არავის სჯერა, რომ ომი საბოლოოდ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებით დასრულდება – ამბობს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო.
ბაროზო ევროკომისიას 2004-2014 წლებში ხელმძღვანელობდა – ეს ის დროა, როდესაც რუსეთი ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ უკრაინაში შეიჭრა.
Euronews-თან საუბრისას ახლა ის ამბობს, რომ მაშინ ფიქრობდნენ, ყირიმი “გამონაკლისი შემთხვევა“ იყო… და ეს აღქმა გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა პუტინის მკაცრი სანქციები არ დაუწესეს.
შონა მიურეი, ევრონიუსი:
“რას ფიქრობთ იმ პერიოდზე? ფიქრობთ, რომ სერიოზულად აღიქვამდით ამ გაფრთხილებას? 2014 წელს ფიქრობდით, რომ არ ღირდა რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება ყირიმის გამო?
ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი:
„დღეს ძალიან ადვილია იმის თქმა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა მაშინ, თუმცა ამას იმ დროს ვერ ვაცნობიერებდით. ახლა კი საინტერესოა გადავაფასოთე, რისკი გაკეთება შეგვეძლო მაშინ. რეალობა ის არის, რომ მაშინ მთავრობები არ იყვნენ მზად ურთიერთობები ასე დაეძაბათ. ესაა რეალობა.
კომისია მზად იყო ამისთვის, მაგრამ მთავრობები არ იყვნენ მზად, მეტი გაეკეთებინათ და ეს იყო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
სწორედ ამიტომ, რასაც ახლა ვამბობ საკმაოდ დელიკატური საკითხია. თუმცა უნდა ვთქვა, სადღაც ჩვენს გონებაში, სადღაც ევროპელი ლიდერების გონებაში იყო მოსაზრება, რომ ყირიმი განსაკუთრებული შემთხვევა გახლდათ. დღესაც, სიმართლე გითხრათ, არავის სჯერა, რომ უკრაინა შეძლებს დაიბრუნოს ყირიმი. აი, ეს არის რეალობა.
შონა მიურეი, ევრონიუსი: და როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა?
ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი:
„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას. და რაც არ უნდა მოხდეს ჩვენსა და ამერიკელ მეგობრებს შორის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. რადგან თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის. რა თქმა უნდა, უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ უკრაინის ტრაგედია იქნება ტრაგედია მთელი ევროპისთვის. და თუ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ ეს იქნება საუკეთესო საჩუქარი მათთვის, ვინც დემოკრატიას ებრძვის, ვინც საერთაშორისო სამართალს ებრძვის. ვინც ჩვენს საერთო ღირებულებებს ებრძვის.
და რუსეთი და კიდევ სხვები, ვინც ახლა მოსკოვს მხარს უჭერენ მთელ მსოფლიოს მოუყვებიან, რომ ევროპა და დასავლეთი დასრულდა. რომ კი, ისინი სადღაც არსებობენ, მაგრამ ანგარიში არ უნდა გაუწიონ, ეტყვიან ყველას, რომ დემოკრატია მცდარი იდეოლოგიაა…”
წყარო: euronewsgeorgia