საბანკო ოპერაციების გათიშვა (თუნდაც, ვითომდა “უვნებელი” ერთდღიანი და “გამაფრთხილებელი”) დამღუპველი და უმძიმესი გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება ეკონომიკასა და საზოგადოების უკლებლივ ყველა (!) წევრისთვის, მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი თუ პოლიტიკური პოზიციისა, – ასე პასუხობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლევან სურგულაძე ეროვნული ბანკის კიდევ ერტი ყოფილი პრეზიდენტის (2009-2014), გიორგი ქადაგიძის მოწოდებას კომერციული ბანკების გაფიცვაძე.
როგორც სურგულაძე, ქადაგიძის პასუხად, სოციალურ ქსელში წერს, ასეთი გაფიცვა მოქალაქეეებს შეუქმნის განცდას, რომ ბანკს ნებისმიერ დროს შეეძლება უარი თქვას მის მომსახურებაზე, რაც გამოიწვევს ქართული ბანკების მიმართ ნდობის სრულად დაკარგვას და ისეთ კრიზისს და ქაოსს, რომლის აღმოფხვრასაც დასჭირდება მრავალი წელი.
“მეგობრებო, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი (2009-2014), ბატონი ქადაგიძე აგრძელებს უპრეცედენტო ზეწოლას და მოწოდებას ბანკებზე, რომ ისინი გაიფიცნონ. ამ მავნებლური და თვითმკვლელი მოწოდების ან/და მისი განხორციელების კატასტროფული შედეგები დეტალურად აღვწერე ჩემს 5 დეკემბრის პოსტში.
საბანკო ოპერაციების გათიშვა (თუნდაც, ვითომდა “უვნებელი” ერთდღიანი და “გამაფრთხილებელი”) დამღუპველი და უმძიმესი გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება ეკონომიკასა და საზოგადოების უკლებლივ ყველა (!) წევრისთვის, მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი თუ პოლიტიკური პოზიციისა. ასეთი გაფიცვა მოქალაქეეებს შეუქმნის განცდას, რომ ბანკს ნებისმიერ დროს შეეძლება უარი თქვას მის მომსახურებაზე. “გამაფრთხილებელი” ზუსტად იმას ნიშნავს, რომ თუ რამეა, შემდგომშიც განმეორდება და არა ერთი დღით.ეს გამოიწვევს ქართული ბანკების მიმართ ნდობის სრულად დაკარგვას და ისეთ, ჯერ არნახულ, კრიზისს და ქაოსს, რომლის აღმოფხვრასაც დასჭირდება მრავალი წელი. 90-იანები მონაგონი იქნება – “ქვის ხანაში” დავბრუნდებით! არავინ არ უნდა აჰყვეს ამ საშინელ პროვოკაციას ჩვენი სამშობლოს და ყველა და ყოველი მოქალაქის წინააღმდეგ. ფინანსურ სექტორში მუშაობის ათეულობით წლის გამოცდილება მაქვს, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრებში და ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ,” -წერს სურგულაზე “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ გაფიცვის მოწოდებაზე განმარტება გააკეთა “საქართველოს ბანკმაც”. როგორც ბანკის მენეჯმენტმა სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილს განუმარტა, რომლებიც ბანკს გაფიცვისკენ მოუწოდებენ, საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს.
“ჩვენი პოზიცია ცალსახაა – ევროინტეგრაციისაკენ სვლას ალტერნატივა არ აქვს!
საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს.
ბანკის შეუფერხებელი, უწყვეტ რეჟიმში მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობაში. არსებული სახსრების განკარგვა, ტრანზაქციების განხორციელება, ფულის განაღდება და სხვა საბანკო სერვისები მომხმარებლებისათვის კრიტიკულ დატვირთვას ატარებს.
როგორც საავადმყოფოს ან სხვა აუცილებელი ფუნქციის მქონე სამსახურების გაჩერებამ – ისევე ბანკის მომსახურების შეფერხებამ, შესაძლოა, საარსებო პრობლემა შეუქმნას უამრავ ადამიანს”,- აღნიშნავენ “საქართველოს ბანკში”.