რატომ უნდა დავაბანდოთ ფული ქართულ სტარტაპებში? – ნიკოლოზ ქევხიშვილის მოსაზრება

ინვესტირება, ბოლო დროს, საქართველოში მიმზიდველ საქმიანობად ჩამოყალიბდა, რაშიც დიდი წვლილი იმ ქართულ კომერციულ ბანკებს მიუძღვით, რომელთაც ეს პროცესი გააციფრულეს და იმდენად გაამარტივეს, რომ დღეს, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დალისტულ კომპანიებში ინვესტირება ერთი დოლარიდანაც შეიძლება.
თუმცა მრავალწლიანი ისტორიისა და მდგრადი ფინანსური მაჩვენებლების მქონე კომპანიებში ინვესტირებასთან ერთად, ბოლო დროს, განსაკუთრებით პოპულარული გახდა ქართულ სტარტაპებში ინვესტირება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე საინვესტიციო სინდიკატების გზით, როცა ს წილის სანაცვლოდ ინვესტიციას ერთბაშად რამდენიმე ინვესტორი ახორციელებს.
ქართულ სტარტაპებში ინვესტირებაზე ისაუბრა AXEL-ის წევრმა ენჯელ-ინვესტორმა, ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში. კითხვაზე, თუ რატომ უნდა დააბანდოს ინვესტორმა ფული ქართულ სტარტაპებში და არა, მაგალითად, ასწლოვანი ისტორიის მქონე ამერიკულ კომპანიაში, ნიკოლოზ ქევშიშვილი პასუხობს, რომ სტარტაპების შემთხვევაში უფრო მაღალია რისკი და შესაბამისად – პოტენციური ამონაგებიც. ინვესტორი ამბობს იმასაც, რომ სტარტაპებში და საჯარო კომპანიების აქციებში ინვესტირება არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ჩანაცვლებადი საქმიანობა, რადგან, მისი აზრით, ეს ორი მიმართულება ერთმანეთის შემავსებელია.
“საფონდო ბირჟაზე დალისტულმა ბევრმა კომპანიამ უკვე სტაბილიზაციის მაღალ დონეს, ანუ ისინი დიდი მერყეობით არ გამოირჩევა. იმ დროს კი, როცა რისკი დაბალია, პოტენციური ამონაგებიც დაბალია. სტარტაპებში ინვესტირება კი, რისკიან საქმედ ითვლება და პოტენციური ამონაგებიც, შესაბამისად, უფრო მაღალია.
ინვესტორი თავად წყვეტს, მისი საინვესტიციო პორტფელის რა ნაწილი დააბანდოს აქციებსა და ობლიგაციებში და რა ნაწილი – ენჯელ-ინვესტირების მიმართულებით. ზოგიერთ ინვესტორს, შესაძლოა, ინვესტირება უძრავ ქონებაში ჰქონდეს გადაწყვეტილი.
არ ვიტყოდი, რომ ერთი მეორის შემცვლელია, პირიქით, ვფიქრობ, რომ სტარტაპებში და საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე აქციებში და ობლიგაციებში ინვესტირება ერთმანეთის შემავსებელია. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ თანხის ინვესტირება სურს, მნიშვნელოვანია, მას დივერსიფიცირებული პორტფელი ჰქონდეს”, – განაცხადა ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში.
* ეს არ არის ფინანსური რჩევა. ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების წინ, მნიშვნელოვანია ჩაატაროთ საკუთარი კვლევა.

ასევე დაგაინტერესებთ