებთან ერთად ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართა. სვანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქციაზე სიმშვიდე იყო და არც დაშლის შესახებ მოწოდებები ისმოდა. რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მანქანა ჰყავდათ გაჩერებული, სპეცრაზმელთა მობილიზება დახვდა. ერთადერთი გზა, სადაც თავისუფლად გადაადგილება შეიძლებოდა, ფილარმონიისკენ მიმავალი გზა იყო და მან ჩათვალა, რომ ეს მონაკვეთი სპეციალურად დატოვეს ასე იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ. მანქანაში სხდებოდნენ, როცა ხალხის მასას ერთი ადამიანი გამოეყო და სპეცრაზმელების მიმართულებით შეიგინა. ამის შემდეგ სპეცრაზმელთა მთელი ჯგუფი გამოექანა მათკენ და დაიწყო ადამიანების აგრესიულად დაკავება.
“შოკის მომენტი იყო. იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა დავაშავე და რატომ მექცეოდნენ ასე აგრესიულად. ვცადე მეთქვა, რომ მე არ ვყოფილვარ ის, ვინც შეიგინა. ამის საპასუხოდ დაიწყო ფიზიკური ანგარიშსწორება. რესპუბლილის მოედანზე, საკმაო სიღრმეში შეგვიყვანეს და იქაც გააგრძელეს ფიზიკური ანგარიშსწორება. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გადამცეს საპატრულო პოლიციას”, – განაცხადა სვანიძემ.
სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა პოლიციელი, გურამ ბეგაშვილი, რომელსაც როგორც გაირკვა სვანიძე პირადად არ დაუკავებია. ის ჯერ ირწმუნებოდა, რომ ნიკა სვანიძე უმისამართოდ იგინებოდა, მოგვიანებით კი განაცხადა რომ ” დედას აგინებდა მთავრობას”. მან სასამართლოზე განმარტა, რომ პოლიცია სპეცრაზმის უკან იდგა, რადგან აქციებზე “აგრესიული ფონია”, პოლიციელებს კი არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა თავის დასაცავად.
მისი თქმით, სვანიძე გდდ-მ (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი) მათი თანხმობისა და მოწოდების საფუძველზე დააკავა – “ვინაიდან ჩვენ აღჭურვილობა არ გვაქვს შესაბამისი, რომ ქვების სროლაში შევიდეთ, საუბარში, ან ახლო კონტაქტში, ვუთხარით, რომ დაეკავებინა აღნიშნული პიროვნება და გამოგვიყვანა ჩვენ”.
ადვოკატ მიხეილ თათარაძის კითხვის შემდეგ, რატომ შეადგინა დაკავების ოქმი პოლიციამ, თუ სვანიძე გდდ-მ დააკავა, ბეგაშვილმა დააზუსტა, რომ გდდ-ს წარმომადგენლებმა ის შებოჭეს, ხელბორკილები კი პოლიციამ დაადო, შესაბამისად, ოქმიც მათ შეადგინეს. თათარაძემ მას ასევე ჰკითხა, შეამჩნია, თუ არა ფიზიკური ძალადობის კვალი სვანიძის სხეულზე.
“კი, ოდნავ ეტყობოდა, ახლა, რა თქმა უნდა. დაკავების მომენტში რაც მიიღო, მხოლოდ ის. პროპორციული ძალა იყო გამოყენებული. იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი აღნიშნულ პიროვნებაზე, არაფერი მსგავსი არ მომხდარა”, – განმარტა პოლიციელმა და დააზუსტა, რომ მას შესთავაზეს სამედიცინო დახმარება, რაზეც სვანიძემ უარი განაცხადა.
პოლიციელს არ ახსოვდა რა ფერის ქურთუკი ეცვა ნიკა სვანიძეს, ეკეთა თუ არა პირბადე, რამდენ ადამიანთან ერთად იყო. გარდა ამისა, მან თქვა რომ სვანიძის დაკავების პროცესს არ იღებდა, “ვინაიდან ასეთი რეჟიმია, ყოველთვის ყველაფრის ჩაწერა გვიწევს, ვერ უძლებს ელემენტები [კამერის]”.
ნიკა სვანიძესთან ერთად დააკავეს მისი ორი ძმა, თენგო და აჩი. მათგან ერთს, ნიკას მსგავსად სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, მეორეს სხდომა კი 20 დეკემბერსაა ჩანიშნული.
შვილიშვილების დაკავების დეტალებს იხსენებს ძმებ სვანიძეების ბაბუა, თენგიზ სვანიძე: