რატომ ღირს საქართველოში სასურსათო პროდუქტები ბევრად ძვირი, ვიდრე ევროპაში? – განმარტება

რატომ ღირს საქართველოში სასურსათო პროდუქტები ბევრად ძვირი, ვიდრე ევროპაში? – ეს კითხვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რიტეილ ექსპერტს, კომპანია კომპანია BeWise Georgia-ს მმართველ პარტნიორს დავუსვით.
„საქართველოში სურსათიც დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით იბეგრება, რაც ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, სადაც სასურსათო პროდუქტებზე დღგ-ის შეღავათიანი, 3-4%-იანი განაკვეთი მოქმედებს, ბევრად მაღალია“, – გვიპასუხა ბიზნესკონსულტანტმა და სხვა დანარჩენ ფაქტორებზეც ისაუბრა, რაც იმპორტირებული სურსათის საცალო ფასს განაპირობებს.
მაგალითად, საქართველოში რძეზე დღგ საბოლოო ფასის 18%-ია, მაშინ როდესაც ესპანეთში ის 4%-ს შეადგენს, ხორცი დღგ საქართველოში 18%-ია, იტალიაში კი 4%, პურზე დღგ 18%-ს შეადგენს, საფრანგეთში კი 5.5%-ია.
– მოგეხსენებათ, საქართველოში წარმოება არაა ისე განვითარებული, რომ მოხმარება ადგილობრივმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს, ამიტომ გვიწევს იმპორტი. რატომ ღირს საქართველოში სასურსათო პროდუქტები ბევრად ძვირი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში? – რამდენიმე მიზეზია: 1. საქართველოს ბაზარი გლობალური კომპანიებისთვის ძალიან პატარაა და როდესაც ქართველი დისტრიბუტორი ან რიტეილერი მიმართავს რომელიმე დიდ, საერთაშორისო მწარმოებელს, მათთვის მნიშვნელოვანია შესყიდვის რაოდენობა, ხანგრძლივობა და სხვა სახელშეკრულებო თუ კომერციული პირობები, რითაც დგინდება საბოლოო ფასი; ანუ ჩვენ დიდი ბრენდების გაყიდვებში დიდ კონტრიბუციას ვერ ვქმნით და შესაბამისად, ძალიან კონკურენტულ ფასად არ გვაძლევენ თავიანთ პროდუქციას. 2. სანამ იმპორტირებული პროდუქცია საქართველოში ჩამოვა, ის ძალიან ბევრ ეტაპს გადის – ტრანსპორტირება, ლოგისტიკა, საბაჟო გადასახადები, სხვადასხვა მოსაკრებელი, დაზღვევის ხარჯი, ეტიკეტირების ხარჯი, კურსთაშორისი სხვაობა და ა.შ. რაც ასევე გავლენას ახდენს ფასწარმოქმნაზე. 3. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში სურსათი 18%-იანი დღგ-ით იბეგრება ანუ მხოლოდ ეს გადასახადი უკვე 18%-ით აძვირებს საქონელს…
– მოკლედ, ესაა ძირითადი მიზეზები, რატომაც იმპორტირებული პროდუქცია უფრო ძვირია ჩვენთან და არა ქართული ბიზნესის ზედმეტი სიხარბე?
– მეტი მოგება ყველა ბიზნესს უნდა, თუმცა როგორც ვთქვი, საცალო ფასწარმოქმნაში [ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები], კონკურენცია და მომხმარებელი მონაწილეობს.