10 წელში სასოფლო დასახლებებში მცხოვრებთა რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგებით, 2024 წელს სოფლად 1 490 900 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის აღწერით კი – 1 591 181 ადამიანი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში (48%-ით), მცხეთა-მთიანეთსა (4%-ით) და ქვემო ქართლში (3.4%-ით) გაიზარდა, დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუთან“ იმ ძირითად მიზეზებს განმარტავს რის გამოც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ზოგადი მაჩვენებელი სულ უფრო მცირდება.
მისი თქმით, ეს ძირითადად განპირობებულია ურბანული და მიგრაციული პროცესებით, რომელიც ქვეყანაში 90 წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
„ზოგადად, სასოფლო დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობის შემცირება დიდწილად განპირობებულია იმ ზოგადი ტენდენციით, რაც ბოლო ათწლეულებში მიმდინარეობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ეს არის მოსახლეობის ურბანული ზრდა და სასოფლო დასახლებებში შემცირება. ჩვენთან მოგეხსენებათ, 90-იან წლებში, მძიმე ვითარების გამო, როდესაც განადგურდა სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაეცა მოთხოვნა ( ჩვენ მანამდე ერთიან საკავშირო ბაზარზე ვახდენდით მიწოდებას), ფაქტობრივად, ამან გამოიწვია სასოფლო-სამეურნეო წარმოების შეკვეცა. შედეგად, ის მოსახლეობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებით იყო დაკავებული აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. ამან უკვე გამოიწვია მათი მიგრაცია, რაც იყო ორგვარი, ურბანული (მსხვილ ქალაქებში გადასვლა) და მეორე უფრო ფართომასშტაბური, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა სულ მცირე 30%-ით ნაკლებია, 90-იანი წლების დასაწყისთან შედარებით. ეს განსაკუთრებით მწვავედ შეეხო სოფლის დასახლებულ პუნქტებს.
ჩვენ უკვე რამდენიმე აღწერა ჩავატარეთ საქართველოში, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ სასოფლო დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება სულ უფრო მასშტაბურად. მაგალითად, 2002 წლის შემდეგ, 2014 წელს მოსახლეობის შემცირება დაახლოებით 2 -ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე საშუალოდ. ამჟამად გვაქვს 6%-იანი კლება, მაშინ, როდესაც მთელ ქვეყანაში, სტატისტიკის მიხედვით 5%-იანი მატება გვაქვს.
რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც მოსახლეობის ზრდა შეინიშნება, ეს შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას, მოგეხსენებათ, ბოლო წლებში თბილისს 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი შეუერთდა, ისინი დაექვემდებარნენ თბილისის მერიას და ცხადია, ინფრასტრუქტურის განვითარებით, კომუნალური მომსახურების ფონით, სრულად შეესაბამებიან ქალაქის ტიპის დასახლებებს. ამიტომ ეს ფაქტორიც განაპირობებს, რომ ასეთ დასახლებებში მოსახლეობა იზრდება. ეს ტენდენცია არა მხოლოდ თბილისს, არამედ მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლსაც ეხება. ესენი არის თბილისთან ახლოს მდებარე ტერიტორიები და იმ ფონზე, რომ დედაქალაქზე მოდის მოსახლეობის 34%, იწარმოება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ ნახევარი და ბიზნეს აქტივობის და გამოშვების თითქმის 72% მოდის, დედაქალაქთან ახლოს ყოფნა არის ეკონომიკურად ხელსაყრელი“,- ამბობს სოსო არჩვაძე.
აქვე აღსანიშნავია, რომ სასოფლო დასახლებების რაოდენობასთან დაკავშირებით 2024 წლის აღწერის შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. 2014 წლის აღწერის შედეგად კი საქართველოში სულ 3 633 სასოფლო დასახლება იყო, აქედან 223-ში არავინ არ ცხოვრობდა, ანუ 2014 წელს გაუკაცრიელებული სოფლების წილი 6.1%-ს შეადგენდა. 2002 წლის აღწერის შედეგად კი 3 668 სოფლიდან 162-ი, ანუ 4.4% მთლიანად დაცლილი იყო. იმავე 2002 აღწერის შედეგად სოფლად 2 086 700 ადამიანი ცხოვრობდა.
კითხვაზე, სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის ზოგადი შემცირების ფონზე, უნდა ველოდო თუ არა, რომ გაუკაცრიელებული სოფლების რაოდენობა კიდევ გაიზრდებოდა, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ შედეგების გამოქვეყნებამდე საუბარი რთულია, მაგრამ, ფაქტია, მიგრაცია ყველაზე მეტად რამდენიმე კაციან დასახლებებს შეეხებოდა.
„წინა აღწერის მიხედვით, 2020-ზე მეტი გაუკაცრიელებული სოფელი იყო საქართველოში, გარდა ამისა, სადაც სულ რამდენიმე კომლი ცხოვრობდა, იქაც მოსახლეობის საშუალო რიცხოვნობა კიდევ უფრო შემცირდა. წინასწარ რთულია განვსაზღვროთ, რამდენი ასეთი გაუკაცრიელებული სოფელი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ზოგადად სოფლის მოსახლეობის შემცირება, თავისთავად პირველ რიგში დაარტყამს იმ დასახელებულ პუნქტებს, სადაც სოციალური პირობები, საყოფაცხოვრებო საშუალებები, ფაქტობრივად არ შეცლილა და დაბალ დონეზეა. ეს აიძულებს მოსახლეობას, რომ აიყაროს და წავიდეს. ამიტომ, ვფიქრობ, მთამ უნდა დაიბრუნოს ის ფუნქციები, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა. ეს არის წმინდა ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურულ ფასეულობათა, ტრადიციების, წარმოების რესურსის მატარებელი სივრცე. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო“,- ამბობს სოსო არჩვაძე.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
