რატომ ვერ ტოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს – მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 14-დღიანი ვადა აიღო

2023 წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული , რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც საქართველოს პრეზიდენტმა იმავე დღეს მიიღო, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ჯერაც უცნობია, როდის დატოვებს ციხეს. ერთი კვირაა საქალაქო სასამართლო და პენიტენციური დაწესებულება აჭიანურებენ იმ დოკუმენტაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიწოდებას, რაც მას შეწყალების ოქმის გამოსაცემად სჭირდება.
როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, შეწყალების ოქმის გამოცემისთვის პრეზიდენტს სჭირდება ხელთ ქონდეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც მისი ინფორმაციით მოსამართლემ პენიტენციურ დაწესებულებას გადაუგზავნა, მაგრამ არც თავად ბრალმსჯავრდებულს ჩაბარებია და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიუღია პენიტენციური დაწესებულებისგან ეს დოკუმენტი.
“კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ” – ამბობს თათია მანიჟაშვილი, რომელიც დღეს, 19 აპრილს კოლეგებთან ერთად იყო მისული საქალაქო სასამართლოში იმის გასარკვევად, როდის მიიღებენ გრიგორიადისი და მისი ადვოკატები განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს. სასამართლოში მას უთხრეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ 14 სამუშაო დღის ვადა აიღო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად იმ არგუმენტით, რომ საქმე მრავალ ტომს შეიცავს. ადვოკატის განმარტებით, მას ამის უფლებას კანონი აძლევს, რომლითად სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 5 სამუშაო დღეა განსაზღვრული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე მოცულობითია – ასეთი შემთხვევებისთვის კანონი ითვალისწინებს 14 დღიანი ვადის გამოყენების შესაძელბლობას.
პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების ოქმის გამოცემა მყისიერად შეუძლია, განაჩენის მიღების შემდეგ.
რადიო თავისუფლება 15 აპრილის შემდეგ ელოდება პენიტენციური სამსახურიდან პასუხს კითხვაზე, მიიღო თუ არა უწყებამ დოკუმენტაცია მოსამართლე ზვიად შარაძის გამოტანილი განაჩენის შესახებ.
სალომე ზურაბიშვილმა სალომე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება იმავე დღეს გამოაცხადა, როცა მოსამართლემ ამ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. 12 აპრილის საღამოს სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში თქვა, რომ გადაწყვეტილება გრიგორიადისის შეწყალების მიღებული ჰქონდა.
საქართველოს პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა ყოფილმა პრემეირ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” თავმდჯომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარეს შეყალების გამო – 13 აპრილს მან ამ გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა და თქვა, რომ ისტორიაში ჩაეწერება როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი და თანამონაწილე.
ლაზარე გრიგორიადისი, რომლის ბრალეულობის დასადასტურებლადაც პროკურატურას არც ერთი მყარი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოში, მთელი პატიმრობის განმავლობაში იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი, მის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე მუშაობდა პროპაგანდისტული, მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია. სასამართლო განხილვის პარალელურად, გრიგორიადისის ადვოკატები მუდმივად საუბრობდნენ გაჭიანურებულ მართლმსაჯულებაზე – მოსამართლე ზვიად შარაძემ 3-ჯერ გადადო დასკვნითი სხდომა, რომლის შემდეგაც მას განაჩენი უნდა გამოეტანა. ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომებზე თითქმის არასოდეს არ მიჰყავდა დასაკითხად რამდენიმე მოწმე – პროცესების დიდი ნაწილი რამდენიმე წუთში მთავრდებოდა. სასამართლო განხილვის დასაჩქარებლად, გრიგორიადისის ადვოკატებმა უარი თქვეს მოწმეთა ნაწილის სასამართლოში გამოკითხვაზე და უდაოდ გახადეს პროკურატურის ყველა მტკიცებულება.
ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით მოხვდა საპატიმრო დაწესებულებაში.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა “ქართული ოცნების” მიერ “აგენტების კანონის” დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად – სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე. 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ასევე მძლავრი სამოქალაქო პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო აგენტების კანონის მცირედით შეცვლილი რედაქცია.
31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.