და რატომ უნდა იტრიალოს წრეზე ქვეყანამ თავისი არსებობის მანძილზე? ყველა მთავრობამ ერთი და იგივე როდემდე უნდა აკეთოს?, – ამის შესახებ ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მას და საზოგადოებას “ოცნების” მთავრობასთან ბევრი პრეტენზია აქვს.
“რატომ უნდა იყოს 15-20 წელი ქვეყანაში ერთმმართველობა, ბელადობა? როდემდე უნდა ვედგეთ ჯიბრში წინა მთავრობებს და რატომ არ უნდა აკეთოს მთავრობამ ის, რისი პასუხისმგებლობაც ეკისრება? მიხედოს ქვეყნის განვითარებას, უმუშევრობას, განათლების სისტემას…
როდემდე უნდა ვუსმინოთ ყველა მთავრობას, განვლილი მმართველობის ლანძღვას 5-10 12 წელი არ არის საკმარისი?! დააშავეს! და სწორედ ამიტომ არიან იქ, სადაც არიან! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მმართველობამ მაგათზე მეტი დააშავეს! ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო მთავრობამ ამათ ლანძღვაში ატაროს მომდევნო 12-15 წელი.
ჩვენი ადგილი არც კი არის დღევანდელ პოლიტიკაში, სპორტსმენების დრო მოსულა! ბიზნესი არ შემოდის, არ ერევა პოლიტიკაში, პასუხს ითხოვს, ხომ თქვენ თვითონ დაუძახეთ, შეკრიბეთ! კრიტიკული კითხვები დაგისვეს, პასუხი მოგთხოვეს..
ის, რომ აღარ აუპატიურებენ და დღისით მზისით არ გვკლავენ, ეგ მე არცერთმა “ოცნების” წევრმა არ მაჩუქა თავისი კეთილი ნებით. ეგ ისევ ქართველმა ხალხმა მოიპოვა – იბრძოლა და სისხლის ფასიც კი გადავიხადეთ – არც კობახიძეს, მდინარაძეს (ვინ არიან საერთოდ, საიდან მოვიდნენ?!) მოუცია ეგ ჩემთვის და არც თვით თქვენ “თავმჯდომარე” ბიძინას.
მეც ვიბრძოდი! ეგ იყო ხალხის პირველი, უმთავრესი მოთხოვნა რომ ძალადობა და დაშინება არ ყოფილიყო და მაგის ხათრით ბევრი წელი ვხუჭავდით თვალს კორუფციაზეც, უცოდინარობაზე, თავგასულობაზე და ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის მიტაცებაზე.. არაფორმალურ მმართველობაზეც..
მარტო კაცის ციხეში გაუპატიურებაზე არ გვენთება წითელი, გავიზარდეთ 12 წლის მანძილზე ქვეყანა და პატარა გოგო-ბიჭების, ჟურნალისტების ქუჩაში ცემაზე, ყბაში წიხლების ჩარტყმაზე და მერე ციხეში ჩაჯენაზეც გვაქვს რეაქცია. ქვეყნის იზოლაციაზეც გვაქვს პრეტენზია.
“კოლექტიური ნაცმოძრაობაო” გაიძახით, ყველა მაშინდელი მწვალებელი და ჯალათი თქვენ თვითონ გყავთ თქვენს რიგებში შესისხლხორცებული და დაწინაურებული, თუ “უსამართლო სასამართლო” თქვენ არ გაქვთ გადმობარებული და უვადოდ “დაკანონებული”?! ამაზეც გვაქვს თქვენთან პრეტენზია! ბევრ რამეზე გვაქვს თქვენთან პრეტენზია…აქ ვერ ჩამოვთვლი..*”, – წერს ბიზნესმენი ბეგიაშვილი და ირაკლი კობახიძის ნათქვამი მოჰყავს, რომ ბიზნესი არ უნდა შევიდეს პოლიტიკაში:
„ჩვენ [შეხვედრაზე] მოვიწვიეთ შეუზღუდავად ყველა. მათ შორის იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც შეუერთდნენ გაუგებარ განცხადებას [Free Business] რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ზოგადად ბიზნესი არ შეიძლება ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში, როგორც არ შეიძლება ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში“.
დავით ბეგიაშვილი წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესმენია, რომელიც წლების განმავლობაში, ახალი ხელისუფლების პირობებში ცდილობდა ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. ბეგიაშვილი ჯერ კიდევ 2016 წელს bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ბიზნესი ქვეყანაში არაა თავისუფალი.